ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გზით გაარკვევთ ვამპირი ხართ თუ დონორი და როგორ უნდა გამოთვალოთ საკუთარი ენერგიის ტიპი

№44

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ვამპირი თუ დონორი? - განსაზღვრეთ თქვენი ენერგიის ტიპი დაბადების თარიღის მიხედვით. როგორ? - გამოთვლის ამ მეთოდს, უფრო სწორად, ორ ნუმეროლოგიურ წესს შემოგთავაზებთ დღეს. ის, რომ ზოგ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ დაღლილი და ძალაგამოცლილი რჩებით, ხოლო ზოგიც ენერგიით გავსებთ, დამოკიდებულია ინდივიდუალურ პიროვნულ ენერგიაზე. ადამიანებს კი ამ ენერგიის მიხედვით ხუთ ტიპად ყოფენ. როგორია ეს ხუთეული და მათგან რომელ ტიპს განეკუთვნებით თავად, შეგიძლიათ, ეზოთერიკოს-ნუმეროლოგი ქალბატონის, ლილი ბ-ს რჩევების მიხედვით გამოთვალოთ.

- თუ შეგიმჩნევიათ, ზოგ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ დაღლილი და ძალაგამოცლილი რჩებით, ზოგი მეგობარი კი, მთელი დღით გმუხტავთ ენერგიით. ეს ყველაფერი ადამიანის პიროვნულ ენერგიაზეა დამოკიდებული, რომელიც ხუთ ტიპად ერთიანდება: ენერგეტიკული ვამპირი, ენერგიის გამცემი, ნეიტრალური, თეთრი და შავი მაგი. როგორც მოგეხსენებათ, ყველანი განსხვავებულები ვართ და განსხვავებული გვაქვს შეხედულებები, ხასიათი, ცხოვრების წესი და ასევე, ენერგიაც. როდისმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ მეგობრობთ ისეთ ადამიანთან, რომელიც, ცუდი ხასიათის მიუხედავად, კეთილგანწყობილი და ძალიან სასიამოვნოა თქვენთვის? - იმიტომ რომ, ერთმანეთთან ურთიერთობას ენერგეტიკული ველების საშუალებით ამყარებთ.

- როგორ უნდა დავადგინოთ საკუთარი ენერგიის ტიპი?

- ენერგიის ტიპის დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუმეროლოგია. ერთ-ერთი მეთოდით, თუ ვთქვათ, 16/08/1990-ში, დაიბადეთ, შეკრიბეთ ყველა ციფრი (ნულების გარდა) და მიღებული რიცხვი შეამცირეთ ერთნიშნა ციფრამდე: 1 + 6 + 8 + 1 + 9 + 9 = 34; 3 + 4 = 7. ესე იგი, თქვენი ენერგიის ტიპია - 7. ახლა ვნახოთ, როგორ ნაწილდება ეს ნომრები ცხრილში. ენერგეტიკული ვამპირი - ნომერ 1 და 2 ტიპის ადამიანებს აერთიანებს. ასეთ ვამპირს შეუძლია გარშემო მყოფების ენერგია მიიტაცოს. მათ გამუდმებით სჭირდებათ ძალების შევსება. სხვისგან ენერგიის მიღება კი შეუძლიათ როგორც შეგნებულად, ისე გაუცნობიერებლად. ენერგიის შთანთქმის პროცესი, ჩვეულებრივ ჩხუბის, კონფლიქტების, სხვა ადამიანთან ინტიმური საუბრების დროს ხდება. რაც შეეხება ენერგიის დონორებს, ისინი ნომერი 5 და 7 ტიპის ადამიანები არიან. გამცემია ის, ვინც ვამპირებს ენერგიას აძლევს. მათ თავად არ აქვთ შთანთქმის უნარი, ამიტომ, ენერგეტიკულ ვამპირებთან ხშირი კონტაქტით, სასიცოცხლო ძალები თანდათან ეწურებათ. ნეიტრალურებს 3, 6 და 8 ტიპის ადამიანები მიეკუთვნებიან, რომლებიც ენერგიას არც შთანთქავენ და არც კარგავენ. მათი ენერგეტიკული ველი საკმაოდ ძლიერი და უსაფრთხოა, რაც საშუალებას აძლევთ, ენერგეტიკულად ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყვნენ. თეთრი მაგი მე-9 ნომერია, რომელიც საკუთარ ენერგიას შესანიშნავად აკონტროლებს: როცა სხვას სჭირდება, შეუძლია, ენერგია მიაწოდოს, მაგრამ არასდროს ცდილობს, ის ვინმეს წაართვას. რაც შეეხება შავ მაგს, ის 4 ნომერია. თუმცა შავი ჯადოქარი შეიძლება იყოს ნეიტრალურიც და ამავე დროს, გახდეს ენერგეტიკული ვამპირიც. მათაც, თეთრი ჯადოქრების მსგავსად, შეუძლიათ გააკონტროლონ საკუთარი ენერგიის ხარჯვის პროცესი. რაც შეეხება მოცემულ ტიპებს შორის კავშირს, რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გამცემისა და ვამპირის წყვილი ძალიან წარმატებულია, თუ, რა თქმა უნდა, გამცემის ენერგია ორივესთვის საკმარისია. მაგრამ, თუ გამცემი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, აღნიშნული ტანდემი ნეგატიურია ამ ურთიერთობისთვის. ნეიტრალებისა და თეთრი ჯადოქრების კავშირი ძალიან წარმატებული, ყოველთვის მშვიდი და სტაბილურია. ბალანსი არსებობს თეთრ და შავ მაგებს შორის - ძალიან კარგად ექცევიან ერთმანეთს: ადვილად აბამენ კონტაქტს და არც საერთო ენის გამონახვა უჭირთ. უთანხმოებაა ვამპირებსა და შავ ჯადოქრებს შორის. თითოეული მათგანი ცდილობს, ერთმანეთის ენერგია შეიწოვოს, რაც ორივეს გაანადგურებს. ნეიტრალები ვერ ეთანხმებიან შავ ჯადოქრებს, რადგან არ შეუძლიათ, მაგი საჭირო დროს ენერგიით დამუხტონ. ენერგიის ტიპთა დანარჩენი კომბინაციები კი ნეიტრალურია.

- რას გვეტყვით მეორე ნუმეროლოგიურ მეთოდზე?

- ამისთვის დავუბრუნდეთ ისევ თავში ნახსენებ დაბადების თარიღს - 1990 წლის 16 აგვისტო, რომლისგანაც საბოლოოდ, მივიღეთ - 7. აქვე აღვნიშნავ, რომ ინდივიდის ენერგიაზე პასუხს აგებს ციფრი - 2. ამიტომ ამ ფორმულაში თავდაპირველ ჯამს - 34-ს უნდა გამოვაკლოთ დაბადების თარიღის პირველი რიცხვის, 1-ის 2-ზე ნამრავლი: 1*2=2. 34-2=32. მიღებულ 32-საც გავაერთნიშნებთ: 3+2=5 და საბოლოოდ, ყველა ციფრს თუ ერთ ხაზზე გავამწკრივებთ, მივიღებთ 168199347325-ს. დააკვირდით: მასში მხოლოდ ერთი 2-იანია. ეს ამ ადამიანის სუსტ ენერგიასა და იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ენერგეტიკული ვამპირი იყოს. ენერგეტიკული ვამპირები არიან ისინიც, საერთოდ რომ არ აქვთ 2 ამ გამოთვლაში. ამ ტიპის ადამიანების ფსიქოემოციური სტაბილურობა სუსტია და ხშირად განიცდიან შიშს; „არას“ თქმა უჭირთ და ეშინიათ სიახლის, დიდი დრო სჭირდებათ ძალების მოკრებისთვის და გონს მოსასვლელად. ამიტომ კარგია, ჩაერთონ სუნთქვით და ენერგეტიკულ პრაქტიკაში, მისდიონ იოგას და იყოლიონ ძაღლი, რომელიც დაკარგულ ენერგიას შეუვსებთ. 22-ის მქონენი ნორმალური, კარგი ენერგიის მატარებლები არიან და არ ეშინიათ ვამპირების; შეუძლიათ ენერგიის გაზიარება და ძალიან კარგი პარტნიორები არიან. 222-იან ადამიანთან კი, უმჯობესია, კონფლიქტს ერიდოთ - ის სხვებს ეხმარება (ხშირია მათში ექსტრასენსორული შესაძლებლობები) და შეიძლება ვამპირიც იყოს. 2222 ენერგიის დონორია ძლიერი პოტენციალით და „გემრიელი ლუკმა“ - ვამპირებისთვის, რადგან ძალიან მგრძნობიარეა. მას შეუძლია მკურნალობა ხელებით, მთავარია, ენერგია არ დამყაყდეს და დაჭაობდეს. მაგრამ, თუ 2222-მა რაიმე სახის სტრესი განიცადა, შეიძლება ენერგეტიკული ვამპირი გახდეს. რაც შეეხება ტიპთა შორის თავსებადობას, სიტუაცია ასეთია: 2 (2-ის არარსებობის დროსაც) თავსებადია 22-თან და 2222-თან; 22 თავსებადია ნებისმიერ კომპლექტ 2-თან; 222 ეთანხმება 22-სა და 2222, ხოლო 2222 თავს კარგად გრძნობს 2-სა და 222-თან. მართალია, ეს ვერსია საერთოდ არ ჰგავს პირველს, მაგრამ მის ეფექტურობას ნუმეროლოგიის მრავალწლიანი პრაქტიკა და გამოცდილება ადასტურებს. მათგან კი, რომელი სისტემა უფრო შესაფერისია თქვენთვის, თავად გადაწყვიტეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი