ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელია ის ოთხი „ჯადოსნური ნივთი“, საოცნებო სამსახურის კარს რომ გაგიღებთ და რის საშუალებით უნდა მიაწვდინოთ სამყაროს ხმა სასურველი კარიერისთვის მზადყოფნის შესახებ

№44

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 12.11, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

მომავალი, კარიერა, წარმატება - შეუძლებელია, ვინმეს ამაზე არ ეოცნებოს და მისთვის იდეალურ სამსახურზე ფიქრისას, მთელი იმედები მასზე არ დაემყარებინოს, რომელსაც მომავალი ცხოვრების მოწყობას დააშენებდა ზედ. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს ეს ოცნება აუხდენელი რჩება. მართალია, კარგი სამსახურისთვის, ანუ რაზეც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებობთ, შესაბამისი ცოდნა და კომპეტენციაა საჭირო, მაგრამ მარტო არც ეს კმარა. იღბალიც უნდა გქონდესო, ალბათ შემახსენებთ, ჰოდა, სწორედ ამ იღბლისა და გამართლებისთვის ხალხური გამოცდილება დამატებით ხერხებსაც გვასწავლის... და ეს, არც მეტი არც ნაკლები, 4 ნივთია, რომელიც სახლში უნდა იქონიოთ, თუ გინდათ, რომ თქვენს საოცნებო სამსახურში მოეწყოთ. თუ რა ნივთებია ეს და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ სათანადოდ გამოგვადგეს იდეალური სამსახურის მოძიების რთულ გზაზე, გვესაუბრება ეზოტერიკოსი, მანანა გ.

- სამსახურის მოძიება, ნამდვილად არ არის ადვილი პროცესი. თუ გინდათ, რომ უბრალოდ კი არ მოძებნოთ შესაფერისი ადგილი, არამედ მუშაობაც დაიწყოთ საოცნებო სამსახურში, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუმცა პროფესიონალიზმისა და მაღალი კონკურენტუნარიანობის გარდა, თქვენი დახმარება ზოგიერთ ნივთსაც შეუძლია, რომელიც სანუკვარი ოცნების ახდენას უფრო დააჩქარებს და ასეთია ოთხი ნივთი, რომლებიც ხალხური მინიშნებების მიხედვით, აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში.

- რომელია ეს ჯადოსნური ნივთები, ასეთი დახმარების გაწევა რომ შეუძლია?

- თქვენ წარმოიდგინეთ და ჯადოსნური არც ერთი არ არის. თითოეულის შეძენა თუ მოპოვება ყველასთვის ხელმისაწვდომია. დავიწყებ ახალი წყვილი ფეხსაცმლით, რისთვისაც, უპირველესად, რა თქმა უნდა, მაღაზიაში უნდა წახვიდეთ და ისეთი ფეხსაცმელი შეარჩიოთ, რომლითაც ახალ სამსახურში ისურვებდით წასვლას. შეარჩიეთ, იყიდეთ, მაგრამ არ უნდა ჩაიცვათ. სახლის შესასვლელ კართან ახლოს დააწყვეთ. ამ ქმედებით სამყაროს აწვდით ხმას, რომ უკვე მზად ხართ, მუშაობას სწორედ იმ სამსახურში შეუდგეთ, რაზედაც ამდენ ხანს ოცნებობდით და ახლა მხოლოდ შეთავაზებას ელოდებით. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ახალი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვა, არამედ ზუსტად იმ მოდელის შერჩევა, რომელიც ასე „ჩაგივარდათ გულში“. გულდასმით დაათვალიერეთ ფეხსაცმელი, წარმოიდგინეთ, რომ ის გაცვიათ და ყოველ დილით ასე გამოწყობილი გამოდიხართ სახლიდან - თან შეეცადეთ, რამდენიმე წამით დაყოვნდეთ ამ ტკბილ მომენტზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა სასურველი მოდელი უკვე შეიძინეთ: ახალი ფეხსაცმელი მიიტანეთ სახლში, ამოიღეთ კოლოფიდან, შემოსასვლელში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დააწყვეთ და ყოველთვის, როცა კი მას შეხედავთ, იფიქრეთ, რომ მალე ჩაიცვამთ. შემდეგია ერთ-ერთი მცენარე, რომელსაც ბევრ ოჯახში ბარაქას უკავშირებენ...

- ფულის ხე?..

- დიახ, ასეთი სტატუსი აქვს ამ მცენარეს და მოფერებით „ბუთქუნადაც“ მოიხსენიებენ, მისი მართლაც ბუთქუნა ფოთლების გამო. როგორც მოგეხსენებათ, სახელი ოთახის ამ მცენარეს სწორედ იმან გაუთქვა, რომ, როგორც ფართოდაა გავრცელებული, სახლში ფულს იზიდავსო. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ეს საყვარელი „ბუთქუნა“ მხოლოდ ფინანსების კი არა, მისი გამომუშავების წყაროცაა. გაახარეთ სახლში ეს მცენარე და კარგად მოუარეთ. და რაც მთავარია, ქოთანი მისთვის არც ნათესავებს და არც მეგობრებს არ გამოართვათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოვა, რომ თქვენ ისინი გაძარცვეთ, რაც სიკეთეს ნამდვილად არ მოგიტანთ. არც ის შეიძლება, „ფულის ხე“ ნაცნობებს სთხოვოთ და მათგან დროებით იმ პირობით წამოიღოთ, რომ მერე, როცა სურვილი შეგისრულდებათ, ისევ უკან დაუბრუნებთ. თავად ჩარგეთ ყლორტი და გაახარეთ საკუთარი ხე - ყოველ ჯერზე კი, როცა მას მორწყავთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნების მარცვალს აღვივებთ. აქედან ძალიან მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, სასურველ სამსახურში მოხვდეთ. რაც შეეხება მესამე „ჯადოსნურ ატრიბუტს“, ისევ პირად გარდერობს უნდა დავუბრუნდეთ...

- ფეხსაცმელს შესაბამისი ტანსაცმელიც მოუხდება - გამოვიცანი?

- დიახ, ოღონდ ეს ახალი კოსტიუმი თქვენი „სასცენო აღჭურვილობა“ ანუ სამოსის ისეთი კომბინაცია უნდა იყოს, როგორიც სწორედ საოცნებო სამსახურს შეეფერება - საქმიანიც, ელეგანტურიც და გემოვნებით შერჩეულიც. ანუ, შეიძინეთ კოსტიუმი იმ მიზნით, რომ ახალ სამსახურში ჩაიცვამთ. ამ მინიშნების ამოქმედების ხერხი ანალოგიურია პირველისა, რომელიც ახალ ფეხსაცმელს უკავშირდებოდა. მთელი გულითა და სულით მიუდექით ახალი კოსტიუმის შერჩევის პროცესს. წარმოიდგინეთ, რა დიდებულად გამოიყურებით ამ სამოსში, როცა დამსაქმებელი სამუშაო გუნდის წინაშე წარგადგენთ. აუცილებლად გაითავისეთ ეს მდგომარეობა და მომენტი რამდენიმე წამით დააფიქსირეთ. რა თქმა უნდა, არც ეს ახალი ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვათ და დაკიდეთ ისეთ ადგილას, ხშირად რომ მოგხვდეთ თვალში. ყოველ ჯერზე, როცა კი საკიდზე ამ ახალთახალ კოსტიუმს მოჰკრავთ თვალს, წარმოიდგინეთ, რომ მასში გამოწყობილი შედიხართ საყვარელ ოფისში. იმის შეგრძნება, რომ თითქოს სურვილი უკვე შეგისრულდათ, თქვენი მიზნის რეალიზებას დააჩქარებს... და მართლაც, ძალიან მალე თქვენ ჩაიცვამთ ახლა კოსტიუმს დანიშნულებისამებრ.

და ბოლო კომპონენტი: დარიჩინის ჩხირები. დარიჩინი არა მხოლოდ ნამცხვარს სძენს მიმზიდველ არომატს, არამედ ამულეტის რანგშიც იყენებენ ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად. ეს სანელებელი ძლიერ ენერგიას ფლობს, ამიტომ ძველად მას „ფულის სუნელსაც“ კი უწოდებდნენ. დაალაგეთ გამოსაჩენ ადგილას დარიჩინის ჩხირები და ყოველდღიურად, როცა კი მას თვალს მოჰკრავთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნება ახდა. დარიჩინი თქვენს ცხოვრებაში იღბალს მოიზიდავს და ახალ შესაძლებლობებსაც დაგანახვებთ იმისთვის, რომ მარტივად და სწრაფად მიაღწიოთ მიზანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი