რატომ იქნება თებერვალი გარდაქმნის პერიოდი და თვის რომელ მონაკვეთში უნდა დაგეგმოთ ცხოვრებისეული ცვლილებები
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 05.02
ზამთრის ბოლო თვე – თებერვალი, როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, საკმაოდ პოზიტიურია, ამ პერიოდში ადამიანებს შეეძლებათ, აქტიურად იმოქმედონ და წარმატებებს ადვილად მიაღწიონ. დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ჰარმონიული იქნება თვის პირველ ნახევარში, ამ დროს შესაძლებელი იქნება იანვრის თვის ნეგატიური შედეგების კომპენსირება და ახალი მიზნებისა და პერსპექტივების დაგეგმვა და გამოყენება. ასე რომ, ეს თვე ადამიანებს მისცემს საკუთარი ნიჭის დემონსტრირების საშუალებას და შესრულებული საქმეების შედეგით კმაყოფილებას.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზამთრის ბოლო თვის, თებერვლის ზოგადი ტენდენცია, რას გვპირდება ის?
– თებერვლის თვე, შეიძლება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ერთგვარი გარდაქმნების პერიოდად ჩაითვალოს. მზე 19 იანვრამდე მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს, რის გამოც დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ჰარმონიული იქნება, რადგან შესაძლებელი გახდება იანვრის ნეგატიური ტენდენციების კომპენსირება და ახალი პერსპექტივების გამოყენება.
– რეალურად რაში გამოიხატება ეს ყოველივე?
– ზოდიაქური პანთეონის წარმომადგენელთა უმეტესობა შეძლებს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენებით არსებული პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. დადებითად გამოვლინდება სოციალური ჩვევები, ორიგინალურობა და პროგრესულად აზროვნების უნარი. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს საქმეებში წინსვლასა და განვითარებას, ახალი იდეების განხორციელებას, ახალი მეთოდების დანერგვასა და გამოყენებას, საქმიანი და პირადი კავშირების გამყარებას, ავტორიტეტის გაძლიერებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებას.
– ეს სასიკეთო პერიოდი თვის რომელ რიცხვამდე გასტანს?
– თებერვლის 20 რიცხვამდე პერიოდი სასიკეთოა ცხოვრებისეული ცვლილებების დასაგეგმად, ხელმძღვანელობასთან, მაღალჩინოსნებთან ურთიერთობისათვის, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, ხელშეკრულებების დასადებად და კონტრაქტების გასაფორმებლად. 16 თებერვლიდან პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, რაც გამოაცოცხლებს ურთიერთობებს და მათ მეტ ემოციურობასა და კეთილგანწყობას შესძენს. თვის შუა პერიოდში კი სპეციფიკური პლანეტარული განლაგება გააძლიერებს საკუთარი წესებით, შინაგანი რწმენით, შეხედულებებით, კანონებით მოქმედების უნარს, რის გამოც ბევრი ადამიანის მოქმედება მეტად გაბედული, თამამი და მიზანსწრფული გახდება.
– რას გვირჩევთ, ამ პერიოდში დამოუკიდებლად მოქმედება უფრო შედეგიანია თუ თანამოაზრეებთან ერთად?
– კარგი იქნება თუ საკუთარ გეგმებსა და საქმეებში ჩართავთ არა მარტო ახლობელ ადამიანებსა და ახალ მოკავშირეებს, არამედ მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებსაც. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეცდომების გვერდის ავლა. ამავე პერიოდში გააქტიურდება საფონდო ბაზარი, გაიზრდება ინვესტორების მოტივაცია, შესაძლებელი იქნება ბიზნესსა და საზოგადოებაში რეფორმების ჰარმონიულად ჩატარება, რის შედეგად თებერვალი პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს როგორც თითოეული ადამიანის, ისე მთლიანად მოსახლეობის ცხოვრებაში.
– რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები, როდიდან დაიწყებს ასეთი აქტიური პერიოდი შედარებით შესუსტებას?
– 20 თებერვლის შემდგომ აქტიურობა დაქვეითდება. 23 რიცხვის შემდგომ კი გაიზრდება ნეგატიური კოსმიური ვიბრაციების ინტენსივობა, რაც უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, დაასუსტებს იმუნურ სისტემას და ფიზიკურ პოტენციალს. შედეგად, ბევრი მათგანი მეტად გულჩათხრობილი, ჩაკეტილი და ზოგიერთი აგრესიულიც კი გახდება. არამდგრადი ურთიერთობები გაართულებს კომუნიკაციებს. ილუზიების, ტყუილების, მავნე ჩვევებისა და სისუსტეებისადმი მიდრეკილება შეასუსტებს ენერგეტიკას.
– რას გამოიწვევს ყოველივე ეს?
– ეს, ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს შრომისუნარიანობაზე და შეიძლება ზიანი მიაყენოთ ადრე მიღწეულ შედეგებს. საქმიანი წრის წარმომადგენლები დროებით გადადებენ ახალი პარტნიორების ძებნას, საქმეების გაფართოებას, ახალი საქმეების დაწყებას. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში გაიზრდება შემოქმედებითი უნარების გამოვლენის, სულიერი ზრდისა და განვითარების, კულტურული და ენერგეტიკული განახლების სურვილი, რაც დადებითად იმოქმედებს შემდგომ პერიოდსა და მოღვაწეობაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან