ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ჩვევით მიგანიშნებთ სამყარო, რომ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს ასცდით და როდის ხდება ადამიანი მუდმივი არეულობის მძევალი

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 15.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

გჯერათ თუ არა ზეციური მინიშნებების, ფაქტი ფაქტად რჩება: სამყარო ბედნიერებას ყოველ ჩვენგანს უგზავნის, თუმცა სწორი კურსიდან თავად ადამიანი გადაუხვევს-ხოლმე. სამყარო კი მათ გასაჭირში არ ტოვებს - გამაფრთხილებელ სიგნალებს უგზავნის და ცდილობს, სწორ გზაზე დააბრუნოს. მაგრამ რამდენად ამჩნევს ამას ადამიანი, ეს სხვა საკითხია. ამიტომ, ბედს რომ არ ასცდეთ და ცხოვრებაში არ დაიკარგოთ, სამყაროს უნდა ენდოთ და შეძლოთ მისი მინიშნებების ამოცნობა. სწორედ ამ „ზეციურ გზავნილთა“ ამოსაცნობად მოგვცემს დღეს რჩევებს ეზოთერიკოსი, ბატონი გელა ფ.

- გაფრთხილება სამყაროსგან მინიშნებების სახით, სწორედ რომ შუქურაა ქარიშხალში, რომელიც სწორ, უსაფრთხო გზას გიჩვენებთ და მიგიყვანთ იქ, სადაც ბედნიერი ცხოვრება გელით. თუმცა, არ გეგონოთ, ეს სიგნალები ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში რაიმეთი გამორჩეულია. ამიტომაცაა ის ძნელი ამოსაცნობი მოუმზადებელი ადამიანისთვის და შეიძლება იგნორირებული დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები ყველასთვის ერთნაირია, მასში ცალკეული ინდივიდის სურვილები და მიზნებია გათვალისწინებული.

- რა სახის სიგნალებით მიგვანიშნებს სამყარო, რომ ცხოვრების სწორ გზას ავცდით?

- ეს რჩევებია გზამკვლევი ბედნიერი ცხოვრებისკენ... და რა მიგითითებთ ამაზე? - გაგაცნობთ ცხრა მინიშნებას სამყაროსგან და ჩამონათვალში პირველი თავს იჩენს იმით, რომ ხშირად კარგავთ ნივთებს. ამ დროს ადამიანი მოულოდნელად დაბნეული ხდება: ხშირად კარგავს პირად ნივთებს, სადმე რჩება ან თავის ადგილას აღარ აბრუნებს, ეს სიგნალია სამყაროდან, რომ ამ მომენტში თქვენი ადგილი არ გიჭირავთ - სწორი გზიდან გადაუხვიეთ. ამიტომ, გზის გაგრძელებამდე კონცენტრირება უნდა მოახდინოთ და „მიწაზე დაეშვათ“. უყურადღებობა და გულმავიწყობა, ასევე, მესიჯია სამყაროსგან იმის დასარწმუნებლად, რომ თქვენს ამოცანებსა და მიზნებზე ფოკუსირება ღირს. შემდეგია მუდმივი არეულობა - როცა გაუთავებელი არეულობის მძევალი ხდებოდით: მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ალაგებთ და ასუფთავებთ, ხელიდან არ გაგიგდიათ ტილო, ცოცხი და მტვერსასრუტი, რატომღაც, მაინც უწესრიგობა დომინირებს თქვენს სახლსა თუ სამუშაო ადგილზე. და რაც არ უნდა ეცადოთ, სისუფთავის შენარჩუნებას, ამას მაინც ვერ ახერხებთ. ხშირად იშორებთ ძველ, უსარგებლო ნივთებს, მაგრამ ის მაინც არ მცირდება? ესეც ნიშანია და გულისხმობს, რომ სიტუაციას სწორად ვერ აფასებთ. სამყარო წარსულის მძიმე ტვირთზე მიგანიშნებთ, რომელიც დღემდე ვერ განაგდეთ თქვენი ცხოვრებიდან.

- როგორც ვხვდები, ეს ერთგვარი მოუხერხებლობითა და დაბნეულობით ვლინდება?

- დიახ და უნდა იცოდეთ, რომელი ქცევა რის მანიშნებელია. მაგალითად, თუ ხშირად ირღვევა, ინგრევა, ფუჭდება ნივთები თქვენს სივრცეში, თან გაუგებარი და უცნაურია მიზეზებით, ამით სამყარო მიგითითებთ, რომ თავად ბლოკავთ საკუთარ შესაძლებლობებს და არც კი ცდილობთ, რაიმე შეცვალოთ ცხოვრებაში. არადა დროა, მიატოვოთ თავში ჩაბეჭდილი შაბლონები და სტერეოტიპები და სიახლეებისთვის მოემზადოთ. დიდი ხანია, ერთ ადგილს ტკეპნით და საქმე წინ ვერ მიიწევს. ასევე, თქვენი მოუხერხებლობის გამო, თუ ყველა კუთხე-კუნჭულში ფეხი გიცდებათ და სწორ ადგილასაც კი ფორხილებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ჩქარობთ, ცდილობთ, დროს გაუსწროთ. ამ მარადიულ რბოლაში კი სასიცოცხლო ენერგიას კარგავთ, გამოტოვებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. ტემპი შეანელეთ, დაფიქრდით და სანამ სვლას განაგრძობთ, მოუსმინეთ ინტუიციას. რადგან საკუთარ თავს ყურს აღარ უგდებთ, სიმართლეც გამოგეპარებათ. ამიტომ, ჩაუღრმავდით დეტალებს და ბედის საჩუქრის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ის ხომ ცხვირწინაა, უბრალოდ, ხელი უნდა გაიწვდინოთ და აიღოთ. შემდეგი მინიშნებაა დაგვიანება - ყველგან და ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ფოკუსი წარსულზე ან შორეულ მომავალზე გადაიტანეთ, აწმყოს კი ჩამოშორდით. ყოველი დაგვიანება არასინქრონიზებულ ცხოვრებაზე მიუთითებს - თავს არ ზოგავთ, მაგრამ დრო მაინც არ გყოფნით დაგეგმილის განსახორციელებლად. ეს არ მოხდება, ცხოვრების დინებას თუ მიჰყვებით. ასეთი დისბალანსი მუდმივ შეფერხებებსა და დაგვიანებას იწვევს. სამყაროს სიგნალია ხშირი ავადობაც - თუ ავადმყოფობა ერთმანეთს მიეწყო, ეს ნიშანია იმისა, რომ სუსტ მხრებზე მძიმე ტვირთი აიკიდეთ, თან, არა საკუთარი თავის, არამედ სხვის გამო. სხვისი პრობლემების მოგვარებაში, საკუთარი - გავიწყდებათ. ამ სიტუაციაში აუცილებელია, შეჩერდეთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ: დაივიწყეთ სხვისი პრობლემები, მოიცილეთ არაჰარმონიული მომენტები და შეცვალეთ ცხოვრების კურსი.

- დარჩენილი სამი მინიშნება რაღას ეხება?

- ერთ-ერთია დაუმთავრებელი საქმე - როცა რაიმე პროექტზე მთელი მონდომებითა და შთაგონებით იწყებთ მუშაობას, მაგრამ მალე ძალები გეწურებათ, ინტერესი ქრება და მისი დამთავრება აღარ გინდათ, ნახევარ გზაზე ტოვებთ საქმეს. სამყარო კი მიგანიშნებთ, იპოვოთ რაიმე მოტივაციისთვის, რაც სულში დისბალანსს აღმოფხვრის. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ საქმე, რომელზეც მუშაობთ, თქვენი არ არის და მასზე ძალისხმევისა და დროის ხარჯვა არ ღირს. ეს გზა სხვისია. ამიტომ, მშვიდად ადევნეთ თვალი საკუთარ ცხოვრებას და დარწმუნდებით, რომ ის მართლაც არ არის თქვენი. შემდეგი მინიშნება მოწყენილობა-სევდით გამოიხატება - არც ფიზიკურად ხართ დაღლილი და არც აფორიაქების მიზეზი გაქვთ, მაგრამ სულ მოწყენილი, სევდიანი ხართ, შფოთავთ. ესეც ნათელი სიგნალია სამყაროსგან, რომ დროა, გაარკვიოთ, სად გაედინება თქვენი ენერგია. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს: ტოქსიკური ადამიანები თქვენს გარემოცვაში; სამუშაო, რომელიც არ მოგწონთ; პროფესია, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მოწოდებას, ან წარსულის ტვირთი, რომლის მოცილებაც ძალიან დაგაგვიანდათ. გახსოვდეთ, ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით და იმედგაცრუების მიზეზი არ გაქვთ. მოწყენილობა მაშინ იჩენს თავს, როცა დასახულ მიზნამდე მისვლის აზრს კარგავ. დაბოლოს, როცა ცვლილებები არ გსურთ - ხმამაღლა საუბარი კი არა, ფიქრიც კი არ გინდათ იმაზე, რაც გაწუხებთ? ეს ნიშნავს, რომ საკუთარი აზრების გეშინიათ და სურვილებს იკავებთ. იცით, რა მიმართულებითაც უნდა იმოძრაოთ, მაგრამ ამის დაწყებას უფრთხით. ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ, მოუსმინეთ უმაღლეს ძალებს და არაფერი გამოგრჩეთ, ისინი ხომ ყველანაირად ცდილობენ, დაგეხმარონ. მაშინ ცხოვრება ყოველთვის იქნება სავსე ნათელი ფერებითა და ყოფითი ბედნიერებით. თქვენი ცხოვრებისეული ორიენტაციაც სწორი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...