როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 10.03

ზამთარი გაილია და გაზაფხული დადგა. თუ ბოლო ათწლეულებს გადავხედავთ, სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით, ნათელი გახდება, რომ წელიწადის ეს დრო, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ დაძაბული და რთულად გასავლელია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლევანდელი მარტის თვე ცვლილებებით იქნება დატვირთული და არაერთ ადამიანს მიეცემა შანსი, ეს ცვლილებები საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს. მთავარია, სწორად დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და დააკვირდეთ ახალმთავრეობისა და სავსემთავრეობის პერიოდებს. ხოლო, თუ როგორ დაგეგმოთ გაზაფხულის პირველი თვე, რათა ის მშვიდად და ნაყოფიერად განვლოთ და მარტში არსებულ ნეგატიურ პერიოდებს პრობლემებისა და წინაღობების გარეშე აუაროთ გვერდი, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ინტერვიუში გესაუბრებათ.
–ბატონო მიხეილ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ამ დროისთვის არსებული პლანეტების განლაგება და ვარსკვლავები, როგორი იქნება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გაზაფხულის პირველი თვე, რას უნდა ველოდოთ და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მარტის თვეში?
– მარტის თვეში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს – მზის დაბნელება. მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29 რიცხვამდე, დედამიწა იქნება ჰარმონიული და დადებითი კოსმიური ვიბრაციების ზონაში. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე. პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილებების სურვილს.
– როგორც მივხვდი, გასული წლის მარტის თვეებთან შედარებით, წელს შედარებით მშვიდი პერიოდი გველის. და, მაინც, რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, როგორ მოვიქცცეთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მომავალში ნაყოფიერი შედეგი მივიღოთ?
– ამ პერიოდში უნდა იყოთ აქტიური და შრომისუნარიანი, არ დახარჯოთ დრო უქმად. ეცადეთ ბევრის გაკეთება მოასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეაფერხებს და შეანელებს. 14 მარტს, მთვარის დაბნელებამდე, პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესსა და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15-დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები, უფრო ნელა განვითარდება ან, საერთოდ, გადაიდება. მარტის მესამე დეკადაში წარმატებით დასრულდება ყველა წამოწყებული საქმე, მათ შორის, სასიკეთოდ მოგვარდება სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომლებიც ჩიხში შევიდა. 27 მარტს პლანეტა ვენერა, თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს კი – უფრო მიმღებსა და თანამგრძნობს. ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებს შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში.
– განსაკუთრებით როდის შეინიშნება ყველაზე მაღალი დონე და ნაყოფიერი პერიოდი საქმიანი აქტივობის კუთხით?
– საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან – 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას.
– რას გვირჩევთ, რომ ეს ენერგიები წარმატებულად გამოვიყენოთ?
– ამ ენერგიების ძალიან წარმატებულად გამოყენება შეიძლება ახალმთავრეობამდე და 29 მარტს, მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური.
– ინტერვიუს ბოლოს, იქნებ, თვის ბოლო დღეების შეჯამებაც გაგვიკეთოთ.
– 29 მარტი, ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილი, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად, ამ პერიოდს ცეცხლსა და ძალას შემატებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან