ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომაა ბნელ ძალაზე არანაკლებ საშიში უარყოფითად განწყობილი ადამიანი

№18

ავტორი: ნანა წერეთელი 11:00 12.05, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყველამ იცის, რომ გასაღების დანიშნულება კარის გაღება-დაკეტვაა, მაგრამ ის, თუ რატომ არ შეიძლება გასაღების კარის საკეტში ჩატოვება, ალბათ, უმრავლესობას არ მოეხსენება. არადა, ოჯახისთვის ძალიან ღირებული და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს ხსენებულ ფაქტორს. გასაღები, როგორც საიდუმლოებისა და თავდაცვის ერთგვარი სიმბოლო, განსაკუთრებით მისტიკური ხდება მისი საკეტში ჩატოვების შემთხვევაში. თუ რა საფრთხე ექმნება სახლის მცხოვრებთ აღნიშნულ სიტუაციაში და რა უნდა მოიმოქმედოთ საკეტში ჩარჩენილი გასაღების „შურისძიების“ წინააღმდეგ, განმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი გურო დ.

- როგორც მოგეხსენებათ, ხალხური გადმოცემები და მინიშნებები უამრავ საგანსა თუ ქმედებას ხვევს მაგიურ მანტიაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, გასაღებიცაა. თუ დიდი შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს გავიხსენებთ, მისმა მტერმა, ცნობილმა ჯიმ მარიარტიმ ერთხელ თქვა: „ვისაც სამყაროს დაკეტილი კარის გასაღები აქვს, ის მეფეა!“ უმეტეს კულტურაში კი დაკეტილი ციხე საიდუმლოების, უკანდახევისა თუ გარე თავდასხმისგან დაცვის სიმბოლოა. ასევე, არსებობს ტრადიცია, როცა ცოლ-ქმარი ოჯახის სიმტკიცის სიმბოლოდ სახლში ჩაკეტილ ბოქლომს კიდებს. ეს მათ აძლევთ რწმენას, რომ, რაც არ უნდა გასაჭირი დაუდგეთ, ქორწინების მთლიანობის შენარჩუნებაში სწორედ ეს ბოქლომი დაეხმარებათ. თუმცა, მხოლოდ ჩაკეტილი ბოქლომის პრაქტიკას ნუ დაეყრდნობით... რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. ამისთვის უნდა ისწავლოთ: როგორ ესაუბროთ ერთმანეთს, იპოვოთ კომპრომისები, მოუსმინოთ და გაუგოთ მეუღლეს. მაგრამ ლეგენდა რომ მშვენიერია, ალბათ დამეთანხმებით?

- მაინც, რატომ არ უნდა დავტოვოთ გასაღები საკეტში?

- იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ზემოთ ღვნიშნეთ, ცოტათი მაინც გასაგები უნდა იყოს, რატომ არ შეიძლება გასაღების კარის საკეტში დატოვება და საიდან გაჩნდა ასეთი მინიშნება. მაგრამ დასაწყისისთვის ჯერ იმას გაგაცნობთ, თუ რას გვიწინასწარმეტყველებს ასეთი ქმედება. ალბათ, ყველას გახსოვთ ცნობილი გამოთქმა: სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო. კარის საკეტში ჩატოვებული გასაღების მისტიკურ შედეგს კი ეზოთერიკოსები ასე ხსნიან: მართალია, სახლი თქვენი ციხესიმაგრეა და მისი სივრცეც თქვენივე ენერგიითაა სავსე, მაგრამ ბნელი ძალებიც ხომ არ ბუდობენ იქვე? - საკითხავი აი, ეს არის. თუმცა, თუ დაიცავთ წესრიგს, „სახლის სულს“ „დაუმეგობრდებით“ და ენერგეტიკასაც რეგულარულად გაწმენდთ საცხოვრებელში, მაშინ ბოროტი სულები თქვენს სიახლოვესაც ვერ გაიჭაჭანებენ. მაგრამ, უმჯობესია, ჯერ გავარკვიოთ, რა გველის მინიშნების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკეტში გასაღები ჩარჩა. ამ დროს გასაღები, ასე რომ გეიმედებოდათ და დაკეტილ კარში სწორედ მისი წყალობით გრძნობდით თავს დაცულად, ბნელ ძალებს ბინაში შესასვლელს უხსნის, რასაც აუცილებლად მოაქვს თან - ნეგატივი, ჩხუბი, უთანხმოება და დაავადებები. უწმინდურთა უმთავრესი მიზანიც ხომ ეს არის. კიდევ ერთი საინტერესო ცრურწმენაა ამასთან დაკავშირებით შავი მაგიის ისტორიაში. არსებობს მოსაზრება, რომ იმ მომენტში, როდესაც გასაღები საკეტშია, ადამიანის აზრები და სიტყვები ფიქსირდება. ანუ, რაც ითქვა და განიხილებოდა სახლის ჩაკეტილ სივრცეში, დიდი ალბათობით, ასრულდება.

- მაგრამ, ეს ხომ კარგია?

- სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, იშვიათად რომ სიკეთისა და პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეს. უფრო ხშირად ცუდ ამბებსა და მოვლენებს განვიხილავთ, სახლში ერთად შეკრებილები ვჭორაობთ, უარყოფითად მოვიხსენიებთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. გასაღები საკეტში კი მხოლოდ აძლიერებს ამ განწყობას და ამ დროს თავს ისე გრძნობთ, თითქოს უბედურების მორევში იძირებით.

- მაგრამ, როცა სახლში ხარ, კარის საკეტში გასაღების დატოვება საშიში რატომ უნდა იყოს?

- მართალია, ბევრი ადამიანი შინ რომ ბრუნდება კარს შიგნიდან კეტავს, გასაღებს საკეტში ტოვებს და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. თუმცა, მინიშნებების მიხედვით, ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია!.. და რატომ? ეს შეგვიძლია, მისტიკოსთაგან მიღებული ინფორმაციის შეჯამებით დავასკვნათ. რადგან მათი აზრით, საკეტი საიდუმლოებისა და პირადი სივრცის სიმბოლოა, ხოლო გასაღები - ამ საიდუმლოებასა და ყველაფერ პირადულზე წვდომისა, გასაღების გამოყენებით შეგვიძლია, ამ ყველაფერს ჩავწვდეთ კიდეც და უცხო თვალსაც მოვარიდოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკეტში დარჩენილი გასაღები ბნელ ძალებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელში შეაღწიონ და იქაურობა უარყოფითი ენერგიით აავსონ, რაც ოჯახის ყველა წევრზე ახდენს გავლენას. უფრო მეტიც, ყოველი ნათქვამი და განხილული დაფიქსირდება და ეს ყოველთვის როდი იქნება სასარგებლო.

ამიტომ, როცა მისტიციზმსა და ეზოთერიზმზე ფოკუსირდებით, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების მარტივი წესები. როგორც იცით, ადამიანებს ჯოჯოხეთში მოხვედრის ეშინიათ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი სწორედ აქ არის! ბოროტ სულებზე არანაკლებ საშიში უარყოფითად განწყობილი მოქალაქეები არიან, ამიტომ სრული უგუნურება იქნება, თუ მათ თქვენს სახლში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემთ. დაიცავით თავი და თქვენი საცხოვრებელიც არასასურველი სტუმრებისგან. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი