ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა კავშირი აქვს სხეულის „ენერგეტიკულ ნახვრეტს“ სიღარიბესა და წარუმატებლობასთან და როგორ შეიძლება მისი „ამოკემსვა“

№5

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 14.02

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ ადამიანს ნეგატივისგან მისი მტკიცე ჯავშანი - ბუნებრივი გარსი, ანუ უხილავი ენერგეტიკული ველი იცავს. საკმარისია, მისი მთლიანობა ოდნავ მაინც დაირღვეს, ანუ, როგორც იტყვიან, სადმე გაიხვრიტოს, რომ ეს ნახვრეტი თუ ნახვრეტები, თქვენი სიღარიბისა და წარუმატებლობის საწინდარი გახდება. თუმცა სამი მარტივი ხერხიც საკმარისია, რომ ეს საშიში ენერგეტიკული ხარვეზი უმალ აღმოიფხვრას. სწორედ ამ მოვლენასა და მის საწინააღმდეგო ხერხებზე გვესაუბრება დღეს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარი თ.

- კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, როდესმე თუ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ასე: ის, რასაც იუმორით აღიქვამდით გუშინ და მხოლოდ ღიმილს გგვრიდათ, მოულოდნელად, დღეს უკვე გაღიზიანებთ; ანდა, ადამიანი, რომელსაც 100 პროცენტით ენდობოდით და დარწმუნებული იყავით მის პატიოსნებაში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დღეს თქვენში უნდობლობას იწვევს; ცხოვრება კი სიამოვნებას აღარ განიჭებთ?

- რა ხდება ამ დროს?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ პრობლემა თქვენში, უფრო ზუსტად, თქვენი ბიოველის მდგომარეობაშია. როგორც მოგეხსენებათ, დედამიწაზე ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი ბიოველი, ანუ ენერგეტიკული სხეული აქვს. სწორედ ამ უხილავი, „ჯადოსნური“ გარსის წყალობითაა, რომ ჩვენ განუყოფლად ვართ დაკავშირებული სამყაროსთან. ის გვიცავს შინაგანი ენერგიის გადინებისგან. მაგრამ, როგორც კი ამ ენერგეტიკული ველის მთლიანობა ირღვევა, ნებსით თუ უნებლიეთ, მაშინვე ხელსაყრელი სამიზნე ვხდებით ნეგატიური ვიბრაციებისთვის.

- როგორ ვიგრძნობთ ამას?

- თავიდან ჩნდება აპათია, რასაც ჩვეულებრივ დაღლილობასა და ძილის ნაკლებობას მივაწერთ. მაგრამ, ეს მხოლოდ პირველი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომელსაც თან მთელი ჯაჭვი მოჰყვება: დაუსაბუთებელი შფოთვა, აკვიატებული აზრები, აუხსნელი აგრესია... და თქვენს ცხოვრებაში წარუმატებლობის სარტყელი იხსნება, რომელიც მშიერი ძაღლების ხროვასავით გდევთ „კუდში“, უფულობა ჭაობივით გიწოვთ და სასოწარკვეთა ცხოვრების მთავარი ლაიტმოტივი ხდება.

- რა უნდა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში?

- უნდა გადადგათ სულ რაღაც 3 ნაბიჯი: ჯერ გაწმენდა მოგიწევთ, შემდეგ „დაკემსვა-შეხორცება“ და ბოლოს ენერგიის შევსება. „მკურნალობის“ მეთოდები წარმოუდგენლად მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. მაშ ასე, დავიწყოთ გაწმენდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინაპრების დროს არ არსებობდა ისეთი ცნებები, როგორიც ბიოველი, აურა და ენერგიაა, მათ შესანიშნავად იცოდნენ, რამდენიმე წუთში როგორ ასუფთავებდა ცეცხლი ნეგატივისგან. შემთხვევითი კი არ იყო, საღამოობით ხალხი კოცონის გარშემო რომ იკრიბებოდა. მართალია, თანამედროვე ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალაქში, გაუჭირდება ყოველ ჯერზე, როცა კი გულს სევდა შემოაწვება, კოცონი ააგიზგიზოს, მაგრამ სანთლები ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუ შეგიმჩნევიათ: საკმარისია, სანთლის ალს 5 წუთით მაინც არ მოაცილოთ მზერა, რომ თვალზე ცრემლი მოგადგებათ და მასთან ერთად, ქრება სულიერი ტკივილიც, გაღიზიანება, წყენა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ სანთლის ალი ხელს უწყობს არა მხოლოდ შეძენილი ნეგატივის გაწმენდას, არამედ საგვარეულო წყევლასაც ხსნის.

- გამიგია, რომ სანთლის საშუალებით ენერგეტიკული პრობლემის თვითდიაგნოსტიებაც შეიძლება...

- დიახ, ეს ყველას შეუძლია. წინასწარ შეიძინეთ საეკლესიო სანთელი, ხელში ოდნავ გაათბეთ, მოათავსეთ სასანთლეში და სანამ ასანთს წაუკიდებდეთ, სამჯერ გაიმეორეთ: „მე ვარ ცვილის სანთელი!” ანთებული სანთელი კი ობიექტს მთელ სხეულზე შემოატარეთ. თუ წვისას სანთელი უცნაურ ხმებს გამოსცემს, შიშინებს, ტკაცუნებს, ბჟუტავს, ალი ხან აბრიალდება, ხანაც სულ მინავლდება, ცვილი კი უჩვეულოდ სწრაფად დნება, ეს უარყოფით ენერგიაზე მიუთითებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, სად, სხეულის რომელ უბანსა თუ ენერგეტიკულ ცენტრში იწყებს სანთელი უცნაურ ქცევას. სწორედ იქ იქნება დარღვეული ენერგეტიკული ველი, რის შემდეგაც აუცილებელია, გაიწმინდოთ ბიოველი, ჩაკრები და დაიყენოთ ენერგეტიკული ფარი.

- ანუ, ვუმკურნალოთ დაზიანებულ აურას?

- ნამდვილ სასწაულს ახდენს ზღვის მარილიანი წყლის აბაზანები ან მისი ტანზე გადავლება. ეს არა მხოლოდ კურნავს და აღადგენს ბიოველში არსებულ ხარვეზებს, არამედ უფრო აძლიერებს მას. ნეგატიური ენერგია, ჯადო, ავი თვალი და სხვა უწმინდურება უკანმოუხედავად დატოვებს თქვენს „ტერიტორიას“. თუ იმასაც დაამკვიდრებთ, რომ დროდადრო სახლში სარკეები მარილიანი წყლით გაწმინდოთ, ამით დაიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც. მოგეხსენებათ, სარკეს აქვს მეხსიერება და ნეგატიური ენერგიის დაგროვების უნარი, რასაც შემდეგ გულუხვად „უზიარებს“ ხოლმე თავის მჭვრეტელებს.

- ენერგიას როგორღა შევივსებთ?

- გაგიკვირდებათ და შინაური თუ მიუსაფარი ცხოველებისადმი სიყვარულით. იკითხავთ, რა შუაშიაო, მაგრამ ახსნა ძალიან მარტივია. ცხოველებს ძლიერი კავშირი აქვთ ბუნებასთან, რაც, სამწუხაროდ, ადამიანებმა დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დადებითი ენერგია გაგვიზიარონ, არამედ უარყოფითი - წაგვართვან. სწორედ ამით აღადგენს ცხოველი ენერგეტიკულ ბალანსს და აძლიერებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ასე რომ, გაუფრთხილდით თავს და ყური უგდეთ საკუთარ სულს, რომელიც უმალ გაცნობებთ, თუ ბიოველში ბზარი გაჩნდა. მომენტი არ გამოტოვოთ, რადგან პატარა ხვრელის ამოვსება ყოველთვის უფრო ადვილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა