რატომ ესწრაფვის ადამიანი ბავშვობიდანვე შემოსაზღვროს პირადი სივრცე და სად არის სახლში ქალისთვის „ძალაუფლების ადგილი“
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.08
ბუნებაში არის ადგილები, სადაც ადამიანი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას გრძნობს და შინაგანი სიმშვიდე ეუფლება. ასეთ წერტილებს „ადგილის ძალას“ უწოდებენ და ზოგი მას მთაში პოულობს, ზოგიც - ზღვის სანაპიროსა თუ საუკუნოვანი ხის ჩრდილქვეშ. იქ, ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, თითქოს, რაღაც უფრო ღრმასა და მნიშვნელოვანს უკავშირდება ადამიანი - შინაგან ჰარმონიასა და ძალის მოზღვავებას გრძნობს. თუმცა ასეთი ადგილები ყველას მოეძებნება სახლში და სწორედ ამ „ადგილის ძალასა“ და სამი სანთლის სასწაულზე გვესაუბრება ინტერვიუში ეზოთერიკოსი, ბატონი ბაკურ ძ.
- ყველას სჭირდება ადგილი, სადაც თავს სრულიად დაცულად იგრძნობს და ეს ბავშვობიდანაა ჩვენში ფესვგადგმული. გაიხსენეთ საყვარელი თამაში, როგორ ეძებდით განმარტოებულ კუთხეს, ყველა მხრიდან რომ ყოფილიყო დაცული ფარდებით ან მაგიდიდან ჩამოშვებული სუფრით - სწორედ იქ იყავით მშვიდად და უსაფრთხოდ. ასე რომ, ყველა ეძებს სტაბილურ ადგილს, სადაც გონს მოიკრებს, კონცენტრირდება და საყვარელ საქმეს გააკეთებს. სიწყნარესა და სიჩუმეში განმარტოვდება, რაც განსაკუთრებით სჭირდებათ დიდ ქალაქებში მცხოვრებთ, გაუთავებელ ურბანულ ხმაურს რომ განიცდიან. ეს არის „ადგილის ძალა“ - სადაც ძალაუფლება ჩვენსავე ხელშია.
- როგორ ვირჩევთ „ადგილის ძალას“ სახლში?
- სხვადასხვანაირად, მაგალითად, ქალისთვის სახლში „ძალაუფლების ადგილი,“ უბრალო, მყუდრო კუთხეზე მეტია. ეს არის პირადი სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ, მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქროთ და განმარტოვდეთ. მთის მწვერვალები და ოკეანეები აქ საჭირო არ არის. ზოგჯერ სკამი ფანჯარასთან და სასიამოვნო ხედიც საკმარისია, ანდა: რბილი სავარძელი აივანზე ფინჯანი ჩაითა და წიგნით; იგივე სავარძელი ვერანდაზე, ირგვლივ კი საყვარელი ყვავილები; საყვარელ ოთახში საყვარელ ნივთებსა და ნახატებს შორის; აგარაკზე, ხედით ზაფხულის ბაღზე, საყვარელ შინაურ ცხოველთან ერთად. მთავარია, იმ ადგილას უსაფრთხოდ, მშვიდად და ისე გრძნობდეთ თავს, როგორც „საკუთარ სახლში“, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. აქ შეგიძლიათ მოიშოროთ ყოველდღიური საზრუნავის ტვირთი, შესძინოთ აზროვნებას სიცხადე და იგრძნოთ, რომ ცხოვრება მხოლოდ მომაბეზრებელი რუტინა და პრობლემები კი არა, პატარ-პატარა სიხარულებიცაა. რაც შეეხება სახლს, ალბათ, ყველას გაქვთ, სივრცე, სადაც სრულ სიმშვიდეში, ძალაუფალიც თქვენ ხართ, შემოქმედიც და საკუთარი თავიც თავადვე „გეყუდნით“. მაგრამ, როგორც ამბობენ: ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეო, ეს ფრაზა ჭეშმარიტებად რომ იქცეს და ოჯახს კეთილდღეობა არ მოაკლდეს, ყური დაუგდეთ დიდი ნათელმხილველისა და წინასწარმეტყველის, ვანგას რჩევას. ეს არის სამი სანთლის ძალა. მოგეხსენებათ, ზოგჯერ ერთი შეხედვით, უბრალო ნივთებს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ყველაზე რთულ რიტუალებს. ვანგამ იცოდა, რომ სანთელი არა მხოლოდ ცეცხლი, არამედ ცოცხალი ძაფია ადამიანსა და სამყაროს შორის. სანთლის ალი ჩვენს სულსა და სახლს ესაუბრება. ის წმენდს, ათბობს და იცავს. წინასწარმეტყველისთვის კი სანთელი არასდროს ყოფილა მხოლოდ ცვილის ნაჭერი. ის შუამავალია ადამიანსა და უმაღლეს ძალებს შორის. განსაკუთრებით ხაზგასასმელი კი თეთრი, ყვითელი და ლურჯი სანთლებია.
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სანთლები სახლის გასაწმენდად?
- თეთრი სანთელი სახლის „გულში“ (სამზარეულოში) უნდა დაანთოთ. ეს ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც კი შეგიძლიათ, მძიმე ენერგეტიკული „მტვრისგან“ მის გასაწმენდად გააკეთოთ. თეთრი სანთლის ალი სახლის გულს ნათელი ენერგიებით ავსებს. კარგი იქნება, თუ ამ რიტუალს სამზარეულოში კვირაში ერთხელ გაიმეორებთ, თან თავდაჯერებით წარმოთქვამთ შემდეგ სიტყვებს: „დაე, ჩემი სახლი სიწმინდითა და სინათლით ბრწყინავდეს“. სულ მალე იგრძნობთ, როგორ შეიცვლება თქვენი სახლის ენერგეტიკა: წუხილი და მძიმე ფიქრები გაქრება, ჩხუბი და კამათიც შეწყდება და ყველა წყენა დავიწყებას მიეცემა. ყვითელ სანთელს სახლში კეთილდღეობა შემოაქვს და როგორც ვანგა ამბობდა: „ყვითელი სანთლის ალი სახლში სიმდიდრესა და სიხარულს ეპატიჟება“. ამისთვის კი საჭიროა სანთელი ფანჯრის რაფაზე ისე დადგათ, რომ მისი ალი ქუჩიდან ჩანდეს. მიეცით თქვენს სახლს საშუალება, „გაუღიმოს მსოფლიოს“ და სამყაროც ვალში არ დაგრჩებათ, საპასუხოდ აუცილებლად ყველას გაგიღიმებთ - სახლსაც და მის ბინადართ. თუმცა, როგორც ამბობენ, სიმდიდრე მხოლოდ ფული არ არის, მას კეთილი ადამიანები, კარგი ამბები და ახლობელთა ჯანმრთელობაც უნდა ახლდეს. ყვითელ სანთელს კი შეუძლია ამ ყველაფერს ერთად მოუყაროს თავი თქვენს სახლში მოიწვიოს.
- ლურჯი სანთელი რის სიმბოლოა?
- ლურჯი სანთლის ალი საღამოს ცასავით რბილი და ღრმაა, მისი ციალი ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს გონებას. ამიტომ, თუ სული დაგიმძიმდათ და კაეშანი შემოგაწვათ, ძილის წინ საძინებელში ლურჯი სანთელი დაანთეთ. რამდენიმე წუთით იქვე ჩამოჯექით და უბრალოდ მის ალს შეხედეთ. იგრძნობთ, თანდათან როგორ ქრება თქვენი წუხილი და ოთახიც უფრო თბილი და მშვიდი ხდება. სანთელი ხომ ისმენს თქვენი სულის ხმას. დაბოლოს, კიდევ ერთ მოკლე პრაქტიკასაც დავამატებ, რასაც მოიხსენიებენ, როგორც: „სამი სუნთქვა სანთელთან“. აანთეთ სანთელი, შეხედეთ მის ალს და თვალმოუშორებლად სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და სამჯერ - მსუბუქად ამოისუნთქეთ. პირველი ჩასუნთქვისას იგრძნობთ როგორ შემოდის თქვენში მისი სინათლე; მეორეზე - ცეცხლს გადაეცით თქვენი თხოვნა ან გამოხატეთ მადლიერება; მესამეს კი - გაატანეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. სულ რამდენიმე ჩასუნთქვა - და თქვენ, ცეცხლთან ერთად, ერთ ტალღაზე ხართ. იცოდეთ, ეს მარტივი ქმედებები დიდი ძალაა, რომელსაც ხშირად საკმარისად ვერ ვაფასებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



