ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ ჰგავს სამყარო უზარმაზარ სადგურს, სადაც ადამიანის დაბადების თარიღი პლატფორმის ნომერი და გამგზავრების დროა და რა მოხდებოდა, ერთი დღით ადრე რომ დაბადებულიყავით

№21

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ოდესმე დაფიქრებულხართ: რატომ არ დაიბადეთ ერთი დღით ადრე ან - გვიან, სხვა წელსა თუ თვეში? რატომ შედგება თქვენი დაბადების თარიღი ზუსტად ამ რიცხვებისგან და ამ თანმიმდევრობით? უმრავლესობის აზრით, ეს ჩვეულებრივი დამთხვევაა, მაგრამ ნუმეროლოგია სხვა რამეს ამბობს: თქვენი თარიღი ამ ცხოვრების საშვია და თუ როგორ უნდა გახსნათ „შიფრი“, თქვენი ამქვეყნად მოვლინების მისიისა და მონაცემების გამოსათვლელად, ყველაფერს შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნონა შ-სგან.

- დაბადების თარიღი შემთხვევითობა კი არა, საშვია - გასაღები, რომელიც აღებს სწორედ არსებული რეალობის კარს, კონკრეტული ამოცანებით, ადამიანებითა და გაკვეთილებით. თქვენ უბრალოდ კი არ დაიბადეთ ამ დღეს, არამედ - დაბადებამდე აირჩიეთ ის შეგნებულად, რათა ზუსტად იმ გზას მიჰყოლოდით, რომელიც გჭირდებათ.

- რას ნიშნავს: „დაბადების თარიღი საშვია“?

- წარმოიდგინეთ, რომ სამყარო უზარმაზარი სადგურია, უამრავი პლატფორმით, ათასობით მატარებლითა და დანიშნულების ადგილით. თქვენი დაბადების თარიღი კი პლატფორმის ნომერი და გამგზავრების დროა. ერთი დღით ადრე რომ დაბადებულიყავით, სხვა მატარებელში ახვიდოდით და შესაბამისად, ყველაფერი იქნებოდა სხვა - ცხოვრებაც, მშობლებიც და გაკვეთილებიც. მაგრამ თქვენმა სულმა ეს მატარებელი აირჩია, რადგან მას ეს ენერგიები, ეს ამოცანები, ეს გამოცდილება სჭირდება.

- რას განსაზღვრავს ის, თუ თვის რომელ რიცხვში იქნება დაბადებული ადამიანი?

— ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად: 1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებულების არჩევანია ლიდერის, პირველობის ამბიცია და შესაბამისად, თქვენი ამოცანაა, დაიწყოთ და პირველობის არ შეგეშინდეთ; 2, 11, 20, 29 - პარტნიორისა და დიპლომატის გზაა, რაც ამოცანად გისახავთ, ურთიერთობებისას არასდროს დაკარგოთ თავი; 3, 12, 21, 30 - შემოქმედის არჩევანია, ამოცანა კი - საკუთარი თავის წარმოჩენა, აღფრთოვანება და შთაგონებაა; 4, 13, 22, 31 - თქვენი მოწოდება მშენებლობა, ხოლო ამოცანა - სტრუქტურის შექმნა, წესრიგი და საძირკვლის ჩაყრაა; 5, 14, 23 - თქვენი არჩევანია მოგზაურობა, რისთვისაც შემეცნება და ცვლილებებია საჭირო, რომ ერთ ადგილას არ გაიჭედოთ; 6, 15, 24 - თქვენი მისია მზრუნველობაა, ამიტომ: უნდა გიყვარდეთ, მაგრამ მსხვერპლად არ შეეწიროთ; 7, 16, 25 - სიბრძნის გზას ადგახართ და თქვენი ამოცანაა, ყოველივეში ეძიოთ სიღრმე და მარტოობის არ შეგეშინდეთ; 8, 17, 26 - თქვენი მოწოდება მენეჯერობაა, ამოცანა კი - რესურსებზე პასუხისმგებლობა; 9, 18, 27 - თქვენი არჩევანი საქმის, სიტუაციის დაგვირგვინება, დასრულებაა. შესაბამისად, თქვენი ამოცანაა: გაუშვათ, აპატიოთ და გაათავისუფლოთ.

- რას გვეუბნება დაბადების თვე?

- დაბადების თვე „მშობლების გასაღებია“ - ის ენერგიები, მათ მიმართ რომ აირჩიეთ. იანვარი, თებერვალი, მარტი - არჩიეთ, ადრეულად დაშორდეთ მშობლიურ ბუდეს, რისთვისაც მოგიწიათ, თავიდანვე დამოუკიდებლობას შეჩვეოდით; აპრილი, მაისი, ივნისი - მშობლებთან ჰარმონიულ ურთიერთობებს მიანიჭეთ უპირატესობა, მათი მხარდაჭერა და სითბო რომ გეგრძნოთ; ივლისი, აგვისტო, სექტემბერი - მშობლებთან რთული ურთიერთობების გზას დაადექით, რადგან კონფლიქტის გზით მიღებული გაკვეთილები გჭირდებოდათ; ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი - თქვენ აირჩიეთ, გვიან განეშოროთ ოჯახს, რადგან ძალის მოსაკრებად მათთან დიდხანს ყოფნა გჭირდებოდათ.

- დაბადების წელი რის გასაღებია?

- დაბადების წელი მიუთითებს, რომელ ისტორიულ ეპოქაში უნდა შევიდეს თქვენი სული. თუ თქვენი დაბადების წლის თარიღი ბოლოვდება 1-დან 9-ის ჩათვლით: ახლის დაწყების, ტრანსფორმირებისა და კრიზისების ხანაზე მიუთითებს; 10-19 - პარტნიორობის, დიპლომატიისა და ბალანსის; 20-29 - შემოქმედების, თვითგამოხატვისა და სიხარულის; 30-39 - მშენებლობის, წესრიგისა და დისციპლინის; 40- 49 - თავისუფლების, ცვლილებებისა და მოგზაურობის; 50-59 - პასუხისმგებლობის, ოჯახისა და ზრუნვის; 60-69 - სიღრმის, სიბრძნისა და მარტოობის; 70-79 - ძალაუფლების, ფულისა და მასშტაბის; 80-89 - საქმისა თუ ადამიანური ურთიერთობების დასრულებისა და თავისუფლების ეპოქაა.

- თუ დაბადების თარიღი შესაბამისად ვერ გავითავისეთ?..

- ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა დაბადების თარიღით: „რატომ დავიბადე ამ თვეში, რიცხვში, წელში?“ მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი დაბადების თარიღი შეცდომა არ არის. ის ზუსტი გაანგარიშებაა და თქვენვე აირჩიეთ. თუ 13-ში დაიბადეთ, ესე იგი, გჭირდებოდათ გაკვეთილები საქმის დასასრულებლად; 16-ში - თავმდაბლობისთვის; 19-ში კი - მარტოობასთან გასამკლავებლად. მოდი, ამაზე ნუღა იკამათებთ - უსიტყვოდ მიიღეთ.

- რა უნდა გავაკეთოთ, თუ დაბადების თარიღს „ვერ ვგრძნობთ“?

- ზოგჯერ ადამიანი იბადება, მაგალითად, 4 რიცხვში (მშენებლის გზა), მაგრამ თავს შემოქმედად გრძნობს (მე-3 გზა). რას ნიშნავს ეს? - ჯერ არ მომწიფებულხართ თქვენი ამოცანისთვის (მარტივი გზა აირჩიეთ), ან დამატებითი ამოცანა აირჩიეთ (ამ ცხოვრებაში ორივე უნდა გააერთიანოთ), ანდა არასწორად გამოთვალეთ (შეამოწმეთ თქვენი ცხოვრების გზის ნომერი), მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ, არ გაითავისეთ თქვენი დაბადების თარიღი. შეეცადეთ, იცხოვროთ მის შესაბამისად და ნახავთ, როგორ შეწყვეტს ცხოვრება წინააღმდეგობას. ასე რომ, დაბადების თარიღი დამთხვევა არ არის. ეს ამ ცხოვრების საშვია და მოცემული დღეც, თვეც და წელიც თავადვე აირჩიეთ, რათა ზუსტად ის გაკვეთილები მიგეღოთ, რაც გჭირდებოდათ. აირჩიეთ ეს ცეკვა? - კეთილი ინებეთ და აჰყევით მის ტაქტს. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი