რომელი ხეა სასარგებლო სიახლეების, ცოდნისა და ცვლილების მოყვარულთათვის და როგორ გარემოს ქმნის შემოქმედთათვის იფნის იატაკი და ავეჯი ბინაში
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.11, 2023 წელი
ხეების მაგიურ ძალაზე ალბათ, გსმენიათ, თუმცა, რომელია მათგან ყველაზე გამორჩეული და რა გავლენას ახდენს ადამიანზე, ბევრს ნამდვილად არ ეცოდინება. ამჯერად გაგაცნობთ ყველაზე მთავარ რამდენიმე ხეს და გაიგებთ, რომელია მათგან ყველაზე ძლიერი, მამაკაცური ძალისაა თუ ქალურის, როგორ აღწევს ადამიანის ცნობიერებაში და ამით რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა თუ მთელ მის ცხოვრებაზე. ამ ყველაფერს აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი მურმან ლ.
- დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მაგიური ძალით გამორჩეულ მთავარ ხეებზე და აუცილებლად დავიწყებთ მუხით. ის მამაკაცური ძალის, ძლიერი, პირდაპირი, მეფური, დიდებული და მბრძანებელი მცენარეა. ნელა, თანდათანობით აღწევს ჩვენს ცნობიერებაში და იქ დიდხანსაც რჩება. მუხა განსაკუთრებით სწყალობს პატივმოყვარე და ამბიციურ ადამიანებს, „ზეცისკენ რომ ისწრაფვიან“, ასევე, მეომრებსა და ხელმძღვანელ პირებს. მუხის მასალის ოფისი ან მაგიდა ნებისმიერი შეფის თვითშეფასებას ამაღლებს. მუხის იატაკი და კარადები კი, სახლში სიმყარისა და სტაბილურობის ატმოსფეროს ქმნის, ხოლო საწოლი შესანიშნავია ჯანსაღი ძილისთვის და გარანტიაა მყარი ქორწინებისა. თუმცა სუსტი, არცთუ ჯანმრთელი ან ნერვიული და მგრძნობიარე ადამიანებისთვის მუხნარში გასეირნება ან მუხის ავეჯის გარემოცვაში ყოფნა, საკმაოდ რთულია. ხის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ სუსტი ორგანიზმი ვერ უძლებს, მას სტკივდება თავი, განიცდის სისუსტეს, არტერიული წნევის მატებას. სხვებისგან განსხვავებით, მუხა აქტიურია ზამთარშიც. ყველაზე ძლიერი კი საღამოს 21-იდან 23 საათამდეა. სცადეთ, საღამოს, დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში ისეირნეთ მუხნარში და ორ კვირაში შენიშნავთ, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა.
- ქალური ენერგიის ხე რომელია და რა გავლენას ახდენს ჩვენზე?
- ცაცხვი დედა ხეა: კურნავს დაავადებებს, ამშვიდებს, შემწყნარებელი და გამაერთიანებელია, აგვარებს წინააღმდეგობებს. მისი ენერგია პასიურია - ამშვიდებს, ადუნებს, ათავისუფლებს ბრაზისა და სიძულვილისგან, ხსნის ფიზიკურ და ინტელექტუალურ დაღლილობას. ცაცხვისგან დამზადებულ ნაკეთობებში მისი ენერგიის მცირე ნაწილი რჩება, თუმცა ყვავილსა და თაფლში ის მთლიანადაა დაცული. კარგია ზაფხულის სიცხეში, სამუშაო დღის შემდეგ, ჩაის ცაცხვის ქვეშ მიირთვათ ან შაბათ-კვირა მთელ ოჯახთან ერთად მის ჩრდილქვეშ დაისვენოთ. ცაცხვთან მჭიდრო კონტაქტი წაგადგებათ, თუ კეთილდღეობის, მოსიყვარულე ქმრის, დამჯერე შვილების ძიებაში ხართ, გსურთ ჯანმრთელობა თქვენი და თქვენი ახლობლებისთვის და მეტი სექსუალურობა სიყვარულში. ცაცხვი განსაკუთრებით აქტიურია ცხელ სეზონზე, ნაშუადღევს, ზაფხულის ყვავილობის პერიოდში. ცაცხვის ხეივანი იდეალურია შეყვარებულ წყვილთა სასეირნოდ.
- გამიგია, რომ იფანს ღვთაებრივ ძალას მიაწერენ...
- დიახ, ის მართლაც ღვთაებრივ ძალას ფლობს. ძველი სკანდინავიელების და გერმანელებისთვის გიგანტური იფანი სამყაროს ცენტრი იყო. იფანი სუფთა, კაშკაშა, მსუბუქ ენერგიას გამოსცემს, რომელსაც სწრაფად, ხარბად ვითვისებთ და დიდხანს ნარჩუნდება. ის ამძაფრებს მაგიურ შესაძლებლობებს, ინტელექტსა და ინტუიციას. იფნის იატაკი ბინაში და ავეჯი - მისაღებ ოთახში საუკეთესო გარემოა შემოქმედთათვის მაღალ მატერიებზე სასაუბროდ. ღია ფერის იფნის საწერი მაგიდა კი, ხელს უწყობს ნიჭიერ ბავშვებს. თუმცა ეს ხე სასარგებლოა მხოლოდ მათთვის, ვინც მზადაა სიახლეებისთვის და ცოდნასა და ცვლილებებს ესწრაფვის. ზარმაც და სიმშვიდისკენ მიდრეკილებაში კი, მისმა მძლავრმა ბიძგებმა, წინსვლისა და აღმასვლის ნაცვლად, შეიძლება მხოლოდ გულის აჩქარება, შფოთვა და მღელვარება გამოიწვიოს. იფანი თავის ჯადოსნურ ენერგიას ყველაზე ძლიერად გაზაფხულისა და ზაფხულის ღამეებში, სავსემთვარეობისას ასხივებს... თუ საშუალება არ გაქვთ, ზაფხულის მთვარიან ღამეს მთელი სხეულით მიეკრათ ხის ტანს, შეგიძლიათ, ფანჯრიდან შემომავალ სავსე მთვარის შუქზე დაწვეთ იფნის პარკეტზე: თქვენი ინტუიციაც გამძაფრდება, სიცოცხლისუნარიანობაც მოიმატებს და არც გზის არჩევანში შეცდებით. რაც შეეხება ნეკერჩხალს, აგრესიულია და თანაც, კეთილშობილი. მფარველი და ნათელი ძალების მეომარი. მართალია, მამაკაცური ენერგიისაა, მაგრამ სიამოვნებით უჭერს მხარს ქალებს. აძლიერებს გამარჯვების სურვილს. მისი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ პარმაღის, სახლში შესასვლელი ზღურბლის, თუ კარ-ფანჯრების ჩარჩოებისა და რაფების დასამზადებლად. ანდა, უბრალოდ, ხის პატარა ნაჭერი ზღურბლის სიახლოვესა და ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ - სახლში შემსვლელის ყველა ბოროტი განზრახვა და წყევლა განეიტრალდება. ნეკერჩხალი მშვენიერი ენერგოდონორია. ის აქტიურია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მეტად - პირველი ფოთლების გამოჩენისას. პარკში ჭარმაგი ნეკერჩხლის ქვეშ, ნახევარსაათიანი დასვენება იგივეა, რაც გულახდილი საუბარი ძველ, ერთგულ მეგობართან; გახდებით უფრო თავდაჯერებული და მიზანსწრაფული. ნეკერჩხლის რტო შესანიშნავი ამულეტია ტოპ-მენეჯერისა და ყველა მერყევი ბუნების ადამიანისთვის. დაბოლოს, ფიჭვი, რომლის ენერგია ადამიანს ათავისუფლებს დანაშაულის გრძნობისგან, უმაღლებს თვითშეფასებას და შთაგონებით ავსებს. ფიჭვის მასალა ხშირად გამოიყენება იატაკისთვის, მაგრამ იმდენად „ამაღლებულია“, რომ სახლის მყარ საფუძვლად არ გამოდგება; ის ხომალდის ანძაა, მაგრამ არა ოჯახური ურთიერთობების საფუძველი. ფიჭვის მასალა გამოიყენება მსუბუქი კიბის, ფანჯრებისა და კარის დასამზადებლად - ყველაფერ იმისთვის, რასაც ზევით ავყავართ ან ახალ სივრცეებს გვიხსნის. ის უფრო შესაფერისია მხატვრის სახელოსნოსა და ბავშვის საძინებლისთვის. ფიჭვნარში მზის ჩასვლამდე ისეირნეთ. ტყეში ფიჭვები განსაკუთრებით ძლიერდება 18:00-იდან 22:00 საათამდე. გორაკზე კი ფიჭვის ენერგია დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, მზიან ამინდშია აქტიური. მაგრამ, თუ სიზმარში ნახავთ ხეს: ნაყოფიერი ხე - ფულია, ოღონდ, არა შემთხვევითი, გამომუშავებული; თუ დიდმა ხემ აღგაფრთოვანათ, ცვლილებების დროა; გამხმარი ან დაავადებული ხის ნახვა ნიშნავს, რომ გამუდმებით ერთი და იმავე უბედურებას გაურბიხართ, ან თქვენი ამჟამინდელი ქცევა წარსულში, დიდი ხნის წინანდელ პრობლემას უკავშირდება. რაც შეეხება აქსესუარებს, ხის გულსაკიდი ან სამაჯური არა სიღარიბის, არამედ სამომავლო ცვლილებებისა და მისთვის მომზადების სიმბოლოა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან