რას გვიწინასწარმეტყველებს საბედისწერო ხაზები მაჯაზე და რატომ გამოირჩევა „სამეფო“ ხაზის მფლობელი შესაშური სიჯანსაღით, გამძლეობითა და ფიზიკური სიძლიერით
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 09.02
ჩვენს რუბრიკაში ბევრჯერ გვისაუბრი ქირომანტიაზე, ხელისგულზე „წაგვიკითხავს“ ჩვენი ბედისწერის შესახებ, მაგრამ მაჯებზე არსებულ „სამაჯურებზე“ არაფერი გვითქვამს. არადა, არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ეს რგოლები ადამიანის სამ ისეთ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, როგორიცაა: ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და პირადი ბედნიერება. თანაც, ამ ყველაფრის ამოკითხვა საკუთარ მაჯაზე სპეციალური მომზადების გარეშეც შეუძლია ყველას. ყურადღებით წაიკითხეთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნათელა მ-ს ეს ინტერვიუ და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
- ბევრმა იცის, რომ ხელის გულზე ხაზების დათვალიერებით ქირომანტს შეუძლია გითხრათ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში წარსულში და რა იქნება მომავალში. მაგრამ არანაკლებ ინფორმაციულია ხაზები მაჯაზე, რაც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას გვიჩნდება. მათი საშუალებით შეგიძლიათ იმსჯელოთ ადამიანის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მდგომარეობაზე: ჯანმრთელობაზე, ფინანსურ კეთილდღეობასა და, რა თქმა უნდა, პირად ბედნიერებაზე. უფრო მეტიც, ხელისგულის ხაზებისგან განსხვავებით, ქირომანტიაში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი შეუძლია მაჯის „სამაჯურების წაკითხვა“.
- რამდენი უნდა იყოს ეს, ეგრეთ წოდებული, „სამაჯური“ მაჯაზე?
- უმეტესობას, როგორც წესი, მაჯაზე მხოლოდ ორი ხაზი აქვს კარგად გამოკვეთილი. სულ კი ოთხი შეიძლება იყოს, ოღონდ მეოთხე ხაზი ყველაზე იშვიათია. მაჯების დათვალიერებისას, ვინმემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელების ხაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს სრულიად ნორმალურია: ხაზები მარჯვენაზე - აწმყო და მომავალია, ხოლო მარცხენაზე - ჩვენი ბედი. ორივე მაჯაზე ნიშნების შედარებით კი, შეგიძლიათ განსაზღვროთ, ზუსტად ხორციელდება თუ არა დაბადებისას დასახული პროგრამა. მაჯაზე არსებული საბედისწერო „სამაჯურების“ ამოსახსნელად, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ხაზების სიღრმეს, სიმკვეთრესა და სიგრძეს.
- ალბათ, ყველა ხაზს თავისი დანიშნულება აქვს?
- პირველი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხაზია - მკვეთრ, ღრმა, თანაბარ ზოლებს წყვეტის გარეშე, ქირომანტები „სამეფოს” უწოდებენ. ვფიქრობ, სავსებით აშკარაა, რომ ასეთი ადამიანი შესაშური სიჯანსაღით, გამძლეობითა და ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სავსეა პოზიტივითა და კეთილდღეობით, და თუ „შავი სარტყელი” მაინც გამოერია მისი ცხოვრების ქრონიკას, ეს ძალიან იშვიათია. ჯანმრთელობის პრობლემებსა და ცხოვრებაში წარუმატებლობის სერიაზე მიუთითებს ტეხილი ხაზები, ბევრი პატარა განშტოებით ან თაღივით მოხრილი. ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას მან, ვისი ხაზიც ძლივს ჩანს. აუცილებლად მეტი უნდა იმოძრაოთ და აკონტროლოთ კვების რაციონი, ჩვევები. ხშირად, მაჯაზე მოხრილი, ტალღოვანი პირველი ხაზი მიუთითებს კონცეფციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ქალებშიც და მამაკაცებშიც. მით უმეტეს, თუ იგივე ფორმა მეორდება მეორე ხელზეც. თუმცა ჯანმრთელობის გარდა, პირველი ხაზი ასევე მიუთითებს კარიერულ წინსვლაზეც.
- მეორე და მესამე შესაბამისად, ალბათ, ჯანმრთელობას და პირად ბედნიერებას ეხება?
- მეორე ფინანსური კეთილდღეობის ხაზია - სწორი ხაზი გონებრივი შრომის ნიშანია, ხოლო ღია ფერის ჯაჭვისებური ხაზი - ფიზიკური შრომის. წყვეტილი და მოკლე კი - მტკიცებულებაა არა იმდენად ფინანსური სირთულეებისა, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ ფული „თავზესაყრელად“ არ გექნებათ. მისი გამომუშავებისთვის დღედაღამ მოგიწევთ გარჯა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენი მონაკვეთია ხაზზე. თითოეული 30 წელს შეესაბამება. ამ გზით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად სტაბილური იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოცემულ ასაკში. მონაკვეთებს შორის წყვეტა კი უფულობის ან ვალების პერიოდებია. და რაც უფრო მოკლეა ისინი, მით უკეთესი. ძალიან კარგი ნიშანია ბოლოში განშტოებული ხაზი. ეს უზრუნველყოფილი სიბერის მანიშნებელია. მესამე სიყვარულისა და ქორწინების ხაზია - სამწუხაროდ, ის ყველას არ აქვს, მაგრამ ვისაც ასეთი „სამაჯური“ ამშვენებს, იღბლიანია - ის მართლაც თავის მეორე ნახევარს შეხვდება და ქორწინებაში სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვრებს. თუმცა, აქვე პატარა განმარტებასაც გავაკეთებ: რა ასაკში შეხვდებით თქვენს საბედოს, ამას მეორე და მესამე ხაზებს შორის მანძილი გამცნობთ. რაც მეტადაა დაშორებული მონაკვეთები ერთმანეთს, მით უფრო გვიან მოხდება ეს შეხვედრა. ხოლო, მონაკვეთთა რაოდენობა შესაძლო ქორწინების ან პარტნიორთა რაოდენობაზე მეტყველებს.
- მეოთხე ხაზი იშვიათიაო და რით გამოარჩევს ის დანარჩენებისგან თავის პატრონს?
- მეოთხე დღეგრძელობის ხაზია - ერთ-ერთი უიშვიათესი ხაზი მაჯებზე. მაგრამ თუ ის არსებობს, მაშინ ასეთ ადამიანს გარანტირებული აქვს, მინიმუმ 100-წლიანი სიცოცხლე. გარდა თავად ხაზისა, მნიშვნელოვანია მისი გამოსახულებაც: თუ მისი სისქე მთელ სიგრძეზე ერთგვაროვანია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი არა მხოლოდ დიდხანს იცოცხლებს, არამედ შეინარჩუნებს გონებისა და აქტივობის სიცხადეს. მაგრამ ხელზე არის სამაჯურების კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია, რაც დამოკიდებულია არსებული ხაზების სისქის თანაფარდობაზე: ორი მკვეთრი, ერთნაირი სისქის ხაზი მაჯაზე მიუთითებს სიძნელეებზე პროფესიულ საქმიანობაში; სამი მკვეთრი ერთნაირი სისქის - ბედის ნებიერას აქვს, რომელიც დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში; სამი მკვეთრი ხაზი, რომელთაგან პირველი სქელია, ხოლო მეორე და მესამე - წვრილი: ძლიერი ინტუიციის ნიშანია; ხოლო, პირველსა და მეორესთან შედარებით, სქელი მესამე ხაზი - დაბადებიდან ლიდერის ნიშანია, რომელიც დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნიშანია პატარა კვადრატები ხაზებზე - მფარველი ანგელოზი იცავს ამ ადამიანის სიცოცხლეს და არანაირი უბედური შემთხვევა, კატასტროფა ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია არ ემუქრება. ყურადღებით დააკვირდით „ბედის სამაჯურებს“ და ყველაფერი სწორად აღიქვით. არ იფიქროთ, რომ, რასაც მასზე „ამოიკითხავთ“, საბედისწერო გარდაუვალობაა - ის შანსია, შესაძლებლობა, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან