ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა უჩვეულო მინიშნებები უკავშირდება ფეხსაცმელებს

№8

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.03

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყველაზე საინტერესო მინიშნებები ფეხსაცმლის შესახებ - თუ გავიხსენებთ ხალხური მინიშნების საერთო რაოდენობას, მათ შორის ფეხსაცმელი უდავო ლიდერია. რატომღაც, ჩვენს წინაპართა შორის წინასწარმეტყველება სამგზავრო ჩექმებისა თუ ელეგანტური ქალის ფეხსაცმლის შესახებ მაღალი ნდობით სარგებლობდა. ამიტომ, ამჯერად ფეხსაცმელთან დაკავშირებულ ყველაზე უჩვეულო მინიშნებებს გაგაცნობთ, რაზეც ეზოთერიკოსი ქალბატონი ბელა ი. გვესაუბრება.

- ესე იგი, ფეხსაცმელმა ბევრი რამ იცის ჩვენ შესახებ?

- ვერც კი წარმოიდგენთ, რა მრავალფეროვანია ფეხსაცმელთან დაკავშირებული ხალხური მინიშნებები. რა თქმა უნდა, მისი სრული ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მათგან მხოლოდ ყველაზე უჩვეულოსა და საინტერესო მინიშნებებს გაგაცნობთ. ალბათ, ყველას გამოუცდია, როცა ფეხსაცმელს მოულოდნელად ძირი გასძვრა, ანდა ლანჩი შუაზე გადასკდა - გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინ უსიამოვნო ადამიანთან თუ გქონდათ ურთიერთობა? ეს ის შემთხვევაა, როცა პატრონისკენ მიმართულ ენერგეტიკულ დარტყმას ფეხსაცმელი იღებს და შესაბამისად, ზიანდება კიდეც. ფეხსაცმელი, რომელიც მოულოდნელად პირს აღებს და „ფაფას ითხოვს“, განიშნებთ, რომ: მტერი თქვენზე კბილებს ილესავს, რისთვისაც ყველაზე საზიზღარ და ბინძურ ხრიკებსაც არ ერიდება. ხუმრობით კი: ფეხსაცმელი ჩინურია და თავისით დაიშალა, რაც ამ დროში გაცილებით ხშირია. მაგრამ, თუ თქვენს ფეხსაცმელს ძირი სახლიდან გასვლამდე გასძვრა, გზა წარუმატებელი იქნება. უმჯობესია, ამ დღეს ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადოთ და ცოტა დაისვენოთ. მაგრამ, თუ შემთხვევით ფეხსაცმელზე წყალი გადაგესხათ, ეს ნიშნავს, რომ ბედმა შეიტყო რა თქვენი ფარული ოცნებების შესახებ, იმ ადამიანთან შეხვედრას გიმზადებთ, რომელზეც ფიქრი უკვე რამდენიმე დღეა, აგეკვიატათ. ყველაფერი ლოგიკურია: სუფთა ფეხსაცმლის გარეშე თქვენს რჩეულზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ.

- სახლში ფეხსაცმელი როგორ უნდა გვეწყოს, ამასაც მნიშვნელობა აქვს?

- დიახ და ამასთან დაკავშირებით უამრავი მინიშნება არსებობს. უპირველესად, არ დააწყოთ ფეხსაცმელები ცხვირით შემოსასვლელი კარისკენ, თუ მისი მფლობელის ბინიდან გასვლა არ გსურთ. თუ ოჯახის რომელიმე წევრს ჩვევად აქვს ფეხსაცმელი კარისკენ მიბრუნებულმა გაიხადოს ან ჩაიცვას, მის გონებრივ მდგომარეობაზე უნდა ინერვიულოთ. მიიჩნევა, რომ ასე იქცევა ის, ვინც სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობს და ქვეცნობიერად თავისუფლებაზე ოცნებობს. არც ფეხსაცმელების ჯვარედინად დაცემაა კარგის ნიშანი - ამ დროს გამოიყოფა უარყოფით ენერგია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ. სამაგიეროდ, ასო T-ს ფორმით დაწყობილი ფეხსაცმელი თუ ჩექმა, გადმოცემების მიხედვით, ღამის კოშმარებისა და კრუნჩხვებისგან ათავისუფლებს პატრონს. თუ ამ მარტივ კომპოზიციას ჩუსტებისგან გააკეთებთ და საწოლის ქვეშ დამალავთ, დიდი შანსია, სიზმარში საბედო ნახოთ. რატომაც არ უნდა გამოცადოთ პრაქტიკაში, ეს ხომ სულ მარტივია? ამობრუნებული, ძირით ზევით მიმართული ფეხსაცმელი კი, ხელს უწყობს სიმშვიდეს ყველგან, გარდა იაპონიისა, სადაც ეს პირიქით, ოჯახური ჩხუბის მომასწავებელია. არ შეიძლება ფეხსაცმლის დადება სკამზე ან მაგიდაზე, ეს პატრონს უბედურებას, ავადმყოფობასა და სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.

- და, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელებს შორის განსხვავება არ არის?

- ამ შემთხვევაში, კი. ექსტრავაგანტულ ქალბატონს, რომელმაც ფეხსაცმელი ასეთ უჩვეულო ადგილას დატოვა, ადრეული ორსულობა ელოდება და თუ ქალი თავად არ გეგმავს შთამომავლის გაჩენას, ნიშანი მის უახლოეს ნათესავზე გადადის. ახლა ისევ ზოგად ნიშნებს მივუბრუნდეთ და გავიხსენოთ, რომ ზოგჯერ ფეხსაცმელი ჭრაჭუნებს. ეს კი პატრონის ავადმყოფობას, ზოგჯერ კი, სინდისის ნაკლებობას უკავშირდება. თუ ცოტა ხნის წინ ვინმეს გული ატკინეთ, სასწრაფოდ სთხოვეთ პატიება და კონფლიქტი მოაგვარეთ. უფრო მეტიც, სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად „მოლაპარაკე“ ფეხსაცმლით უნდა წახვიდეთ და ის აუცილებლად გაპატიებთ. მაგრამ დებიუტანტი მსახიობისთვის სცენაზე ჭრაჭუნა ფეხსაცმლით გამოჩენა უდავო წარმატებაა! ხოლო, სპექტაკლის შემდეგ, გასახდელშიც თუ ნაჩქარევად დაგდებული ფეხსაცმელი იატაკზე პირდაპირ ძირით დაეცა, დიდება შორს არ არის.

- მაგრამ, თუ ფეხსაცმელი შემთხვევით ფეხიდან გაგვძვრა, მაშინ რა გველის“?

- გამძვრალი ფეხსაცმელი უკიდურესად ცუდის ნიშანია. თუ ეს გზაში მოხდა, თქვენს დაგეგმილ საქმეებს წარმატება არ უწერია, სხვა სიტუაციაში კი - სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს ნიშნავს. არც ფეხსაცმლის ქუსლის დაზიანებაა იშვიათი: თუ ქუსლი ძირს მოძვრა - ელოდეთ უბედურებას; მორყეული ან გადაქანებული ქუსლი - თქვენს მერყევ მდგომარეობაზე მიუთითებს, შესაბამისად, დაცემის თავიდან ასაცილებლად ზომები მიიღეთ. მაგრამ, თუ ქუსლი ასფალტში ჩარჩა - სასიხარულო სიურპრიზი დაგხვდებათ იქ, სადაც არ ელოდით.

- თასმებიან ფეხსაცმელზე რას გვეტყვით?

- რაც შეეხება ფეხსაცმლის თასმებს: თუ გაწყდა - ფულს მიიღებთ; თასმის შეხსნა - სიგნალია საფრთხის შესახებ; ხოლო პირიქით, განასკვა: მარცხენა ფეხზე - ჭორებია, მარჯვენაზე - ქება; ზოგი კი - თითოეულ კვანძს იღბლის წინასწარმეტყველებად მიიჩნევს და რა უხერხულობასაც არ უნდა უქმნიდეს ეს სიტუაცია, თასმის გახსნაზე არც კი ფიქრობს. თუ ფეხსაცმელს თასმებშეკრულს შეინახავთ - ფეხები აგტკივდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული