ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ჩავუთქვათ სურვილები და რა რიტუალი ჩავატაროთ მის ასასრულებლად

№52

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 04.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, როცა ყველა ოჯახში დიდი სამზადისია, ფუსფუსი, იშლება სუფრა. წინასწარ ვირჩევთ, რა ჩავიცვათ და როგორ გავლამაზდეთ, რომ მომავალი წლის მბრძანებელს შესაბამის ფერებში გამოწყობილები დავხვდეთ. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, არსებობს მარტივი რიტუალები, რომლებიც ახალი წლის ღამეს სწორად უნდა ჩავატაროთ, შესაბამისად ჩავუთქვათ სურვილებიც და აუცილებლად აგვიხდება. ასევე, არის, გარკვეული ასტროლოგიური ხერხები, რომელიც ბარაქის, წინსვლის, მატერიალური დოვლათის მოსაზიდად გვეხმარება. ასე რომ, გაითვალისწინეთ ბატონი მიშას რჩევები და დახვდით წყლის ვეფხვის წელიწადს შესაბამისად მომზადებულები.

მიხეილ ცაგარელი: ლურჯი (შავი) ვეფხვის წელიწადის დახვედრის რიტუალს, დიდ ყურადღებას აქცევენ აღმოსავლეთ ქვეყნებში. მათ მიაჩნიათ, რომ როგორც დავხვდებით წლის მბრძანებელს, ისევე მოგვექცევა ის მთელი წლის განმავლობაში. აღმოსავლური კალენდრით, 2022 წლის 1 თებერვალს წყლის სტიქიის, იანენერგიის ვეფხვის წელიწადი იწყება. თუმცა, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით.

– რას გვირჩევთ, ასტროლოგიურად რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეს, რომ მთელმა წელმა იღბლიანად, წარმატებულად და ბედნიერად ჩაიაროს?

– დიახ, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ სარიტუალო ხერხებს, რათა ღირსეულად და წინსწრებით შეხვდეთ წლის მბრძანებელს, სათანადო პატივი მიაგოთ მას და ამით, მისი კეთილგანწყობა დაიბევოთ. თუ ამ რიტუალის შესრულებას 31 დეკემბერს ვერ მოახერხებთ, მაშინ მისი შესრულება 1 თებერვალს შეგეძლებათ. მაგრამ, თუ ორჯერვე გაითვალისწინებთ და შესაბამისი რიტუალით შეხვდებით და შეეგებებით ახალ წელს 31 დეკემბერსაც და 1 თებერვალსაც, მაშინ წლის მბრძანებლისგან ორმაგ კეთილგანწყობას მიიღებთ. უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ მთვარის კალენდრის მიხედვით, ხარის წელიწადი 1 თებერვლამდე გრძელდება, და მხოლოდ მე-13 ახალმთვარეობაზე, ანუ 1 თებერვალს შემოაბიჯებს ვეფხვი. ამიტომ, 31 დეკემბერს საახალწლო სუფრაზე უნდა გქონდეთ როგორც ხარის, ისე ვეფხვის ფიგურები, რათა არცერთი არ გავანაწყენოთ. მათ პატივსაცემად კი ხარის ფიგურის წინ მოათავსეთ ცოტაოდენი მწნილი, ვეფხვის ფიგურის წინ – ხორცის პატარა ნაჭერი. 1 თებერვალს კი, სუფრაზე მხოლოდ ვეფხვის ფიგურა უნდა დარჩეს.

– რომელი კერძები უნდა იყოს წარმოდგენილი საახალწლო საზეიმო-სადღესასწაულო სუფრაზე, რომ წლის მბრძანებლის გული მოვიგოთ და ვასიამოვნოთ?

– სუფრაზე უნდა დააწყოთ რაც შეიძლება ბევრი ხორცეული, ნებისმიერი ასორტიმენტის, ასევე ტკბილეული, ტრადიციული კერძები და დესერტი – საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, გოზინაყი... სასმელების მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ასე შემდეგ. ნაკლებად გამოიყენეთ თევზეული, რომელიც ვეფხვს არ უყვარს. სხვა მხრივ, წელს საახალწლო სუფრაზე შეზღუდვა არ არის.

– ტრადიციულად, ახალი წლის სუფრაზე 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე ინთება სანთელი. წელს რამდენი და რა ფერის სანთელი უნდა აინთოს სადღესასწაულო სუფრაზე?

– წლის ძირითადი რიცხვია 6, ამიტომ კარგი იქნება თუ ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე 6 ან 3 ცალ ლურჯ, ყვითელ, მწვანე, ნარინჯისფერ ან წითელ სანთელს აანთებთ, რათა 2021 წელს მადლობა გადაუხადოთ ყველაფრისთვის, დაემშვიდობოთ მას, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდგომ, ჩაუთქვათ მათ ექვსი სურვილი. ასევე, კარგი იქნება, თუ ისეთი ვეფხვის გამოსახულებიანი ფიგურა გექნებათ, სადაც ჩაყრით სურვილის ჩათქმასთან ერთად 3 ორლარიან ან 6 ერთლარიან მონეტებს. წლის მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ, ეს მონეტები დახარჯოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წლის მმართველი პლანეტა იუპიტერია. ის გამარჯვების პლანეტაა და ხელს უწყობს წარმატებებს, მოგზაურობებს, ზოგადად, მგზავრობას. ამიტომ, კარგია ახალი წლის უცხოეთში შეხვედრა ან სამშობლოში, უცხოელებთან ერთად ახალი წლის დადგომის აღნიშვნა.

– რომელი ფერებია ვეფხვის წელში დომინანტი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალი წლის ღამის ჩაცმულობასა და აქსესუარებში? და რა ფერებში უნდა იყოს მორთული ნაძვისხე, ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი-დედოფალი?

– წლის ძირითადი ფერებია: ლურჯი, შავი, შემდგომ კი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფერები განეკუთვნება წლის მთავარ მმართველ სტიქიას- წყალს, ასევე მისაღები ფერებია წყალთან მონათესავე სტიქიის ფერებიც, კერძოდ: მიწა – ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი; ხე – მწვანე. ეს ფერები უნდა იყოს ძირითადად წარმოდგენილი ტანსაცმელში, სუფრის დიზაინში, ნაძვისხეზე და ასე შემდეგ. თუმცა, რადგან 2024 წლამდე სამყაროში შესუსტებულია ცეცხლის სტიქია, კარგი იქნება, თუ მას ცოტა გავაძლიერებთ და აქსესუარების სახით ნარინჯისფერს და წითელს გამოვიყენებთ. ახალი წლის ღამეს კარგი იქნება ისეთი მინერალების გამოყენება, როგორიცაა: ლაზურიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ფირუზი, აკვამარინი, სერდოლიკი, ვეფხვის თვალი, კატის თვალი, ქრიზოპრაზი. 1 თებერვალს კი მათ დაემატება საფირონი, ციტრონი, მარჯანი, მარგალიტი. ლითონებიდან კი კარგია მეტი ოქროსფერი სამკაული. ნაძვისხე უნდა იყოს მწვანე ან ოქროსფერი და განთავსდეს ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთით ან დასავლეთ მხარეს. მისი დადგმა ოთახის შუა ნაწილშიც შეიძლება. სათამაშოები კი იმ ფერებში უნდა იყოს წარმოდგენილი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ წლის ფერებთან დაკავშირებით. ნაძვისხის გვერდით, კარგია ჩიჩილაკის დადგმა, მანდარინის ტოტების მოთავსება, თუნდაც ხელოვნურის, რადგან აღმოსავლეთში, მათი საახალწლო ხე, სწორედ, მანდარინის ხეა, რაც ითვლება ხვავისა და ბარაქის მომტან სიმბოლოდ.

– ბარაქისთვის რა რჩევებს მოგვცემთ?

– ბარაქისთვის კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს, წყლით სავსე ჭიქაში ან აკვარიუმში 3 ცალ ორლარიან მონეტას მოათავსებთ და დილამდე დატოვებთ. წყლის სტიქია ფულის შემომტანია. ეს რიტუალი შეგიძლიათ 1 თებერვალსაც გაიმეოროთ, შემდგომ კი დახარჯეთ ფული.

– როგორი ადამიანი შევარჩიოთ მეკვლედ, რომ მთელი წელი მისი ფეხის წყალობით გაგვიმართლოს?

– მეკვლე უნდა იყოს ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, მებრძოლი სულისკვეთების პიროვნება, მაგრამ არა აგრესიული, რომელიც თქვენს ოჯახში ტკბილეულთან ერთად შემოიტანს ხორცის ნაჭერს, 6 ცალ ფორთოხალს, 6 ცალ მანდარინს და 3 ცალ ორლარიან მონეტას (შეიძლება, 6 ცალი ერთ ლარიანი მონეტაც) და აქტიური შეძახილით, სიყვარულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი