ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა თემატიკის სურათებს შეუძლია ოჯახში ბედნიერების შეტანა და რატომ უნდა შეინახოთ სახლში ერთი მუჭა რკო

№3

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 27.01, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ საახალწლო განწყობაა და შესაბამისად, კარგი ბედ-იღბლის მოსაპოვებლად ბევრი სხვადასხვა საახალწლო ტრადიცია, რიტუალი თუ მინიშნება უკვე შევასრულეთ, სურვილები ჩავიფიქრეთ, თუმცა მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება ოჯახის მომავალი კეთილდღეობა. ზოგიერთ ნივთს სახლში ბედნიერების შეტანაც შეუძლია და უბედურებისაც. ამიტომ, უმჯობესია, წინაპართა რჩევებს დაუგდოთ ყური და თუ ხსენებული ყოველი სიკეთე გნებავთ, უნდა გაარკვიოთ სახლში: როგორი სურათი სად უნდა დაკიდოთ, რის სიმბოლოა ბროლი, რკო, მრგვალი სარკე, რატომ უნდა დააგროვოთ მონეტები და იქონიოთ წითელი ძაფის გორგალი - ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ნანი ჩ.

- ნებისმიერ საცხოვრებელს თავისი დაფარული, განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებს. მასთან კომბინაციაში კი სხვადასხვა ნივთს სახლში მისი შესაბამისი სიკეთისა თუ ზიანის შეტანა შეუძლია. ბიოენერგეტიკოსების აზრით, ფინანსური ნაკადების სტიმულირებასა და ყოფითი კეთილდღეობის უზრუნველყოფას ახდენს სურათი კედელზე. განსაკუთრებით მძლავრი ფულადი აურა აქვს ზოგიერთ ნახატს. თუმცა, გააჩნია რა არის აღბეჭდილი მასზე: დადებითზე ორიენტირებული გამოსახულება, თილისმაზე ნაკლებად როდი მუშაობს.

- ალბათ, არ არსებობს ოჯახი, რომ ერთი სურათი მაინც არ ეკიდოს სახლში. საინტერესოა, როგორ ნიმუშს მოაქვს ბედნიერება?

- ხალხური მინიშნებები ძირითადად, სურათების ოთხ ტიპს გამოარჩევს, რომელსაც ბედნიერება შეაქვს სახლში. ამიტომ თავად განსაზღვრეთ, როგორი სურათები ღირს, რომ შეიტანოთ სახლში და კედლები დაამშვენოთ. მაშ ასე, ოჯახში რომ სიმშვიდე სუფევდეს და ყოველ მის წევრს ცოტა იღბალიც შეემატოს, კარგია, თუ საძინებელში განათავსებთ სურათს ზაფხულის პეიზაჟით. ფულად ნაკადებს გახსნის ყვავილების გამოსახულება, კერძოდ, იორდასალამის (პიონების) სახით, ოღონდ ყვითელ ტონებში არ უნდა იყოს. იორდასალამი ასევე, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოა. ურთიერთობების ჰარმონიზებას შეუწყობს ხელს სურათები წყვილი ფიგურებით, მაგალითად: გედების, მტრედების, დელფინების სახით. ასეთი წყვილები აღიქმება, როგორც: ოჯახური ღირებულებების, პატივისცემის, მეუღლეებს შორის და ახლობლებთან კომფორტული ურთიერთობის სიმბოლოდ. ასევე, აუცილებელია, სახლში იყოს სურათი, რომელზედაც წყლის დინებაა გამოსახული. მაგალითად, ჩანჩქერი - სიმდიდრისა და ფუფუნების შემომტანია. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ნახატი თუ პეიზაჟი უნდა იყოს ფერადი და ისეთი განწყობის შემქმნელი, რომ პოზიტიურ ტალღაზე გადაჰყავდეთ ვიზუალურადაც კი. მაშინ ოჯახში აღარ იქნება ჩხუბი და კონფლიქტები.

- მაგრამ არის სურათები, რომელთაც უნდა მოვერიდოთ?

- დიახ, მაგალითად, არ ღირს სასტუმრო და საძინებელ ოთახებში დაკიდოთ სურათები აგრესიული თემატიკით. განრისხებული ვეფხვებისა თუ ლომების ან სხვა მტაცებლების გამოსახულებას შეუძლია სკანდალების პროვოცირება და სახლის მცხოვრებთათვის ნეგატიური ფლუიდების გაგზავნა. ასევე, არ არის სასურველი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ამსახველი სურათები - შფოთვას იწვევს. მაგალითად: შტორმი ოკეანეში, ვულკანის ამოფრქვევა ან თოვლიანი მთიდან ზვავის ჩამოწოლა - ოჯახში სიმშვიდეს და კეთილგანწყობას დაარღვევს. ეს დესტრუქციული ენერგეტიკაა, რომელსაც შეუძლია, ოჯახს მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე წაართვას. ნურც შემოდგომის ეტიუდები გაგიტაცებთ. ეზოთერიკოსების აზრით, შემოდგომა - სახიფათო სეზონია ოჯახური ურთიერთობებისთვის. ამ დროს პარტნიორებს შორის ხშირია სიტუაცია, როცა ერთმანეთს ვერ უგებენ, რასაც ისინი განშორებისა და განქორწინებისკენ მიჰყავს. ამიტომ, არ ღირს, გარისკოთ და სახლში მსგავსი აურა დააგროვოთ.

- რაც შეეხება სხვა ნივთებს?..

- ყველა სახლში მოიძებნება ასევე, ბროლის ნივთები - სიმდიდრის, ცოდნისა და სისპეტაკის სიმბოლოა. ეს ნივთიერება განსაკუთრებულად იგროვებს შიგნით ენერგიას. ამიტომ, სავალდებულოა, სწორად მიუდგეთ და განკარგოთ ის. თუ სახლში სიღარიბე და მუდმივად სკანდალებია, მაშინ ბროლი მხოლოდ ნეგატივს დააგროვებს. ამიტომ, არ შეიძლება გამოყენებული ბროლის ფიგურებისა თუ მისგან დამზადებული სხვა ნივთების ყიდვა. არავინ იცის, როგორი ენერგეტიკით გაჯერდა ნივთი ადრინდელი პატრონის ხელში. თანაც, ვინ გაყიდის ნამდვილ ბროლს, თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აქვს? გაგიკვირდებათ და ძალიან კარგია, სახლში ერთ მუჭა რკოს მაინც თუ შეინახავთ. ის დღეგრძელობისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ზოგი რკოებისგან სპეციალურ სამაჯურსაც კი აკეთებს და ფანჯრის რაფაზე დებს.

- სარკეზე ბევრი რამ ვიცით, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მრგვალი სარკე?

- სარკე - ამ მისტიკურ ნივთს შეუძლია თავის მფლობელს იღბალიც მოუტანოს და ნეგატივიც. ყველაფერი დამოკიდებულია მფლობელის განწყობასა და იმაზე, თუ როგორ უვლის ამ ნივთებს. სპეციალისტები გვირჩევენ, კედელზე დავკიდოთ მრგვალი სარკე, რადგან მინიშნებების მიხედვით, ადამიანები ასეთი სარკის სიახლოვეს ბედნიერად ცხოვრობენ და ნაკლებადაც ჩხუბობენ. იდეალურია, თუ მას ხის ჩარჩო ექნება. ფულის თილისმა კი სულ ადვილად შეგიძლიათ მოიპოვოთ: ყულაბაში დააგროვეთ მონეტები. მართალია, თანამედროვე მსოფლიოში რკინის ფულის თავიდან მოშორებას უფრო ცდილობენ, მაგრამ სულ ტყუილად... განა ძნელია, მისი დაზოგვა?! ასევე, ბევრი გვირჩევს, ვიყიდოთ ჩინური გომბეშოს სტატუეტი და პირში მონეტები ჩავუყაროთ. იღბლისა და ბედნიერების სიმბოლოა გასაღებიც. ამისთვის კი საკმარისია, შესასვლელი კარის გვერდით ძველი გასაღებების აცმა დაკიდოთ. იაპონური ლეგენდის მიხედვით, სამი გასაღები ერთგული სიყვარულის სიმბოლოა. შეიძლება ძველი გასაღების გამოყენებაც, მთავარია, ის უცხოს არ გამოართვათ, რადგან შეიძლება ნეგატიური ენერგეტიკით იყოს დამუხტული. დაბოლოს, სიმდიდრის სიმბოლოა წითელი ძაფის გორგალი. ეზოთერიკოსების რჩევით, წითელი ძაფის მომცრო ხვეულა უნდა დადოთ ვიტრინაში ან თაროზე, თან ისე, რომ სხვას თვალში არ მოხვდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი