ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გვიმზადებს „ექვსიანი“ ენერგიის მქონე 2022 წელი მისი მიმდინარეობის განმავლობაში და რის ბალანსი უნდა დავიცვათ, რომ ეს წელი ჰარმონიული და პროდუქტიული იყოს

№1

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 14.01, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დადგა ახალი წელი, რომელსაც ყველა, როგორც ყოველთვის და ამჯერად უფრო მეტადაც კი, უკეთესი მომავლის იმედით შესცქერის. შესაბამისად, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ის სინამდვილეში - რას მოგვიტანს, ან რას დაგვაკლებს... თუმცა ასეთი პროგნოზის უამრავი, საუკუნეებგამოვლილი ცოდნა და გამოცდილება არსებობს წინასწარმეტყველების, ხალხური მინიშნებების, ასტროლოგიისა თუ მსგავსი საშუალებების სახით და მათ შორისაა ნუმეროლოგიაც. ამჯერად ეზოთერიკოსი ბატონი ოთარ ლ. აგვიხსნის, თუ რა გავლენას ახდენს რიცხვები ადამიანის ცხოვრებაზე და კონკრეტულად, რა შეიძლება გამოითვალოს მისი საშუალებით წლის დასახასიათებლად სწორედ დამდეგი, 2022-ის შესახებ.

- ნუმეროლოგია დეტალურად შეისწავლის რიცხვებს და მათ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. თითოეულ რიცხვს თავისი ენერგია და საკრალური მნიშვნელობა აქვს. ნუმეროლოგია კი ხსნის, თუ რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ რიცხვს ცალკეული ადამიანისთვის, რომელიც მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ნუმეროლოგიის თვალსაზრისით ზუსტად ასევე მიიღება ნებისმიერი წლის დახასიათება. მაგალითად, 2022 წელი ფასდება სამი კრიტერიუმით: თავიდანაა რიცხვი - 20, შემდეგ - 22 და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათი ჯამი: 2+0+2+2.

- რას ნიშნავს თითოეული მათგანი?

- რიცხვი 20 წინააღმდეგობის ენერგიასთან ასოცირდება, რიცხვი 22 სიგნალია იმისა, რომ აუცილებელია საყრდენი ან უფრო სტაბილური ემოციურ-ფიზიკური საფუძვლები. ამ მხრივ 2022 გვპირდება, რომ ხელსაყრელი იქნება ჯანმრთელობისა და პროფესიული განვითარების მხარდასაჭერი ინვესტიციებისთვის. რიცხვი 6 კი, რომელიც ჯამია 2+0+2+2-ისა, 2022 წლის ენერგიაა და სწორედ მისი საშუალებით გავიგებთ, რას გვიმზადებს ის სულ ცოტა ხანში. უპირველესად, ექვსიანი გვიჩვენებს, რომ 2022 საკმაოდ „წყნარი“ იქნება - მიმართული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. უკანასკნელ რამდენიმე დაძაბულ წელთან შედარებით, 2022 უფრო რბილი, ასე ვთქვათ, რთული არ იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2022 ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, უბრალოდ, მას დაძლევთ და გადაიტანთ უდიდესი სიმშვიდისა და გამძლეობის საშუალებით. ეს იქნება იდეალური დრო იმისთვის, რომ მიხედოთ ჯანმრთელობას და აქცენტი ძირითადად პოზიტიურ ინფორმაციაზე გააკეთოთ. საერთო ჭრილში კი, უფრო მეტად, დომინოს ეფექტი იმოქმედებს, როცა ხალხი ერთობლივად ეძებს პრობლემათა გადაწყვეტის გზებსა და ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს, რაც ყველას ერთობის, ჰარმონიისა და ურთიერთკავშირის შეგრძნებით დაგვაჯილდოებს.

- რა გველის ოჯახში, პირად ფრონტზე?

- 2022-ში რიცხვი 6 განსაზღვრავს თქვენს ოჯახურ და ყოფით საკითხებს, რის მიხედვითაც: ელოდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს როგორც ოჯახურ, ისე პირად ცხოვრებაში. სრულიად აშკარაა, რომ სტაბილური და მყარი კავშირები ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს, უფრო სწორად, ყველაფერი ქორწინებით დამთავრდება. ასევე გამყარდება შიდა ოჯახური ურთიერთობები. მარტოხელები კი უნდა მოემზადონ სერიოზული ვალდებულებების საკუთარ თავზე ასაღებად, თუმცა არც ძველი პასუხისმგებლობა უნდა დაივიწყონ. ეს არის პერიოდი გრძელვადიანი გეგმების შესამუშავებლად, რაც აჩენს წარმატების უდიდეს შანსს, თუ სათანადო მიზანსწრაფვასა და შეუპოვრობას გამოიჩენთ.

- ბიზნესი და კარიერაც არანაკლებ მნიშვნელოვანია... რა პროგნოზია ამ მხრივ?

- 2022-ის საერთო განწყობა სტაბილურობისადმი სწრაფვაა. ამიტომ უმუშევრებსა და მათ, ვინც ამჟამინდელი სამსახურით უკმაყოფილოა, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რაღაც შეცვალონ. შემოქმედ და მეწარმე ადამიანებს ყველა შანსი ეძლევათ საკუთარი საქმის გასავითარებლად - მათ ფეხქვეშ ნიადაგი უფრო მყარი იქნება. დაქირავებული მუშაკებისთვის კი ტენდენცია ასეთია: მათი კარიერა ერთ ადგილს „დატკეპნის“ სწორედ წლის სტაბილიზებული ენერგიის გამო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ნულოვან პროგრესს ცოდნისა და უნარების განვითარების თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ეს იდეალური დროა თვითგანვითარებისა და შემდგომი ზრდისთვის ფუნდამენტის შესამზადებლად. ხალხს გაუჩნდება სწრაფვა, რომ სამუშაოსთვის უფრო კომფორტული ატმოსფერო შეიქმნას როგორც მატერიალურ, ისე ემოციურ და სულიერ დონეზე.

- ყველაზე აქტუალური, მგონი, ჯანმრთელობაა ამ დაუსრულებელი პანდემიის პირობებში...

- მსოფლიო პანდემიის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აქტუალურია. ამიტომ ველოდებით რაღაც ახალ, უფრო სწორად, რევოლუციურ აღმოჩენასაც კი ამ სფეროში. შესაძლოა, ეს იქნეს კიდეც მედიცინისადმი ნდობის გაძლიერების პერიოდი. 2022 წელს საზოგადოება კვლავინდებურად ცოტათი დაძაბული იქნება, მაგრამ წარსული წლების გაკვეთილები გახდება მოტივაცია ჯანსაღი ჩვევების ფორმირებისთვის.

- და ბოლოს, როგორ დავიწყოთ სწორად 2022 წელი?

- „ექვსიანი წლის“ ენერგიის აღქმა ნელ-ნელა, 2021-ის ბოლოდან დაიწყება. ამიტომ, ისარგებლეთ წინასადღესასწაულო პერიოდით და დაფიქრდით იმაზე, თუ რა გელით ახლო მომავალში, შესაბამისად, პოზიტივზე, წარმატებასა და მიღწევებზე „დააპროგრამეთ“ საკუთარი თავი. შეიმუშავეთ თქვენი კეთილდღეობისკენ მიმართული პირადი პროექტები და ის ასევე, ახლობელთა ცხოვრების ხარისხზეც აისახება. აუცილებლად ეცადეთ, გამოასწოროთ ურთიერთობები, აღადგინოთ დარღვეული კავშირები და მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები. მართალია, ეს იგივეა, რაც ქუჩა ორმხრივი მოძრაობით, თუმცა შეგიძლიათ, მაინც სცადოთ და თქვენი მხრიდან გადადგათ პირველი ნაბიჯი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გახსოვდეთ, რომ დამდეგ წელს სოციალური და პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაბალანსებული. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ 2022 ჰარმონიული და პროდუქტიული პერიოდი იყოს თქვენთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი