ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა არის ჩაკრა და რით კვებავს ის ფიზიკურ სხეულს

№41

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ცოტა თუ იქნება ისეთი, ვისაც ჩაკრაზე არაფერი სმენია, მაგრამ ბევრმა ნამდვილად არ იცის: რა ფენომენია ჩაკრა და რა მოქმედებებს ასრულებს ის ადამიანის სხეულში. ამიტომ, თუ გაინტერესებთ: ვინ გრძნობს და ვინ - არა ადამიანის ენერგეტიკული ველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ჩაკრათა სისტემის მუშაობას სხეულში, როგორ გამოიყურება და ორგანიზმის რა ნაწილებშია ის განლაგებული, ან რა ასახვას ჰპოვებს მისი ცვლილებები ადამიანის ფიზიკურსა თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამ ყველაფერზე ისაუბრებს, ეზოთერიკოსი, ბატონი ნიკო ტ.

- ადამიანი ძალიან მრავალმხრივი სტრუქტურაა. თუმცა, ბევრს სჯერა, რომ ფიზიკური სხეულის გარდა, არაფერი არსებობს და სარწმუნო მხოლოდ ისაა, რაც თვალისა თუ გრძნობებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგრამ შეგახსენებთ, რომ არსებობს ფენომენი - სინესთეზია, რაც ბერძნულიდან თარგმანში ერთდროულ შეგრძნებას, ერთობლივ გრძნობას ნიშნავს და ასეთი ადამიანი ფერის თუ ბგერის აღქმისას, სუნს ან გემოსაც გრძნობს - მას რომ უთხრა, ფერს სუნი არ აქვსო, ვერ გაგიგებს, რადგან მისი აღქმის პრიზმა სულ სხვაგვარია. ასეა ნათელმხილველობაშიც - ექსტრასენსორული აღქმის მქონე ადამიანს შეუძლია ნატიფი ენერგიები მზერით დაიჭიროს. სწორედ ასეთი შესაძლებლობების საშუალებით ხდება ადამიანის ენერგიის უფრო ღრმად შესწავლა და მისი დაფარული მხარის დეტალური კვლევა. მაგალითად, ადამიანის ენერგეტიკული ველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩაკრათა სისტემა. ზოგი სხეულში ჩაკრების მუშაობას გრძნობს, ზოგი კი - ვერა, თუმცა თავად სისტემის მოქმედებაზე ეს არ აისახება.

- რა არის ჩაკრა და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანებისთვის?

- ადამიანის ჩაკრათა სისტემა ფიზიკურ სხეულთან ძალიან ახლოსაა, მის ეთერულ სხეულში - ეთერულ ორეულშია განლაგებული და ენერგიათა ნაკადების გამტარია, რაც ადამიანის ფიზიკურ სხეულს კვებავს. ეთერული სხეული ერთგვარი გარდამავალი ხიდია ჩვენს ფიზიკურ სხეულსა და ნატიფ სიბრტყეს შორის და სწორედ ამ უკანასკნელიდან იღებს ჩაკრათა სისტემა ენერგიებს, რის გარეშეც ადამიანის სხეული ვერ იარსებებს. როგორც დისტანციური მართვა შეუძლებელია ბატარეების გარეშე, ან მანქანის - საწვავის გარეშე, ანალოგიურად, სხეული ვერ იმუშავებს ნატიფი სივრცის ენერგიათა გარეშე.

- როგორ გამოიყურება ჩაკრა?

- ჩაკრა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც „ბორბალი“. უფრო ესთეტიკური აღქმისთვის კი, ჩაკრებს ლოტოსის ყვავილების სახით გამოსახავენ და თითოეულ მათგანს ფურცლების გარკვეული რაოდენობა აქვს. სინამდვილეში, ჩაკრა ჰგავს ველოსიპედის ბორბალს, რომლის ცენტრში არსებული, საქსოვი გორგალის მსგავსი ბირთვიდან სხვადასხვა მიმართულებით „იშლება ძაფი“, ანუ წრფივი ღერძები და ენერგიათა ნაკადს უმაღლესი დონიდან უწყვეტად აწვდის ადამიანის ფიზიკურ სხეულს - ნატიფი და ფიზიკური სხეულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. რაც მეტადაა განვითარებული ჩაკრა, მით უფრო ძლიერია ეს ნაკადი. ღერძული სხივების რაოდენობა კი თითოეული ჩაკრისთვის განსხვავებულია და სწორედ ამ დროს ემსგავსება მათი გამოსახულება ზემოთ ნახსენებ ლოტოსის ფურცლებს. ჩაკრათა მთელი სისტემა ზურგიდანაა მიმაგრებულ ხერხემლის პროექციას ეთერულ სხეულში (და არა წინა მხრიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ სურათებზეა გამოსახული). ეს მიმაგრება შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც მკვრივი ღერო ფესვურათი, რაც ნებისმიერ ყვავილს აქვს. სწორედ ეს ღერო ატრიალებს „წისქვილის ქვასავით“ ჩაკრას ბორბალს „საკუთარ თავზე“. თუ გავითვალისწინებთ ჩაკრების მიმაგრების წერტილებს ადამიანის ეთერულ სხეულზე (ეთერულ ორეულზე), ზურგიდან მათი განლაგება შემდეგნაირია: პირველი ჩაკრა კუდუსუნის არეშია; მეორე - წელის; მესამე მზის წნულის უბანში; მეოთხე - მხრის ლავიწის ძვლებს შორის; მეხუთე - კისრის უკანა, ხოლო მეექვსე - თავის უკანა მხარე და ბოლოს, მეშვიდე - თავის გვირგვინის ზემოთ.

- როგორ მუშაობს ჩაკრა?

- როდესაც შემოქმედის ენერგია ჩაკრის ცენტრში იღვრება, ამ პროცესის ამსახველი სურათი ჰგავს სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილ სწორხაზოვან სხივებს. სწორედ ეს სხივებია ზემოხსენებული ჩაკრათა წრფივი ღერძები, რომელთა რაოდენობა ჩაკრებში განსხვავდება და განისაზღვრება ენერგეტიკული ცენტრიდან გადმოცემული ტალღების რაოდენობით. თუმცა, ძირითადი დინების გარდა, ჩაკრას ბორბალს ზემოთ კიდევ ერთი ნაკადია, უფრო მცირე ენერგეტიკული ტალღებით. ჯამში კი, ყველა ეს ნაკადი ენერგიის უწყვეტ მორევებად, ერთ სტრუქტურაში ტრიალდება და ფიზიკურ სხეულს კვებავს. ადამიანის ფსიქიკური და ასტრალური სხეულები კი, იმავე წრფივ ღერძებზე ენერგეტიკული ვიბრაციების საშუალებით, თავისებური მარყუჟებითაა მიმაგრებული, რაც ერთიან სტრუქტურას ქმნის. ფსიქიკური სხეული პასუხისმგებელია თქვენს აზრებზე, ასტრალური კი - ემოციებზე. რაც უფრო განვითარებულია ჩაკრა, მით უფრო დიდია მისი ფერთა სპექტრი. ეს შეიძლება შევადაროთ მზის ანარეკლს სარკეში, რაც უფრო დიდია სარკე, მით უფრო დიდია მზის სხივის ანარეკლი კედელზე. ჯანსაღ მდგომარეობაში შვიდივე ჩაკრა თავად ატარებს საკმარის ენერგიას და ამ შემთხვევაში ადამიანი ფიზიკურ დონეზე ენერგიულად და ჯანმრთელად გამოიყურება. ძალებით აღსავსეა, ვითარდება მატერიალურ სამყაროში და აგროვებს სულიერ გამოცდილებას. ცუდად განვითარებული ან დაზიანებული ჩაკრას შემთხვევაში, სისტემა იმდენ ენერგიას ვერ ატარებს, რაც ფიზიკური სხეულის სიცოცხლისუნარიანობისთვისაა აუცილებელი. ადამიანი ძალაგამოცლილია, გრძნობს სისუსტეს, შეიძლება განვითარდეს დეპრესიული მდგომარეობა, უქრება სრულფასოვანი ცხოვრების სურვილი და სხეული ავადდება. ამიტომ, არ დაიგროვოთ უარყოფითი აზრები. როცა ნეგატივზე ხართ ორიენტირებული, გონებრივი სხეულიც ამ ვიბრაციული ნაგვით ივსება. იგივეა ასტრალურ სხეულთან დაკავშირებითაც. ამ სხეულების ენერგია აღწევს ჩაკრების სტრუქტურაში და მათ მუშაობას აფერხებს, არღვევს ბრუნვის დინამიკას, მათ მთლიანობას და ბლოკავს ფიზიკურ სხეულში შემავალ სასიცოცხლო ნაკადებს. რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გაჟღენთილია სხვადასხვა დონის ენერგიებით, ცნობიერების დონის ასამაღლებლად, რეგულარულად იმუშავეთ ენერგეტიკულ ჰიგიენაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა