ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ძალა აქვს წყლის მაგიას და როგორ უნდა ჩამოირეცხოთ წვიმის წყლით სულში დაგროვილი ემოციური ჭუჭყი და გაიწმინდოთ ნეგატივისგან

№29

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 29.07, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

წყლის რისხვა, ანუ რა ძალა იმალება წყალში? - წყლის მაგია საკმაოდ ფართო ცნებაა შეუცნობელ სამყაროში და გაცილებით ეფექტურია მისი მოქმედება, თუ გაითვალისწინებთ, რა სახის წყალი რისთვის გამოიყენოთ და რა წესები დაიცვათ ამ დროს. ჩვენ ირგვლივ ხომ სხვადასხვა წარმოშობის წყალია და ყოველი მათგანი ასევე, სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს ჩვენზე. ახლა ზაფხულია და თითქმის ყოველდღე თუ არა, ძალიან ხშირად წვიმს, თუმცა ცხელი დღეები გაცილებით მეტია და ამ დროს მდინარის პირას ყოფნას არაფერი ჯობს. ამიტომ, ეზოტერიკოსი, ბატონი ოთარ ზ. ამჯერად, წვიმისა და მდინარის წყლის მაგიაზე, მის სარგებელსა თუ საშიშროებაზე გვესაუბრება.

- ჩვეულებრივი წვიმის წყალიაო, იტყვით, მაგრამ ენერგიის განახლებისა და გაწმენდის რიტუალებში სწორედ ის გამოიყენება. მაგალითად, თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ ცდილობთ, დაივიწყოთ წარსული, თავი დააღწიოთ უმოქმედობასა და აპათიას, იფიქროთ მომავალზე და ცხოვრების ახალი გზა აირჩიოთ - გადით კოკისპირულ წვიმაში და ციურ ძალებს შესთხოვეთ, სულში დაგროვილი მთელი ემოციური ჭუჭყი ჩამოგრეცხოთ, გაიწმინდოთ ნეგატივისგან და ახალი ემოციებით განახლებულ გზას დაადგეთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი ამისთვის, უდიდესი მაგიური ძალის მქონე, მაისის პირველი წვიმაა.

- მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა, წვიმის წყლით თავის დაბანა ძალიან კარგიაო...

- წვიმის წყლით თავის დაბანა თმას უკეთ ზრდის. მაგრამ, თუ სახეს, კეფასა და ზურგს - მთელ ჩაყოლებაზე, გულმკერდის მიდამოსა და ხელის მტევნებსაც წვიმის წყლით დაიბანთ, ეს ნეგატივსაც ჩამოგრეცხავთ და განგკურნავთ კიდეც. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, წვიმის წყალს რა დროს შეაგროვებთ. თუ ეს დილის 6-დან 7 საათამდე მოხდა, ზემოთ ჩამონათვალს, ასევე დაემატება: წარმატება სამსახურში - გეწვევათ ახალი იდეები; 7-დან 8-მდე - აყუჩებს გაურკვეველი მიზეზით წარმოქმნილ თავის ტკივილს, ხსნის ღამის კოშმარის შედეგებს; 8-დან 9-მდე - მატებს მხნეობას და აჩენს დამატებით სააზროვნო ენერგიას; 9-დან 10-მდე - ამსუბუქებს დეპრესიას, სევდას, ტანჯვას, განდევნის მანკიერ აზრებს და არ მოგცემთ საშუალებას, ცუდად მოიქცეთ; 10-დან 11-მდე - გულს აძლევს ენერგიას, აღვიძებს შემოქმედებით საწყისს, განგაწყობთ აქტიური, კონსტრუქციული ქმედებისთვის; 11-დან 12-მდე - დაგეხმარებათ სტრესისა და ფობიების დაძლევაში, მოხდება სულისა და სხეულის ჰარმონიზება; 12-დან 13-მდე - თავიდან აგარიდებთ გათვალვას, წყევლას, ჯადოს, ჩაახშობს შურისძიებისა და აგრესიის გრძნობას; 13-დან 14-მდე - გაააქტიურებს წინასწარმეტყველების უნარსა და ინტუიციას; 14-დან 15-მდე - ნორმალიზდება ფსიქოლოგიური პროცესი, რაც ხსნის ნერვულ აღგზნებადობას, ამშვიდებს სხეულს; 15-დან 16-მდე - „არსაიდან“ წარმოქმნის „ახალ“ ცოდნას, რაც წინასწარმეტყველებასაც არ გამორიცხავს; 16-დან 17-მდე - შეაქვს სიცხადე აზროვნებაში, შეგარიგებთ მოწინააღმდეგესთან, აგრესიას დაუცხრობს თქვენს მტერს; 17-დან 18-მდე - ჰარმონია შეაქვს ოჯახურ ურთიერთობებში, ხელს შეგიწყობთ, კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

- ღამის წვიმა განსხვავდება?

- ღამის წვიმას მხოლოდ მოგვები და ჯადოქრები იყენებენ თავიანთ შელოცვებში და ამიტომაც უწოდებენ „მოჯადოებულ წყალს“. რაც უფრო ძლიერი ქარი ქროდა ღამეული წვიმისას, მით მეტი ძალა ჰქონდა „მოჯადოებულ წყალს“. ასევე, მიაჩნდათ, რომ გამთენიისას, ან მზის ამოსვლისას შეგროვილ წვიმის წყალს წინაპრებთან („წინაპართა წყალი“) დაკავშირება შეეძლო. მას იყენებდნენ საგვარეულო ქონების დასაცავად, წინაპართაგან რჩევის მისაღებად, მომაკვდავის დასახმარებლად (სიკვდილო რომ გაადვილებოდა ან ამქვეყნად მობრუნებულიყო). ასე რომ, თუ ცხოვრების „შავ სარტყელში“ ხართ, შეგიძლიათ, საშველად ჩვეულებრივი წვიმით უხმოთ წინაპრებს. აი, შუადღის წვიმის წყალი, ანუ „მზის წყალი“ კი, დასტაქარ-მკურნალთა დამხმარეა. ის იდეალურია სამკურნალოდ, წამლების დასამზადებლად, ნეგატიური ენერგიის განსადევნად. თუმცა, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მაინც ისაა, თუ პირდაპირ წვიმას შეუშვერთ თავს; შემდეგია - თუ თქვენ მიერ არჩეულ დროს წვიმის წყალს ლითონის ჭურჭელში არ დააგროვებთ და მესამე - ბანაობა დამდგარი წყაროს წყლით. თუ ყველაფერს წესისამებრ ჩაატარებთ, შედეგი უკვე შემდეგ კვირაში დაფიქსირდება. თუ დაავადება სასიკვდილო არ არის, მისგან გათავისუფლდებით ქალაქგარეთ, აყვავებული მცენარეებიდან ჩამონადენი წვიმის წყლით. წყალი უნდა შეაგროვოთ შუადღის წვიმის შემდეგ, რომელსაც ორი დღის განმავლობაში მზის სხივებქვეშ დატოვებთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, საჭმელს დაამატოთ ან გამოიყენოთ სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად.

- რაც შეეხება მდინარის წყალს?

- მდინარის წყალი ყველაზე ხშირად გამოიყენება რიტუალებში სურვილის შესასრულებლად ან, სულიერი ტკივილისგან გათავისუფლებისთვის და გაუზიარებელი სიყვარულის დროს. მდინარის წყალში ჩაუშვით აღთქმული ნივთი (სასურველია, მსუბუქი, რომელიც კი არ ჩაიძირება, იტივტივებს), რომელსაც სურვილს ჩაუთქვამთ. სულიერი ტკივილის ან გაუზიარებელი სიყვარულის დროს, უმჯობესია, ტირილით მდინარესთან მოიოხოთ გული. დაუდგრომელი მდინარე თქვენს ცრემლებს თან გაიყოლებს, სურვილჩათქმულ ნივთს კი, წყლის ღვთაებას მიართმევს საჩუქრად. ის კი სურვილს შეგისრულებთ. ასეთი შემთხვევისთვის უკეთესია სწრაფი მდინარე: რაც უფრო შეუპოვარია ის, მით უფრო სწრაფად შეგისრულდებათ სურვილი. მდინარის დინებას სხვადასხვა სახის მკითხაობისასაც იყენებენ. ცნობილია, ღამის ბანაობისას თაიგულის მდინარეში გადაგდების რიტუალიც. თუ თაიგული არ ჩაიძირა და დინებას გაჰყვა, მისი მფლობელი მალე გათხოვდება, ხოლო თუ მდინარემ ის ნაპირზე გარიყა - კიდევ ერთ წელიწადს მოუწევს გოგონას ცდა, მაგრამ თუ ჩაიძირა - ეს ცუდის ნიშანია. გისურვებთ, მხოლოდ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი