ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სათადარიგო საყვარელი

№1

ავტორი: ნია დვალი 20:00 13.01, 2023 წელი

სათადარიგო საყვარელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-52 (1148)

- „მყავს ქმარი და ორი შვილი, მაგრამ ქმარი არ მიყვარს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?“ - მენტორმა სათვალის ზემოდან გადახედა აუდიტორიას და რიტორიკულად იკითხა: როგორ უნდა მოიქცეს?

ერთ-ერთმა დამსწრე ქალმა მაშინვე თქვა: როგორ და ჩვეულებრივად. აუცილებელია, ქმარი გიყვარდეს?

მენტორმა დააზუსტა: რატომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს?

- შვილების გამო... ოჯახის გამო, - იმავე ქალმა ეს სიტყვები საკმაოდ გაუბედავად, მაგრამ დარწმუნებით თქვა და ირგვლივ მიმოიხედა. თითქოს დანარჩენების მხარდაჭერას ელისო და მართლაც უმეტესობამ თავი დააქნია.

- ჰოდა, უკვე გაეცით კითხვას პასუხი: რადგან ასეთია თქვენი არჩევანი, იცხოვრეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა, - თქვა სცენაზე მჯდომმა მამაკაცმა და მორიგი ფურცელი აიღო ხელში:

- „ვხვდები ცოლიან მამაკაცს, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ცოლი არ შორდება, აშანტაჟებს, რომ თავს მოიკლავს, თუ მიატოვებს. რა გამოსავალს ხედავთ?“ - მენტორმა დარბაზს გადახედა და კითხვა გაუმეორა:

- რა გამოსავალს ხედავთ?

დარბაზი ამჯერად ჩუმად იჯდა: ხმას არავინ იღებდა. მენტორი კვლავ სათვალის ზემოდან ათვალიერებდა აუდიტორიას. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ლაპარაკი თავად დაიწყო:

- საზიზღარი ცოლი, თურმე არ შორდება ასეთ ბუნჩულა კაცს, - ამ სიტყვების გაგონებაზე აუდიტორია რაღაცნაირად ერთიანად შეიშმუშნა, მენტორს ვითომ არც შეუმჩნევია, ისე განაგრძო, თითქოს მის წინ ამ შეკითხვის ავტორი იდგა და მას ელაპარაკებოდა:

- თქვენ ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ მას ჰყავს ცოლი, შენგან იღებს სექსუალურსა და ქალურ ენერგიას, რომელსაც ცოლი ვერ აძლევს და ისევ ცოლს უბრუნდება. იცოდით, რომ საყვარელი სინამდვილეში ოჯახის შენარჩუნებას უწყობს ხელს?!

ამ სიტყვების გაგონებაზე აუდიტორიას თითქოს ბუზების გუნდმა გადაუბზუილა, ისეთი ექო გამოიცა. მენტორმა სათვალე მოიხსნა და გააგრძელა:

- როდის ჩნდება მესამე? როდესაც ორის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები. თუ ეს ცოლისგან მოდის, ქმარი იჩენს საყვარელს და, აქედან გამომდინარე, საყვარლისგან იღებს დაკლებულ ენერგიას, რასაც ახმარს თავის ოჯახს. ასე რომ, გაიხსენეთ ეს, როდესაც ცოლიან საყვარელს გაიჩენთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაოჯახებულ მამაკაცთან ურთიერთობით იბინძურებთ კარმას, - თამუნას მოეჩვენა, რომ მენტორმა თვალი თვალში გაუყარა და ამიტომ ოდნავ შეიშმუშნა. არ მოეწონა თავისი ეს უხერხულობა და უნებლიეთ ხმამაღლა თქვა:

- ხომ შეიძლება, ადამიანებს მართლაც შეუყვარდეთ ერთმანეთი?

- შეიძლება, როგორ არ შეიძლება?! - მშვიდად უპასუხა მენტორმა: თუ თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ თქვენთან წევს და თავის ცოლთან - არა, შეგიძლიათ, დაიჯეროთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ არც ერთი სრულფასოვანი და რეალიზებული ქალი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, არ გახდება ცოლიანი კაცის საყვარელი, იმიტომ რომ შეუძლებელია, ასეთი ქალი, ანუ სრულფასოვანი, რეალიზებული და თავის თავზე შეყვარებული დათანხმდეს მეორეხარისხოვან როლს.

თამუნა ისე გაბრაზდა, რომ სახეზე სიწითლემ გადაურბინა. მენტორმა კი, მართლაც, მენტორული ტონით განაგრძო:

- თუ აქ ვინმე იმ მოლოდინით მოვიდა, რომ მე თავზე ხელს გადავუსვამ და ვეტყვი იმას, რის მოსმენაც უნდა, მაგალითად, რა თქმა უნდა, ცოლი საზიზღარია, შენ ანგელოზი ხარ, იმ კაცს, მეორე ანგელოზს, უყვარხარ და კვდება უშენოდ, მაგრამ რა ქნას, ეშინია, ცოლმა რამე არ აუტეხოს თავის თავს და შვილი არ დაუობლდეს, არ უნდა მოსულიყავით აქ. მე ამის თქმას არ ვაპირებ.

თამუნამ ლიკას გულში შეუკურთხა და გადაწყვიტა, დემონსტრაციულად დაეტოვებინა დარბაზი, თუმცა გადაიფიქრა, ვინაიდან შეიძლება, ნაცნობი თუ არა, ნაცნობის ნაცნობი მჯდარიყო დარბაზში სადმე და რამე ეეჭვა, ამიტომ თავის ადგილზე დარჩა.

თუმცა მენტორის სიტყვებმა გულში ეჭვი გაუღვიძეს, რომელიც თამუნას მიყუჩებული ჰყავდა, მაგრამ ახლა ისე გამოცოცხლდა, თითქოს მეორე სიცოცხლე შთაებერაო და საცაა თამუნას მთელ არსებას მოიცავდა:

- იქნებ სიმართლე მითხრა იმ ქალმა და მართლაც ფეხმძიმედაა? - ამის გაფიქრებაზეც კი თამუნას სისხლმა აასხა ტვინში, იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მაგრამ მალევე დაწყნარდა: სისულელეა, სრული სისულელე, - და დათოს ნაჩუქარი საყურეები მოისინჯა ორივე ყურზე.

მენტორი კი განაგრძობდა.

- დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ საკითხზე, როგორ უნდა გამოვიცნოთ ნამდვილი მამაკაცი და რადგან პირველი შეხვედრაა და პასიურობთ, დავიწყებ შეკითხვებით, -ამოიღო ფურცლების დასტა და თამუნამ ისევ გაიფიქრა გულში:

- ვინღა წერს ახლა ფურცლებზე? - ბუნებრივია, თამუნას ეს ცინიკური რეპლიკა მენტორს არ გაუგონია და გულმშვიდად განაგრძო შეკითხვებში ქექვა. შემდეგ დააწყო და პირველივე, რაც ხელში მოხვდა, წაიკითხა:

- „ქმარი უცხო ადამიანი გახდა. რა ვქნა?“ - დარბაზს გადახედა და განაგრძო: უცხო გახდა, ანუ ვეღარ ცნობთ?! - დარბაზში სიცილი გაისმა, მენტორმა კი განაგრძო:

- უბრალოდ თქვენი ურთიერთობა დაინგრა, ააწყვეთ თავიდან... გოგოებო, ხანდახან ჩვენ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ ურთიერთობა დამთავრდა და ამას ვამართლებთ რაღაც ეზოთერული ფრაზებით, გავუცხოვდით, განსაკუთრებით, ქალებს უყვართ ასეთი სიტყვები. იქნებ პირიქითაა?! იმდენად დაუახლოვდით ერთმანეთს, რომ მიხვდით, ასეთთან ურთიერთობა აღარ გინდათ?!

დარბაზის რეაქციას არ დალოდებია, ისე ამოიღო შემდეგი წერილი:

- „როგორ უნდა მივიღოთ სწორად ხელის თხოვნის შემოთავაზება?“ როგორ და ჭრელად, - დარბაზმა უფრო თამამად გაიცინა.

- თუ გინდათ, რომ გაყვეთ ცოლად, გაყევით, თუ არ გინდათ, არ გაყვეთ. მარტივია. აი, შემდეგი წერილიც: „უნდა შევხვდე თუ არა კაცს, რომელიც ცოლს გაშორდა ერთი თვის წინათ და სულიერი განვითარებითაა დაკავებული ბოლო ოთხი წელია?“ - მენტორმა სათვალე მოიხსნა:

- როგორც ჩანს, სულიერი პრაქტიკა ვერ დაეხმარა, შეენარჩუნებინა ოჯახი, მაგრამ ეს იგივეა, იკითხოთ, უნდა გავყვე თუ არა ცოლად კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს ერთი თვის წინათ გაეყარა და სპორტსმენია?! ჯერ თავის ცოლთან გაარკვიოს ურთიერთობა და დაასრულოს ან გააგრძელოს. შეამჩნევდით, რომ დაშორება დიდად სასიხარული მოვლენა არაა. ეს დიდი ტრაგედიაა როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის. რა ემართება ასეთ დროს მამაკაცს? ზის და ფიქრობს, ახლავე, სასწრაფოდ უნდა შევქმნა ოჯახი და გავაუმჯობესო დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში?! არა, მას არ სჭირდება ახალი ურთიერთობა, მით უმეტეს, ახალი ოჯახი, მას სჭირდება დაწყნარება, სექსი და იმის დამტკიცება, რომ მაგარია, უბრალოდ მისი ქათამი ცოლი ამას ვერ მიხვდა. თუ თქვენთვის მისაღებია, გახდეთ მისი დამამშვიდებელი, შესთავაზოთ სექსი და განუმტკიცოთ თვითშეფასება, შეხვდით... მოკლედ, არ იჩქაროთ...

მენტორმა მორიგი წერილი ამოიღო:

- „მაქვს პრობლემა: ნახევარი წელია, ვერ დავასრულე დამანგრეველი ურთიერთობა ქმართან. თუმცა გავეყარეთ. ისე გავბრაზდი, რომ ახალი ურთიერთობა წამოვიწყე. იმდენად ღრმად შევტოპე, რომ უკვე ვაკოცეთ ერთმანეთს. ახლა არ ვიცი, რა გავაკეთო.“ ძვირფასო, თუ ვიღაცას აკოცე, ეს ურთიერთობას არ ნიშნავს, უბრალოდ აღარ გაიმეორო.

მენტორმა ამოიოხრასავით და მორიგი წერილი წიკითხა:

- „მასწავლეთ. მოვიქცე მამაკაცივით და აღარ ვიფიქრო ადამიანზე, რომელთანაც ურთიერთობა გავწყვიტე.“ საინტერესო კითხვაა, მაგრამ ვერაფრით იფიქრებ, ჩემო კარგო, როგორც მამაკაცი და ვერც მოიქცევი, როგორც მამაკაცი. ეს ორი სხვადასხვა არსებაა და ისინი სხვადასხვანაირად აღიქვამენ და განიცდიან. უბრალოდ განიცადეთ, გამოიგლოვეთ, გადაამუშავეთ თქვენი ტკივილი, ამაზე ილაპარაკეთ მეგობრებთან, თუნდაც, უცნობებთან, ნაცნობებთან, ამოყარეთ თქვენი განცდები. ქალისთვის მნიშნელოვანია, ამოთქვას, რაც აწუხებს, რომ გათავისუფლდეს. საერთოდ, ქალების დაავადებების უმეტესობა სწორედ არამოთქმული ემოციების შედეგია. იტირეთ, იყვირეთ, დაიცლებით და ყველაფერი გაივლის...

თამუნა ხვდებოდა, რომ საჭირო ადგილას მოხვდა და, ერთი შეხედვით, ზედაპირული მსჯელობის უკან მართლაც სერიოზულ პრობლემებს ეხებოდა ეს მელოტი კაცი, მაგრამ ახლა ამის მოსმენა არ უნდოდა. ამიტომ გადაწყვიტა, ერთი სიტყვაც აღარ შეეშვა ყურებში. არ გამოუვიდა, ამიტომ შეუმჩნევლად გაიკეთა ყურში თავისი უკაბელო ყურსასმენები და მუსიკა ჩართო.

აპლოდისმენტებით, უფრო ზუსტად, ხელის მოძრაობები, რაც ტაშს გამოხატავს, მიხვდა, რომ შეხვედრა დამთავრდა, ამიტომ სწრაფად ადგა და დარბაზიდან გავიდა. ისე ჩაეფლო საკუთარ ეჭვიან ფიქრებში, რომ დათო დაავიწყდა. დიახ, უცნაური იყო, საკუთრივ დათო დაავიწყდა, თუმცა არა მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა.

ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და დახედა: დათოს არ დაერეკა. თამუნას გაუკვირდა და თავად აკრიფა დათოს ნომერი. თითქოს დაკავება იყო. კიდევ აკრიფა - იგივე განმეორდა.

- ჩემი ნომერი დაბლოკა? - გაეფიქრა უნებურად

- არა, გამორიცხულია, - დააჯერა თავი და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

მანქანაში ჩაჯდა და ღუმელი ჩართო, რატომღაც, შესცივდა. ისევ ამოიღო ტელეფონი. ისევ თითქოს დაკავება იყო. ფიქრს გაელვებაც არ აცალა, რომ ნომერი დაფარა და ისე აკრიფა ნომერი: ზუმერი გავიდა, მაგრამ დათომ ტელეფონს არ უპასუხა.

- მიხვდა, რომ მე ვარ, - თამუნას უსიამოვნო ფიქრები შემოაწვა. ლიკაზე ბრაზდებოდა, მაგრამ თავის ბრაზს მოერია, ვინაიდან იცოდა, რომ ლიკა ამ ამბავში უბრალო იყო. სხვა რა გზა ჰქონდა, სახლში წავიდა.

მოუსვენრად ეძინა. დათოსთან პერიოდულად რეკავდა, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ძილის წამალი დალია და გამთენიისას ჩაეძინა.

დილით მაღვიძარამ გააღვიძა, თავი უბჟუოდა:

- დასაძინებლის ბრალია. ხომ ვიცი, რომ მწყენს, რატომ ვსვამ? ახლა თვალის უპეები მექნება ჩაშავებული, - თამუნა ბუზღუნ-ბუზღუნით ადგა ლოგინიდან და სააბაზანოში წავიდა, იქნებ შხაპმა გამომაფხიზლოსო.

წყალმა თავისი გაიტანა და თამუნამ მართლაც უკეთ იგრძნო თავი, თუმცა გუშინდელი დღის გახსენება ამძიმებდა.

- მოდი, სამსახურში არ წავალ და ტელეფონსაც გამოვრთავ. თვითონ ინერვიულოს და არკვიოს, სად ვარ, - მხიარულად უთხრა საკუთარ თავს, მაგრამ მიხვდა, რომ ამ გეგმის სისრულეში მოყვანას ვერ შეძლებდა. ცნობისმოყვარეობისა და შეურაცხყოფის გრძნობამ ერთიანად მოიცვა და შინაგანმა კანკალმა აიტანა. ასე დაუცველად თავი არასდროს უგრძვნია. ყოველთვის ეგონა, რომ საკმარისი ძალა ჰქონდა და სტაბილური ადამიანი იყო, ვინც მყარად დგას მიწაზე, მაგრამ ახლა თითქოს საყრდენი გამოეცალა:

- ასე ვარ დამოკიდებული სხვა ადამიანზე? - ჰკითხა თავის თავს: არა, გამორიცხულია, უბრალოდ მეწყინა და ეს ნორმალურია, მეც ხომ ადამიანი ვარ?! ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ?!

თამუნა მიხვდა, რომ წუხანდელმა შეხვედრამ მასზე იმოქმედა და ამოისუნთქასავით, თუმცა რატომ, ვერ მიხვდა. ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ დათოსთვის არ დაერეკა და ეს თავის თავზე გამარჯვებად მიაჩნდა.

თავის ოთახში შევიდა თუ არა, მისმა შიდა ტელეფონმაც დარეკა. კადრებიდან ურეკავდნენ: ქალბატონო თამუნა, თქვენს განცხადებაზე ბატონმა დავითმა ხელი მოაწერა, თუ შეიძლება, შემობრძანდით.

თამუნა ვერ მიხვდა, რა განცხადებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არაფერი უთქვამს. ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

ქალბატონი ლამარა თამუნაზე 20-25 წლით უფროსი იქნებოდა ასაკით, მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე, როგორც კი თამუნა შევიდა. თამუნას არ გაკვირვებია, იმიტომ რომ იცოდა, ფასდაუდებელი კადრი იყო.

- გისმენთ, ქალბატონო ლამარა, - გაუღიმა თანამშრომელს.

- ბატონმა დავითმა თქვა, რომ დიდი დანაკლისია ჩვენთვის თქვენი წასვლა, მაგრამ, რადგან ასე ისურვა, ხელს არ შევუშლითო. თქვენი განცხადება აქ არის, ხელი უნდა მოაწეროთ და ბატონმა დავითმა გასცა განკარგულება, რომ პრემიის სახით ერთი წლის ხელფასს გადაგიხდით კომპანია გაწეული სამუშაოსთვის და არც ჩვენი შიდა განკარგულებით გათვალისწინებული ერთი თვით მოგიწევთ დარჩენა. ახლავე შეგიძლიათ, შეუდგეთ თქვენს ახალ საქმიანობას.

თამუნამ იგრძნო, რომ ქალბატონმა ლამარამ ყველაფერი იცოდა და ისიც, რომ არანაირი განცხადება არ არსებობდა, მთელი თავისი ძალისხმევა იქითკენ მიმართა, რომ ცრემლები შეეკავებინა, ამიტომ კრინტიც არ დაუძრავს, იმიტომ რომ ხმა აუცილებლად გასცემდა მის შინაგან მდგომარეობას.

ვითომ თავისი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ აიღო და ხელი მოაწერა. ამასობაში დაწყნარდა კიდეც და გამოთქმით თქვა:

- ბატონ დავითს დიდი მადლობა გადაეცით და არანაირი პრემია არ მჭირდება. კომპანიას უჭირს და მოახმაროს. ნახვამდის, - მკვეთრად მიტრიალდა და გამოვიდა.

გული ისე უცემდა. მისი ხმა გამაყრუებლად ესმოდა. ოთახში შევიდა და თვალი მოავლო. თავისი ნივთების შეგროვების თავი არ ჰქონდა. სარკე ამოიღო, მაკიაჟი შეისწორა. მანტო მოისხა და კარი გამოიკეტა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი