ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ასცდეთ

№20

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.05

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რა არ უნდა გააკეთოთ სხვასთან სტუმრობისას, რომ თავი არ დაიზიანოთ? – უცნობ, ნაცნობ თუ თვით, ყველაზე ახლო ნათესავის სახლის ენერგიებიც კი, შეიძლება თქვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი აღმოჩნდეს. იმავე ენერგიებს ატარებს მათ სახლში არსებული ნივთებიც. ამიტომ, რჩევებს იმის შესახებ, თუ რა არ უნდა მოიმოქმედოთ სხვის სახლში, რომ ამით თავად არ დაზარალდეთ და თუ მაინც მოგივიდათ ასეთი „შეცდომა“, როგორ დააღწევთ ხიფათს თავს, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი თენგო ლ.

- ყველა ვუშვებთ ისეთ შეცდომას, უფულობა და ჯანმრთელობის ზიანი რომ მოჰყვება, რასაც გარკვეული ენერგიების დაზიანება იწვევს. იმის გამო, რომ სხვის სახლში (თუნდაც ყველაზე საყვარელი ნათესავის) არსებული ენერგიები თქვენი არ არის, შეიძლება სრულიად არაჰარმონიული აღმოჩნდეს ის თქვენთვის. ხოლო, ვისაც: მხოლოდ შორიდან იცნობთ, თითქმის არ იცით, რას წარმოადგენს, ანდა ნათესავია, მაგრამ იშვიათად ხედავთ და ახლო ურთიერთობა არ გაქვთ, მათი სახლები შეიძლება თქვენთვის უკიდურესად უარყოფითი ენერგიებით იყოს სავსე. ამ ადამიანთა საცხოვრებლის ენერგიებს ატარებს მათივე კუთვნილი ნივთებიც, რომლებსაც ასევე, სიმბოლური და თილისმის დანიშნულება აქვთ. მათი არაჰარმონიული ენერგიები კი თქვენზეც გადმოდის.

- უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ?

- ამისთვის, უნდა განვიხილოთ: შედეგები; ჩამონათვალი იმისა, თუ რა არ უნდა გამოიყენოთ სხვის სახლში და მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გაწმინდოთ ენერგია და დაიცვათ თავი „აკრძალული“ ნივთის გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ, უბრალოდ, რომ მოდუნდეთ და ვიზიტმაც კარგად, ყოველგვარი უსიამოვნო შედეგების გარეშე ჩაიაროს: სხვის სახლში ხელი არ ახლოთ ზოგიერთ ნივთებს და არც გარკვეული მათგანის გამოყენება სცადოთ - ასე ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ შეცდომებს, ანუ „აკრძალული“ ნივთების გამოყენებას, ძლიერი ნეგატიური შედეგები მოსდევს. თქვენი პირადი ენერგია ძალიან ზარალდება, რაც გამოვლინდება ძალების დაკარგვით, უხალისობით, გაღიზიანებით, უმიზეზო ბრაზით, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართაც... ჯანმრთელობის მხრივ კი ეს გამოიხატება: ავადმყოფობათა გამწვავებითა და სწრაფი დაღლილობით, ანდა, მდგომარეობით, როცა მოდუნებას, დამშვიდებას, დაჯდომასა და მოსვენებას ვერ ახერხებ. ეს არის რხევა მუდმივი გადატვირთვისა და ძალების სრული დაკარგვის მდგომარეობებს შორის. რაც შეეხება ფულს, მისდამი დაქვემდებარებული ენერგიები გამოიწვევს ფულის გადინებას და ეს არ ეხება მხოლოდ ახალ ვალებს. აქ წაგებიანი შესყიდვებიც იგულისხმება. მაგალითად, რასაც ყიდულობთ, გატყდებათ, გაფუჭდებათ, უბედურებასა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. არ მოგეცემათ შესაძლებლობა, გაზარდოთ შემოსავალი, შეაჩეროთ ფულის დაკარგვის პროცესი, აღკვეთოთ ქურდობა, თაღლითური ოპერაციები თქვენი ფინანსების მიმართ.

- მაშ ასე, რა არ უნდა გამოვიყენოთ სტუმრად ყოფნისას?

- უპირველესად, არ ჩაიხედოთ ჯიბის სარკეში ან ისეთში, რომელშიც მხოლოდ თქვენს სახეს დაინახავთ. წვეულების დროს, სხვისი სავარცხლის გამოყენება არ შეიძლება, თუნდაც საკუთარი დის, დედის ან მეგობრის იყოს. არაფერს შეეხოთ და მით უმეტეს, არ გამოიყენოთ ის, რაც საერთო მაგიდაზე არ დევს და ყველა სტუმარს არ შესთავაზებენ - არ შეიძლება სამზარეულოდან აიღოთ რამე, ან ნებისმიერ სხვა ოთახში ხელით შეეხოთ რომელიმე ნივთს და მით უმეტეს, დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ. არ აანთოთ სხვისი სანთლები, იმ შემთხვევის გარდა, თუ საერთო მაგიდაზე დევს და მაშინაც სახლის პატრონმა უნდა გააკეთოს ეს. არ წაიკითხოთ და არც შეეხოთ სხვის ლოცვანს თუ ბიბლიას, არც სხვის წმინდა კუთხეში ილოცოთ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ძველად დასაკეც ხატებს ატარებდნენ. შესაბამისად, სალოცავად თქვენც ყოველთვის საკუთარი ხატი იქონიეთ თან.

- თუ ღამე გავათიეთ სხვის სახლში?

- თუ სიტუაცია ისე წარიმართა, რომ მოულოდნელად, წვეულებაზე ღამის გათევამ მოგიწიათ და პიჟამა თან არ გქონდათ, ისეთ რამეს მაინც ნუ გამოიყენებთ, რომელსაც თავსა და ფეხზე მოირგებთ. ასეთ დროს სწორედ ბალიშის ქვეშ დადებული ხატი გიხსნით არაჰარმონიული ენერგიებისგან. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, არ გამოართვათ მასპინძელს ყულაბიდან ამოღებული ან უბრალოდ, სახლში დადებული ფული. თანხა მან საფულიდან უნდა მოგცეთ. ასევე, არ გამოიყენოთ მასპინძლის კუთვნილი სუნამოს არომატები და კოსმეტიკის საშუალებები, განსაკუთრებით თვალებსა და ტუჩებზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ უძველესი, საუკუნეების წინანდელი მინიშნებაც, რომელიც ფინანსური ზარალისა და საშინელი უბედურების შესახებ გვაფრთხილებს - არავითარ შემთხვევაში არ ჩამოჯდეთ მასპინძლის საწოლზე! საერთოდ, ხშირად ხდება, როცა მასპინძელი მაქსიმალური სტუმართმოყვარეობის გამოსახატავად, საკუთარ საწოლს გითმობთ თქვენ ან თქვენს შვილებს - აუცილებლად თქვით ამაზე უარი!

- მაგრამ, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც გავაკეთეთ ან ოდესმე მოვიქცევით ასე სხვის სახლში - როგორ დავიცვათ თავი?

- თუ შესაძლებელია, რომ ეწვიოთ იმ ადგილს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი რამ მაინც გამოიყენეთ - სხვისი სახლის ნებისმიერ ადგილას სამჯერ, ჩურჩულით წარმოთქვით გამწმენდი სიტყვები. მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საკუთარ სახლში დადექით ნებისმიერი სარკის წინ და ასევე, სამჯერ გაიმეორეთ სპეციალური დამცავი და გამწმენდი სიტყვები... და აი, ისიც: „ვიბრუნებ ჩემსას და თავიდან ვიცილებ ყველაფერს, რაც ჩემი არ არის!.. და ეს ხდება ახლავე!“ გისურვებთ წარმატებებს: იყავით მდიდარი და ბედნიერი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული