ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს

№2

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.01

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ახალ წელსაც შევხვდით, ბედობაც იყო და არ იქნებოდა ურიგო, ახალი იმედებითა და მომავლის რწმენით აღვსილნი ხალხურ სიბრძნესაც თუ დავუგდებდით ყურს. ცრურწმენააო კი ამბობენ, მაგრამ რეალურად, ის „გამოწვდილი ხელია“ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან ბრძოლაში. ბედნიერება და პრობლემების გარეშე ცხოვრება კი ყველას ოცნებაა. საუკუნეების განმავლობაში აგროვებდნენ და აყალიბებდნენ ბედნიერი ცხოვრების წესებს ბრძენნი თუ მაგები, ხალხი კი ინიშნავდა და ყოველდღიურ ყოფაში იყენებდა. ამჯერად ჩვენი რუბრიკა ამ სასარგებლო რჩევათაგან მხოლოდ მას შემოგთავაზებთ, ბედნიერებასა და ფულს რომ გიწინასწარმეტყველებთ. თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თედო ჩ.

-ბედნიერი მინიშნება ყველგანაა, მხოლოდ მისი დანახვაა საჭირო. თითოეულს მაგიური ძალა აქვს და შესაბამისადაც რომ იმოქმედოს თქვენზე, მისი უნდა გწამდეს. უბრალო რჩევები გიკარნახებთ, როგორ შეძლებთ, გახდეთ ბედნიერი, ჯანმრთელი და მატერიალურად უზრუნველყოფილი. დღეს წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე ეფექტურ ნაწილს. თუმცა, ზოგი მათგანი ალბათ გეცნობათ, ზოგს გაიხსენებთ, ზოგს კი - პირველად გაიგებთ.

- დავიწყოთ ბედნიერებით...

- რა თქმა უნდა, თუმცა ფულიც მისი შემადგენელი ნაწილია. მაშ ასე, ცხოვრებაში უდიდესი გამართლება გელით, თუ სიზმარში ცისარტყელას ნახავთ. ჟანგიანი ლურსმნის პოვნა უნდა გიხაროდეთ, რადგან იმით ბედნიერებას „ჩააჭედებთ“ სახლში. შემთხვევით ნეხვში თუ ფეხი ჩაყავით, წარმატებას შიგ კუდში წაავლებთ ხელს. ფეხმძიმე ქალს თუ მუცელზე ხელს გადაუსვამთ, სიყვარულსა და სიხარულს დაიმსახურებთ. ხალი სხეულზე, რომელსაც სარკის გარეშე ვერ ხედავთ, იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში ბედნიერი და დაცული იქნებით. მზის ამოსვლისას გაღვიძება იღბლიანი დღის მაუწყებელია. თუ ჭიამაია დაგაფრინდათ სხეულზე ზურგზე კენტი წინწკლებით - გამართლებაა, ლუწით კი - სურვილის შესრულება. წვიმის დროს გზად წასვლა - მშვიდი და თავისუფალი მოგზაურობის საწინდარია. სამშაბათი და შაბათი ყველაზე კარგი დღეებია მოგზაურობისთვის. გამგზავრების წინ კი ძველი ფეხსაცმელი უნდა დაწვათ - გზაზე იღბალი გაგიღიმებთ. დაჟანგებული გასაღების ნახვა იღბლის გახსნაა. თუ გზად მაწანწალა ძაღლი აგედევნათ და დააპურეთ, შემოსავალი გაგიჩნდებათ. პირველ რიცხვში დაბადებული ბავშვი დიდხანს იცოცხლებს. თუ ცოლ-ქმარი უბრად დაისხამს ჩაის, მალე მათ შვილი ეყოლებათ. კაშკაშა მზის დროს წამოსულმა წვიმამ თუ დაგასველათ - წინ დიდი ბედნიერება გელით.

- ძნელია, იყო ბედნიერი, როცა ყოველდღიური ლუკმაპურისთვის გიწევს წვალება, ვალები გახრჩობს. საინტერესოა, რომელ მინიშნებას შეუძლია ამაში შველა?

- ამ მინიშნებების წყალობით არა მარტო მოსაბეზრებელ ვალებს დააღწევთ თავს, სახლში ფულის შემოდინებასაც შეუწყობთ ხელს. თავდაპირველად, გაგაფრთხილებთ: სანამ ვალს აიღებთ, განსაზღვრეთ თანხა, რომლის გასტუმრებასაც შეძლებთ და არასდროს მოითხოვოთ მასზე მეტი. ასე, თქვენს ფულს შეინარჩუნებთ. ფული ყოველთვის გაეცით მარჯვენა ხელით, ხოლო მიიღეთ - მარცხენათი. არ გადათვალოთ ის დღე-ღამის ბნელ პერიოდში - ამან შეიძლება თანხის ენერგია ჩააქროს. ფანჯრიდან რაიმეს გადაგდება ნიშნავს, რომ შემოსავალს დაკარგავთ. არ შეიძლება ხურდა ფული მთელ სახლში იყოს მიმოფანტული - უიღბლობა იცის. ერთ ოთახს ორი სხვადასხვა ცოცხით არ გვიან - ასე საკუთარ სიმდიდრესაც გაიტანთ სახლიდან. მაღაზიაში რაიმეს ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ საფულე მთლიანად არ დააცარიელოთ, თორემ სანამ შეძენილი ნივთები თქვენ გვერდითაა, მუდმივად ფინანსური პრობლემები გექნებათ.

- ახალ ბინაში როგორ უნდა შევიტანოთ ბარაქა?

- ახალ ბინაში შესვლისას ზღურბლთან ახლოს მოაბნიეთ ვერცხლი, რომ ოჯახი მუდამ სავსე იყოს და სახლშიც კეთილდღეობამ დაისადგუროს. საფულე ყოველთვის წესრიგში გქონდეთ, ფულს ნუ დაკუჭავთ და ნურც სხვადასხვა ნომინალის კუპიურებს აურევთ ერთმანეთში - ასეთი არეულ-დარეულობა აფრთხობს ფულის იღბალს. ცაზე თუ კაშკაშა მთვარეს დაინახავთ, საფულე დაუქნიეთ და თქვენი ფულიც დაანახვეთ - შემოსავალი გაიზრდება. სახლში სანტექნიკის ყველა წერტილი მოწესრიგებული უნდა გქონდეთ, თორემ ფული წყალივით გაედინება ოჯახიდან. მაგიდიდან ნამცეცები გადაწმინდეთ ტილოთი და არა - ხელით, თორემ უფულოდ დარჩებით. ჭიქა ყოველთვის ბოლომდე შეავსეთ და ასევე, მთლიანად გამოცალეთ, მაშინ გამდიდრდებით. არც დაალაგოთ, არც დახვეტოთ და არც ნაგავი გადაყაროთ საღამოს - იღბალი ხელიდან დაგისხლტებათ. ნუ აიღებთ ძირს დაგდებულ ფულს და სახლში ნუ მიიტანთ, რადგან მისი საშუალებით ჯადოს გადასცემენ ხოლმე. არ მიაწოდოთ ფული ზღურბლიდან - სიმდიდრეს თან გააყოლებთ. სამალავში ფულთან ერთად ჩადეთ ვერხვის ფოთოლი - ფულს მოიზიდავს. ნებისმიერი ნომინალის რამდენიმე კუპიურა დადეთ სუფრის ქვეშ - ფული მდინარესავით შემოედინება სახლში და არც არავინ გაგქურდავთ. ხელფასს მიიღებთ თუ არა, ერთი კუპიურა გადადეთ და ჯიბით ცალკე ატარეთ, ის თქვენს თილისმად იქცევა და ახალ შემოსავალს მოიზიდავს. მაგიდაზე არ დააგდოთ ჩანთა, შარფი და ნებისმიერი თავსაბურავი - სამსახურისა და ხელფასის გარეშე დარჩებით. სახლში ფული რომ არ გამოილიოს, სამზარეულოში ყოველთვის იქონიეთ სანელებლები, განსაკუთრებით კი, მიხაკი. ორშაბათს ფული არ გაასესხოთ, რადგან მთელი კვირა ზარალიანი იქნება, ხოლო სამშაბათს - არ ისესხოთ, თორემ ვალებიდან თავს ვეღარ დააღწევთ. ვალი წვრილი კუპიურებით უნდა გაისტუმროთ, ხოლო თუ მაღაზიაში რაიმეს ყიდულობთ, საფასური დაკეცილი ფულით გადაიხადეთ. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი