რა გავლენას ახდენს თვალის ფერი ადამიანის ბედსა და ხასიათზე
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.09, 2021 წელი
ხშირად ყოფილა, რომ სხვის შემხედვარეს გვინატრია, ნეტავ მასავით ცისფერი, მწვანე ან თუნდაც, შავი, თაფლისფერი თვალები მქონდესო. მაგრამ, ალბათ, არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თვალის ფერს ადამიანისთვის და რა გავლენას ახდენს ის მის ბედსა და ხასიათზე. როგორი პიროვნება იმალება ვიზუალის მიღმა, ამისთვის მხოლოდ მის აღნაგობაზე, სახის ნაკვთებსა და ჟესტებზე დაკვირვება არ არის საკმარისი. პიროვნების რეალური სახე მხოლოდ მის თვალებში აისახება. მაინც, რა შეიძლება გავიგოთ ინდივიდზე მისი თვალის ფერიდან გამომდინარე, ანუ, რას გვეუბნება თქვენი თვალები, - სწორედ ამას შეიტყობთ ეზოთერიკოს, ბატონ თამაზ ფ-სგან.
- რა თქმა უნდა, აღნაგობა, ნაკვთები თუ ჟესტიკულაცია თავის წილ ინფორმაციას გასცემს ადამიანის ხასიათის შესახებ, მაგრამ ჭეშმარიტი მჭევრმეტყველი ამ მხრივ, მხოლოდ თვალებია. ადამიანი, როგორც პიროვნება ურთულესი მექანიზმია და მის შეცნობას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. თუ როგორ უნდა გავიგოთ, რას წარმოადგენს დაკვირვების ობიექტი როგორც ინდივიდი და რას გვიყვება ამის შესახებ მისი თვალები, ამას მხოლოდ მისი თვალის შეფერილობა გასცემს.
- ალბათ, უფრო მუქი ფერის თვალი დომინირებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასეა და საინტერესოა, რა იმალება მის უკან?
- ვისაც ყავისფერი, თითქმის შავი თვალები აქვს, როგორც წესი, აქტიურობით გამოირჩევა, გულახდილი, მოსიყვარულე და ვნებიანია. ასეთი ადამიანისთვის მშვიდი ცხოვრების წესი მიუღებელია. დაწყნარებული, დალაგებული გარემო რომ შეიქმნას, ამისთვის თავისი ინიციატივიანობისა და იმპულსურობის ჩახშობა მოუწევს, რაც ნამდვილად არ არის მარტივი. საერთოდ, ვისაც ყავისფერი და შავი თვალები აქვს, ბუნებრივად მგრძნობიარეა, ყოველთვის იზიდავს გარშემო მყოფთა ყურადღებას, გონებამახვილობითა და სიბრძნით გამოირჩევა. ასეთი ინდივიდები ხშირად შეიძლება კაპრიზულებიც არიან, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ, დაიმსახურონ სხვათა კეთილგანწყობა.
- ყველაზე ველურ და იდუმალ, მწვანე თვალებზე რას გვეტყვით?
- მართლაც ძალზე იშვიათია, მწვანე, უფრო სწორად, ჭაობისფერი თვალები, რაც ყავისფრისა და ცისფრის ურთიერთზემოქმედების შედეგია. ასეთ თვალს ცენტრისკენ ყავისფერი დაჰკრავს, რომელიც კიდეებისკენ ღიავდება. მწვანეთვალება უმეტესად ჯიუტი და შეუპოვარია - მიზნის მისაღწევად, მზადაა, ყველაფერზე წავიდეს და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს. ენერგიულობა და ყოველთვის რაღაც აქტივობაში ჩართვა მისთვის იმდენად ორგანულია, რომ თუ დიდხანს მოუწია ერთ ადგილას ყოფნა, ძალიან იწყენს. მასთან უაღრესად საინტერესოა საუბარი: ნებისმიერ თემაზე შეუძლია აჰყვეს მოსაუბრეს მაშინაც კი, თუ განსახილველი საკითხი საინტერესოა მეორე მხარისთვის და არა - მისთვის. ასეთი თვალების პატრონს თამამად შეგიძლიათ, დაეყრდნოთ და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაც სთხოვოთ - ის არასდროს არავის ეუბნება ამაზე უარს.
- რაც შეეხება ლურჯ და განსაკუთრებით, ცისფერ თვალებს, როგორც გავრცელებულია, მართლა ქარაფშუტა ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი?
- არც მთლად მასეა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მუქი ცისფერი, თითქმის ლურჯი თვალების პატრონი ყველაზე ემოციური ადამიანია - ნამდვილი რომანტიკოსი და სენტიმენტალიზმისკენ მიდრეკილი. დაუცველი და ფაქიზი ბუნების ლურჯთვალას ადვილად აწყენინებ, თუმცა იმავდროულად, საოცრად სამართლიანი და პატიოსანია - თავის შეხედულებებს ბოლომდე დაიცავს. მაგრამ ნაკლი მასაც აქვს: ხშირად ქედმაღალი და ამპარტავანიცაა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, თუ ადამიანს ცისფერი თვალები აქვს, ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობიაო. სინამდვილეში, ასე სულაც არ არის. ასეთ ინდივიდს ცრემლებით გულს ვერ აუჩუყებ და თავს ვერ შეაცოდებ. რაც შეეხება ნდობას - არ გირჩევთ, რადგან მოჩვენებითი გულუბრყვილობის მიღმა, რთული ხასიათის პიროვნება დგას, რომელიც, რამეს რომ ჩაიფიქრებს, მის შესასრულებლად, თუ დასჭირდა, ყირაზეც გაივლის. ამ ყველაფერთან ერთად, ის ნამდვილი ფანტაზიორიცაა და თავის სამყაროში ცხოვრობს.
- დარჩა ნაცრისფერი და თაფლისფერი თვალები...
- ნაცრისფერთვალება შრომისმოყვარეობით გამოირჩევა - გამჭრიახი გონების, სანდო, წინდახედული და მომთმენია. მოთმინებით ელოდება, როდის მიიღებს ცხოვრებაში ყველაფერს, რაც დაიმსახურა. თუმცა მანამდე, გულხელდაკრეფილი როდი ზის ერთ ადგილას, წარმატების მისაღწევად ყოველთვის მზადაა, თავდაუზოგავად იმუშაოს. საერთო ჯამში, ის მშვიდი და გულღია ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მოსაუბრის კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ერთგულსა და სანდოსთან შეგიძლიათ, უშიშრად გააბათ ურთიერთობა და ნდობაც გამოუცხადოთ. რაც შეეხება თაფლისფერ ანუ ქარვისფერ თვალებს - მწვანისა და ყავისფერი შეფერილობის ურთიერთზეგავლენის შედეგია, რომელიც ხშირად ოქროსფერიც ჩანს და ადამიანებში ძალიან იშვიათია. ასეთი თვალების პატრონი თბილი, სუფთა გულის გახლავთ და დიდი სიხარულით ურთიერთობს გარშემო მყოფებთან. მისთვის მთავარია ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა. ძირითადად, სახლში ყოფნა უყვარს და თავს არიდებს ახალ შეგრძნებებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან