როგორ უნდა გაათავისუფლოთ ქვებით დამზადებული სამკაული უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ის ყოველდღიურად აგროვებს
ავტორი: ნონა დათეშიძე 10:00

ძვირფას ქვას, რომელსაც სამკაულად ატარებთ, ჯანმრთელობის, ერთგულებისა და სიმდიდრის დამცველის როლის შესრულებაც შეუძლია. თუ გსურთ, ძვირფასმა ქვამ თქვენი ეს ფუნქციებიც შეითავსოს, ის ვიზუალურად უნდა მოგეწონოთ და მიგიზიდოთ.
ქვა ტემპერამენტის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ, მაგალითად: თუ ადვილად ფეთქდებით, მაშინ არ გირჩევთ, წითელი ფერის ძვირფასი ქვები ატაროთ, შესაძლოა, მან გაუაზრებელი ქმედებისკენ გიბიძგოთ. მაგრამ მისი ტარება კარგია მორცხვი ადამიანებისთვის, რათა ამ ქვამ მათ ცხოვრებაში მეტი გამბედაობა და წარმატება შემოიტანოს.
ზურმუხტისა და ფირუზის ქვების სამკაულების ტარება ნებისმიერს შეუძლია, რადგან ეს ქვები ადამიანში საუკეთესო თვისებების წარმოჩენას უწყობს ხელს. როდესაც მათ იკეთებენ, ისინი ჯერ ეგუებიან და ეჩვევიან თავის პატრონს, შემდეგ კი ცდილობენ, მისი დადებითი თვისებები წამოსწიონ წინ.
თუ გსურთ, ახლობელ ადამიანს ძვირფასი ქვის სამკაული აჩუქოთ, ამეთვისტოს გირჩევთ. მას სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, რადგან შესწევს იმის უნარი, რომ უფრო მეტად გააღვივოს რჩეულის გრძნობები თქვენ მიმართ. კარგია, თუ ის ოქროში კი არა, ვერცხლში იქნება ჩასმული და მისი პატრონი ყოველდღიურად არ ატარებს. ის, მხოლოდ დროდადრო უნდა გაიკეთოს, რადგან, ამ ქვას მისი მფლობელისგან დასვენება უყვარს.
მთის ბროლი ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციებისა და სიკეთის მომტანი ქვაა. კარგია შემოქმედი ადამიანებისთვის. მთის ბროლი აუმჯობესებს მეხსიერებას.
ხანგრძლივი ნერვიულობის, გონებრივი გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების დროს გირჩევთ, ტურმალინი ატაროთ.
ფირუზის ქვის სამკაულით კი ადვილად მიიზიდავთ თაყვანისმცემლებს. ეს ქვა აღვივებს ადამიანებს შორის ლტოლვას. ის ფინანსური შემოსავლების ზრდაშიც დაგეხმარებათ.
მალაქიტის ქვა შთანთქავს და ანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს. მისი ტარება ფიზიკური ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ონიქსის ქვის სამკაული შეიძინეთ და ატარეთ. ეს ქვა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების ადვილად მოგვარებაში.
გაითვალისწინეთ, აუცილებელია, ქვები გაათავისუფლოთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად აგროვებს. ამისთვის კვირაში ერთხელ შეუშვირეთ ქვებით მოჭედილი სამკაული გამდინარე ონკანის წყალს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან