ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა დროს შეიძლება, ძვირფასმა სამკაულმა უბედურება მოუტანოს პატრონს

№8

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.03, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ძვირფასეულობა, სამკაულები, აქსესუარები - ნივთები, რომლის მიმართაც უძლურია თითქმის მთელი მშვენიერი სქესი. ასეთი სამშვენისი ხომ მართლაც ამშვენებს და სასიამოვნო განწყობას უქმნის ყველა ქალს, თუმცა არსებობს საპირისპირო სიტუაციაც. ზოგიერთმა სამკაულმა შეიძლება პატრონს უბედურება, იმედგაცრუება მოუტანოს და ჯანმრთელობის პრობლემებიც შეუქმნას. შესაბამისად, საჭიროა იცოდეთ, რა შემთხვევაშია ძვირფასი სამკაულისა თუ აქსესუარის გამოყენება სახიფათო და როგორ შეიძლება ასეთი ნივთის ნეგატივისგან გაწმენდა. ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარი დ.

- არ გაიკეთოთ სამკაული ქვემოთ აღწერილი ხუთი შემთხვევისას, რადგან ამ დროს ის უბედურებას იზიდავს, - ასე დავიწყებდი ამ საუბარს და ეს იქნება გაფრთხილება ქალების იმ უმრავლესობისთვის, გულგრილი რომ არ არის სამკაულების მიმართ. მართალია, აქსესუარს შეუძლია, უბრალო სამოსიც კი მოდურად, ტრენდად აქციოს, სრულიად ახალი სახე შესძინოს და ამით კარგი განწყობა გაჩუქოთ, თუმცა, არის პირიქითაც. ზოგიერთ სამკაულს უბედურება და იმედგაცრუება მოაქვს პატრონისთვის და შეიძლება ჯანმრთელობაც კი შეურყიოს. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომელი სამკაულის გაკეთება არ შეიძლება და რა სიტუაციაში, რათა გალამაზებისა და სიამოვნების ნაცვლად, საკუთარ თავს არ ავნოთ.

- მაშ, რა შემთხვევაშია საყვარელი სამკაულის გაკეთება მფლობელისთვის სახიფათო?

- ასეთთა სიაში უპირველესად, ნაპოვნი სამკაული უნდა ვახსენოთ. ეზოთერიკოსების აზრით, ძვირფასეულობას უმეტესად იმ შემთხვევაში გადააგდებენ ხოლმე, როცა სიმდიდრის მოსაზიდი ან უიღბლობის, გათვალვისა თუ ჯადოს საწინააღმდეგო რიტუალები ტარდება. შესაბამისად, ასეთი რიტუალის შემდეგ გადაგდებული სამკაულის აღება სახიფათოა, შეიძლება მისი ყოფილი მფლობელის კარმა გადმოჰყვეს. ეს კი საშიში ლატარიასავითაა: ვიღაც ბედს ეწევა, სხვები კი ავადმყოფობასა და უბედურებას შეეყრებიან. ამიტომაც, არ ღირს ნაპოვნი აქსესუარის მაშინვე გაკეთება: თუ ძალიან მოგეწონათ, გაწმენდის რიტუალი ჩაუტარეთ.

- ლომბარდში დაგირავებული აქსესუარების შეძენაც სარისკოა?

- დიახ, რადგან ძირითადად, ასეთ სავაჭრო ადგილებში ძვირფასეულობა შემთხვევით იშვიათად ხვდება. არც ისაა მიზეზი, რომ წინა მფლობელს ნაკეთობა არ მოსწონდა და იმიტომ ჩააბარა. საქმე ისაა, რომ უმეტესად, სამკაულების პატრონი ასე მაშინ იქცევა, როცა გამოუვალ მდგომარეობაშია: სასწრაფოდ სჭირდება ფული ან რთული ცხოვრებისეული სიტუაცია შეექმნა. თუ ეცდებით, რომ ასეთი გზით გაცილებით იაფად შეიძინოთ სასურველი სამკაულები, ისიც გაითვალისწინეთ, მასთან ერთად, შეიძლება, ყოფილი მფლობელის უსიამოვნებებიც გერგოთ მემკვიდრეობად, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ცხოვრებაში. ამავე პუნქტის დამატებად შეიძლება განვიხილოთ შემთხვევები, რომელიც მოპარულ სამკაულებს ეხება. რადგან არცთუ იშვიათად, ლომბარდში ხვდება აქსესუარები, რომლებიც გამყიდველს არცთუ კანონიერი გზით ჩაუვარდა ხელში, მოპარულ სამკაულებს კი მძიმე ენერგია აქვს. მიიჩნევა, რომ ძვირფასეულობის დაკარგვისას, მფლობელი ავადმყოფობას და ტანჯვასაც თან ატანს დაკარგულ ნივთს, რომელიც შემდეგ მის ახალ მფლობელს გადაეცემა.

- ნაჩუქარ ძვირფასეულობასაც ეხება ეს?

- იმ შემთხვევაში, თუ საჩუქარი შურიანი ადამიანისგანაა. თქვენს კოლექციაში შეიძლება ისეთი ადამიანების მიერ ნაჩუქარი ძვირფასეულობაც მოიძებნოს, რომლებიც კარგა ხანია, წარსულში დატოვეთ. მათთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ აგერიათ, თუმცა საჩუქრები დარჩა. ასეთი შეიძლება იყოს საყურე, სახსოვრად ყოფილი დაქალისგან ან სულაც - ექსგულისწორისგან. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნაჩუქარ ნივთებში დაგროვილმა ნეგატიურმა სურვილებმა შეიძლება, უიღბლობა და ავადმყოფობა მოგიტანოთ. ასევე, უნდა ვახსენო ხელოვნური ქვები. მიჩნეულია, რომ მინერალები წლების განმავლობაში აგროვებენ წყლისა და მიწის ენერგიას, რომელსაც შემდეგ თავიანთ მფლობელს გადასცემენ. ხელოვნური ქვა კი, პირიქით, თავად სრულიად ცარიელია და ენერგიას პატრონისგან იღებს. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, თუ ხელოვნურ მინერალებს მუდმივად ატარებთ, გადაიწვებით, დაგეწყებათ აპათია და დაღლილობა. ასეთ შემთხვევაში სამკაულების მოყვარულები იტყვიან: აბა, რა ვქნათ, თუ ნატურალური მინერალები ძვირია და ხელი არ მიგვიწვდებაო. მაგრამ ბუნებრივ ქვებს შორისაც არის ბიუჯეტური სახეობა, მაგალითად: ფირუზი, ვარდისფერი კვარცი, ძოწი. ეცადეთ, ისეთი მინერალი აარჩიოთ, რომელსაც საკუთარი ენერგეტიკა და ისტორია აქვს.

- რა ვქნათ, თუ სახიფათო ქვების სიაში ისეთებიც მოხვდა, ძალიან რომ მოგვწონს?

- გამოსავალი აქაც არის. სამკაული უნდა გაწმინდოთ. ამისთვის კი სპეციალური რიტუალების ჩატარება მოგიწევთ. გაწმენდის ყველაზე მარტივი წესია - სამკაული გარეცხოთ გამდინარე წყლის ჭავლქვეშ და შემდეგ ფანჯრის რაფაზე დადოთ, რათა აქსესუარი მზის ენერგიით დაიმუხტოს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი, რადგან მიიჩნევა, რომ მას ნივთის ნეგატივისგან გაწმენდა შეუძლია. თასი გაავსეთ მარილით, მოათავსეთ შიგ სამკაულები ორი დღით, შემდეგ გარეცხეთ, ხოლო მარილი გადაყარეთ. ამის მერე შეგიძლიათ გაწმენდილი სამკაული შიგადაშიგ გაიკეთოთ და თან, დააკვირდით, რა გავლენას ახდენს ის თქვენს განწყობაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი