ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა უნდა ითხოვოთ სამყაროსგან ძალთა ბალანსის ღამეს ანუ „მშვიდობის დროის“ დაწყებისას

№1

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 13.01, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დადგა ახალი, 2023 წელი და ყველას გვჯერა, რომ ფეხბედნიერი იქნება ის ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ქვეყნისა და საერთოდ, სამყაროსთვის. სწორედ ბედნიერი ახალი წელი რომ ჰქონოდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიცვა მრავალი სხვადასხვა წესი, ტრადიცია თუ მინიშნება და შეასრულა რიტუალები. მაგრამ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ იღბალი და ბედნიერება ხელიდან არ გავუშვათ ახალი წლის დადგომიდან პირველ დღეებში - ჩვენში მიღებული ძველით ახალი წლის აღნიშვნამდე, ამას ახლა შეიტყობთ. თუ რას გვირჩევს ხალხური მინიშნებები 1 იანვრიდან 14 იანვრამდე და ასევე, შეგვახსენებს იმასაც, რაც 1 იანვრამდე სამზადისში გამოგრჩათ და 13 იანვრის ღამისთვის შეგიძლიათ ჩაატაროთ - ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი მზია ლ.

- უძველესი დროიდან არსებობს ხალხური ტრადიციები და მინიშნებები როგორც ახალი წლის დასახვედრი ჯადოსნური ღამისთვის, ისე მისი შემდგომი, საზეიმო დღეების შესახებ და ახლა გაგაცნობთ ხალხურ მინიშნებებს 1 იანვრიდან ძველით ახალ წლამდე.

- პირველი იანვარი ცოტა მძიმე დღეა...

- მართლაც ეს დღე უმრავლესობისთვის „დუნეა“ და ეს არც არის გასაკვირი. მღელვარე ღამისა და გასტრონომიული ტკბობის შემდეგ, სხვანაირად არც იქნებოდა... მაგრამ წლის პირველ დღეს თავი უნდა დააღწიოთ ძილს და სამყაროს დააკვირდეთ... მაშ ასე, პირველ იანვარს: იმედგაცრუება და ტირილი ახლოს არ გაიკაროთ - თორემ ცრემლსა და სევდას მთელი წელი ვერ მოიშორებთ; თუ ამინდი პლუს ტემპერატურას უჩვენებს - წელი პურხვავიანი იქნება; დღის განმავლობაში თუ ტანსაცმელს რამდენჯერმე გამოიცვლით - გარდერობს მნიშვნელოვნად განაახლებთ; გამოცდილი მებაღეები ამ დღეს ხეებთან მიდიან და მერქანზე უკაკუნებენ - ეს ხეხილი ზაფხულში უხვად მოისხამს; 1 იანვარს დაბადებული ბიჭი - იღბლიანი იქნება; მოვაჭრეს კი მომგებიანი წელი ექნება, თუ ამ დღეს პირველ მყიდველს პროდუქტზე დიდ ფასდაკლებას გაუკეთებს; არც ვალის დაბრუნება ვარგა ამ დროს - სიღარიბეს მოიტანს, იგივეა - ფულის სესხების შემთხვევაშიც; ფულის მოსაზიდად კი, უმჯობესია, წლის ამ პირველ დღეს ზღურბლქვეშ მონეტა დადოთ. დაბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიგინოთ, თორემ მთელი წელი ჩხუბსა და კამათში გაივლის. მოკლედ, დაიწყეთ წელი მხიარულად, ბედნიერად და მთელ წელს ასე გაატარებთ.

– 2 იანვარი ხომ ბედობის დღეა...

- რაც შეეხება 2 იანვარს, ყველამ იცის, რომ ბედობაა. ხალხური მინიშნების მიხედვით, როგორ ხასიათზეც იქნებით ახალი წლის მეორე დღეს, რას გააკეთებთ და სახლში რა და როგორ გექნებათ, ისე გაგრძელდება მერე ყველაფერი წლის ბოლომდე. ოღონდ, არის აკრძალვებიც, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ 2 იანვარს: არ იყიდოთ ფეხსაცმელი, თორემ ნაადრევად მოგიწევთ იმქვეყნად გამგზავრება; ასევე, არ ისესხოთ ფული, მზის ჩასვლის შემდეგ არ იმღეროთ, შემთხვევით ქინძისთავი არ იჩხვლიტოთ. შემდეგი დღეები არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ყურადღებით იყავით 6 იანვარს - შობის წინა დღეს: ამ დროს არ ჭამენ ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლამდე; იხსენებენ გარდაცვლილის სულებს, ანთებენ სანთლებს. არც ძირფესვიანი დალაგება მოაწყოთ სახლში და საჭმელიც ძალიან უბრალო მოამზადეთ: პური, ფხალი, უცხიმო ფაფა. 6-იდან 7-ის ღამეს კი იწყება მშვიდობის ხანა, რომელიც გრძელდება 40 დღე. ამ პერიოდში ყველა ძალა - კოსმოსისა და დედამიწის, დაბალანსებულია. სწორედ ამ დროს შეიძლება და საჭიროცაა, რომ ისურვოთ და ითხოვოთ ის, რაც აუცილებელია თქვენთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე რაღაც ახალი უნდა მოითხოვოთ. თუ სწორად მოითხოვთ და მხოლოდ ერთი სურვილის ასრულებას - აუცილებლად აგიხდებათ.

- საინტერესოა, რას მიგვანიშნებს ხალხური გადმოცემები შობისთვის?

- 7 იანვარს საუზმესა და სადილზე არ შეიძლება წყლის დალევა და არც მოტყუება. რა თქმა უნდა, ტყუილი არც სხვა დროსაა მისაღები, მაგრამ ამ დღეს, განსაკუთრებით დაუშვებელია. არც ცხოველები დაივიწყოთ, იზრუნეთ მათზე, ხოლო, ვინც ამ დღეს ბილწსიტყვაობს, ხსნის იმედს ართმევს თავის წინაპრებს. 7 იანვრის დილას (ღამის პირველიდან დილის 5 საათამდე) ცა იხსნება და ამ დროს შეგიძლიათ, შესთხოვოთ სამყაროს ავადმყოფობისგან განკურნება და ცოდვების მიტევება. 8 იანვარს კი, ტრადიციულ საშობაო რიტუალებთან ერთად, მიღებულია, მოინახულოთ ნათესავები, დახმარების ხელი გაუწოდოთ და შეეწიოთ მათ, რითაც შეგიძლიათ. შემდეგია 12 იანვარი, რომელსაც ემთხვევა რიტუალი საქმეების წარმატებული წარმოებისთვის. აიღეთ დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის წითელი ძაფი, გააკეთეთ მასზე სამი კვანძი და შემოსასვლელი კარის ზღურბლქვეშ დადეთ შიდა მხრიდან. შემდეგ კი სამჯერ გაიმეორეთ ასეთი ფრაზა: „როგორც ეს სამი კვანძია შეკრული მტკიცეზე მტკიცედ, ისე ჩემი საქმეები (სახელი) გადაწყდება სწრაფად და წარმატებით“... და აი, მოახლოვდა 14 იანვარი, ძველით ახალი წელი. ჩვეულებრივ 13-დან 14-ის ღამის მინიშნებები ემთხვევა ახალი წლის ტრადიციებს. ამიტომ, თუ რაიმეზე გული გეთანაღრებათ, რომ ახალ წელს ისე ვერ დახვდით, როგორც გინდოდათ, შეგიძლიათ, ეს ახლა გამოასწოროთ.

- რას გვირჩევთ ძველით ახალი წლისთვის?

- უპირველესად, იზრუნეთ იმაზე, რომ ახალი წლის ღამეს სახლში აუცილებლად ენთოს ცეცხლი - ბუხრის ან სანთლის ალი - თანაც, დილამდე არ ჩაქრეს. ოჯახური ბედნიერებისთვის კი შვიდი მწვანე სანთელი აანთეთ. დალაგებული სახლი ძველმანების გარეშე, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს... და, რაც მთავარია, არას გარგებთ ცუდ ხასიათზე ყოფნა, ტირილი, მოწყენა, გაბრაზება და სინანული მიწურული წლის გამო. უმჯობესია, იმ ადამიანებს სთხოვოთ პატიება, ვისაც აწყენინეთ. ნაძვის ხე, რა თქმა უნდა, უკვე დადგით, მაგრამ კარგი იქნება, თუ წიწვოვანთა თაიგულს შეკრავთ ნაძვის, სოჭისა და ფიჭვის ტოტებისგან და კედელზე დაკიდებთ ან გვირგვინს დაწნავთ და შემოსასვლელ კარზე დაამაგრებთ, ასევე, გირჩების იკებანა საახალწლო სუფრაზე სიმდიდრის სიმბოლოა. სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაიწმინდება, თუ დაგვით ცოცხით, რომელსაც ნაძვის რტო აქვს დამატებული. იმასაც ამბობენ, ოცნება სწრაფად აგისრულდება, თუ მას ფურცელზე დაწერ და ქალაქის პარკში, ყველაზე დიდი ნაძვის ძირში ჩაფლავო. ხოლო, თუ ჯიბეში ნაძვის ორიოდ წიწვს ჩაიდებთ, მასში ფული აღარ გამოილევა; თუ ზღურბლზე წიწვებს მიმოფანტავთ, სახლში მხოლოდ სასურველი სტუმრები მოვლენ, არასასურველ მომსვლელებს კი წიწვების საფარი არ შემოუშვებს. დაბოლოს, დღესასწაულის დასასრულს, სახლში ნადგამ ნაძვს ნუ გადააგდებთ. უმჯობესია, დაწვათ, მისი ფერფლი კი სახლში, დაცულ ადგილას მოათავსეთ, როგორც თილისმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი