ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა კავშირშია გემოს მაგია სეზონურ კვებასთან და როგორ უნდა შევარჩიოთ პროდუქტი ბუნებრივი ციკლების შესაბამისად

№45

ავტორი: ნანა წერეთელი 14 წუთის წინ

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცით, რომ ადამიანზე საკვებიც ახდენს მისტიკურ ზეგავლენას? - და ეს მის სეზონურობას უკავშირდება. ორგანიზმს ზამთარში გათბობა და ზაფხულში გაგრილება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ბიორიტმი ირღვევა. ეს რომ არ მოხდეს და თანმდევ უსიამოვნებებს არ გადაეყაროთ, საკვები სწორედ ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა შეარჩიოთ. ამაში კი, ჩვენი რესპონდენტი, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მირანდა კ. დაგეხმარებათ.

- დღეს არავის უკვირს ზამთარში საზამთრო და ზაფხულში მანდარინი: თანამედროვე სუპერმარკეტებმა წაშალეს სეზონებს შორის ზღვარი. თუმცა ორგანიზმი იმახსოვრებს, რომ მას ზამთარში გათბობა და ზაფხულში გაგრილება სჭირდება. სათბურის და იმპორტირებული პროდუქტები სხვა სეზონის ენერგიას ატარებს, რაც სხეულის ბიორიტმს არღვევს.

- მაშ, როგორ შევარჩიოთ საკვები ბუნებასთან ჰარმონიაში?

- ეს ბუნების მისტიკაა და სეზონები, მათი ენერგიის მიხედვით, ოთხ ნაწილად იყოფა, თითოეულის თვისებებისა და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით: ზამთარი არის ცივი, შენელებული, ხდება დაგროვება, რასაც გამათბობელი, ნოყიერი და ცხიმიანი საკვები სჭირდება; გაზაფხული - გამოღვიძება, ზრდა, გაწმენდა, შეესაბამება მსუბუქი, მწვანე, ვიტამინებით მდიდარი კვება; ზაფხული - აქტივობა, სითბო, სიუხვე, შესაბამისად, საკვებიც უნდა იყოს გამაგრილებელი, წვნიანი და ახალი; შემოდგომა - შენელება, ზამთრისთვის მომზადება, რასაც მკვრივი, ძირხვენები, ფერმენტირებული საკვები სჭირდება.

- რატომ არის ფერმენტირებული საკვები სასარგებლო?

- მთავარი მიზეზი პრობიოტიკებია – ცოცხალი „კარგი” ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში ბინადრობენ. ფერმენტირებული კი ის პროდუქტია, რომელიც მიკროორგანიზმების (ბაქტერიების, საფუარის ან სოკოების) მონაწილეობით მიმდინარე დუღილის (ფერმენტაციის) პროცესში მზადდება.

- ესე იგი, უნდა ვიკვებოთ სეზონურად, მაგალითად, რა უნდა მივირთვათ ზამთარში?

- ზამთარში ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს გათბობაზე. ამიტომ, საჭმელი უნდა გაათბოთ, რათა უზრუნველყოს ხანგრძლივი ენერგია. შესაბამისად, უნდა მიირთვათ: ხორცი, ღორის ქონი; ძირხვენები (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი); მჟავე კომბოსტო, მწნილი; ფაფები, ცხელი წვნიანი. ხოლო, უნდა მოერიდოთ: ცივ სალათებს, დიდი რაოდენობით უმ ბოსტნეულს, ყინულიან სასმელებს. ზამთარს გაზაფხული მოსდევს და ამ დროს ნაზამთრალი ორგანიზმი იწმინდება. მას სჭირდება ვიტამინები, უფრო მსუბუქი, მწვანე დიეტა. ამიტომ უნდა მიირთვათ: მწვანილი (კამა, ოხრახუში, სალათის ფურცლები); ახალგაზრდა ბოსტნეული (ბოლოკი, ისპანახი); მსუბუქი სუპები; ფერმენტირებული რძის პროდუქტები. მოერიდეთ: მძიმე, ხორციან კერძებს; ცხიმიან და შემწვარ საკვებს.

- ზაფხულში - მზე, ზღვა, მთა, დასვენება… და საკვებად რა შეესაბამება ამ ყველაფერს?

- ზაფხულში ორგანიზმი ენერგიას თავის გასაგრილებლად ხარჯავს. ამიტომ, საკვები უნდა იყოს მსუბუქი, წვნიანი და გამაგრილებელი. შესაბამისად, რაციონში უნდა შეიტანოთ: ახალი ბოსტნეული და ხილი, მწვანილი, ცივი სუპები (ოკროშკა, გასპაჩო); კენკრა და თევზი. ხოლო, უნდა მოერიდოთ: ცხიმიან ხორცს, ცხელ წვნიანს ცხელ ამინდში და მძიმე ფაფებს.

- ახლა შემოდგომაა და ყველაზე მეტად ეს ნაწილი მაინტერესებს...

- შემოდგომაზე ორგანიზმი ზამთრისთვის ემზადება და შესაბამის რესურსებს აგროვებს. ამიტომ, ამ სეზონზე აუცილებელია, თქვენს კვებით რეჟიმში იყოს ძირხვენები (გოგრა, კარტოფილი, სტაფილო), ფაფები, სოკო, ფერმენტირებული საკვები, ხორცი. რაც მთავარია, უნდა მოერიდოთ: დიდი რაოდენობით უმ ბოსტნეულს (ორგანიზმს აგრილებს) და ასევე, ზედმეტად მსუბუქ საკვებს.

- მაგრამ მისტიკა სად არის?

- მისტიკა? ამისთვის, კვებითი რეჟიმის დაცვასთან ერთად, სეზონური ცვლილების რიტუალიც უნდა შეასრულოთ. ყოველი სეზონის დაწყებამდე (ბუნიობისას, გაზაფხულსა და შემოდგომაზე - დღე და ღამის ხანგრძლივობის გათანაბრებისას და მზებუდობაზე - ზამთარის ყველაზე გრძელ ღამეს, ხოლო ზაფხულში - ყველაზე გრძელ დღეს) მიირთვით სეზონის სიმბოლური კერძი: ზამთარში - ცხელი წვნიანი; გაზაფხულზე - მწვანე სალათა; ზაფხულში - საზამთრო ან კენკრა; შემოდგომაზე კი - გოგრის ფაფა. თან წარმოთქვით: „ამ კერძით მე ვიღებ ახალი სეზონის ენერგიას“.

- დასკვნისთვის...

- ზამთარში არ მოიკლოთ თბილი, ნოყიერი საკვები. გაზაფხულსა და ბუნების გამოღვიძებას შეხვდით მსუბუქი, მწვანე, ვიტამინებით მდიდარი რაციონით; ზაფხულის მხიარულებასა და მოგზაურობა-დასვენების პერიოდში პირი ჩაიკოკლოზინეთ წვნიანი, გამაგრილებელი ხილეულით. უხვი შემოდგომა კი ძირხვენებითა და ფერმენტირებული საკვებით გაამდიდრეთ. ასე რომ, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს - მან იცის, რაც სჭირდება. გისურვებთ წარმატებას, დროა, ზამთრის მოახლოებაზეც იფიქროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი