გამოთვალეთ რა ფერისაა თქვენი სახელი და გაიგებთ, რა საიდუმლოს ფარავს ის ან რა შესაძლებლობების გამოვლენაში შეუძლია, შეგიწყოთ ხელი
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 26.09

რა ფერისაა თქვენი სახელი? - ეს უნდა იცოდეთ, რომ სწორად, იღბლისა და კეთილდღეობის მიმართულებით დაარეგულიროთ თქვენი ენერგეტიკა. ალბათ, არც გიფიქრიათ, რომ სახელი მრავალ საიდუმლოს ინახავს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, თითოეულ სახელს უნიკალური ენერგია და ფერთა ვიბრაციის უნარი აქვს, რომელსაც შეუძლია, ადამიანი განსაკუთრებული ნიჭითა და შესაძლებლობებით დააჯილდოვოს. რომ გაიგოთ, რა ფერის სახელი გაქვთ და რას ნიშნავს ეს თქვენთვის, მოუსმინეთ ჩვენს ეზოთერიკოს სტუმარს, ქალბატონ ნელი რ-ს.
- საკუთარი სახელის საიდუმლოება რომ ამოხსნათ და მისი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება შეძლოთ, ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ანბანის თითოეული ასო გარკვეულ ფერს უკავშირდება და იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რომელი ფერი ასახავს თქვენი სახელის ენერგიას, ჩაატარეთ გამოთვლები მოცემული სქემის მიხედვით: პირველია წითელი, ანუ 1 და შეესაბამება ასოები: ა, კ, ტ, ძ; შემდეგია 2 - ფორთოხლისფერი - ბ, ლ, უ, წ; 3 - ყვითელი - გ, მ, ფ, ჭ; 4 - მწვანე - დ, ნ, ქ, ხ; 5 - ცისფერი - ე, ო, ღ, ჯ; 6 - ლურჯი - ვ, პ, ყ, ჰ; 7 - იასამნისფერი - ზ, ჟ, შ; 8 - ვარდისფერი - თ, რ, ჩ; 9 - ოქროსფერი - ი, ს, ც. დაწერეთ სახელი ისე, როგორც ობიექტს მიმართავენ, მაგალითად: ჰქვია ქეთევანი, მაგრამ ეძახიან ქეთის... თვალსაჩინოებისთვის გამოვთვალოთ ხსენებული სახელის - ქეთის ფერი. თავდაპირველად, შევკრიბოთ ასოთა შესატყვისი ციფრები: 4+5+8+9=26=2+6=8 ესე იგი, ქეთის ციფრია 8, რომელსაც შეესაბამება ვარდისფერი.
- ესე იგი, ცხრა ფერია და რით დავიწყოთ?
- წითლით, რომელიც ვნების, ენერგიისა და ძალის ფერია და ვისი სახელიც ამ ფერთან ასოცირდება, „ცეცხლოვანი“ ბუნებისაა, ჩირაღდანივით ანათებს და ყურადღებას იპყრობს. თავდაჯერებული, მიზანდასახული, წარმოუდგენელი ქარიზმით, კომუნიკაბელურია, მაგრამ ფიცხია - წამში შეიძლება აალდეს. ძალაუფლების მოყვარული არ ცნობს კომპრომისს და მხოლოდ „საკუთარ ჭკუაზე“ ცხოვრობს. „წითლები“ არიან წარმატებული სპორტსმენები, ბიზნესმენები და ხელისუფალნი. მათი ცხოვრება მოძრაობა, ბრძოლა და სიმაღლეებისკენ სწრაფვაა. ვულკანივით მშვიდია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია, ენერგიის ლავა ამოაფრქვიოს. შემდეგია ნარინჯისფერი - მზის, სითბოსა და შემოქმედების ფერი. ნარინჯისფერი სახელის ადამიანი ემოციების ნამდვილი ფოიერვერკია: მხიარული, კომუნიკაბელური, ექსტრავაგანტული. არასტანდარტული შეხედულებები და ჩაცმის სტილი მას ყურადღების ცენტრში აქცევს. არ ემორჩილება საყოველთაო წესებს, თუმცა შინაგანად მგრძნობიარეა და ყოველთვის მზადაა, გაჭირვებაში მყოფს დაეხმაროს. მზის სხივივითაა - ათბობს და სიხარულს ანიჭებს ირგვლივ მყოფთ. მის სახლში კომფორტი და მხიარულებაა. ინტელექტის, ოპტიმიზმისა და შინაგანი სინათლის ფერია ყვითელი. ეს ფერი ადამიანს მოქნილი გონებასა და ცოდნის სწრაფად ათვისების უნარს ანიჭებს - ყველაფერ ახალსა და საინტერესოს ღრუბელივით ისრუტავს. მუდმივად სრულყოფილებისთვის იბრძვის. ძლიერი ნებისყოფისა და დაკვირვებულია. ყველაფერს აკონტროლებს, კომპანიის სული და გულია, გარშემო მყოფებს პოზიტივით ავსებს. მუდმივად ჰარმონიისა და ბალანსის ძიებაშია. მზის სხივებს ჰგავს - თამაშობს და ციმციმებს, სითბოსა და სინათლეს უნაწილებს ყველას, ვინც მასთან ახლოსაა.
- მწვანე, ალბათ, ბუნებას გამოხატავს?
- მწვანე მართლაც ბუნების, ჰარმონიისა და სიცოცხლის ფერია. „მწვანე“ ადამიანი „არ ავნოს“ პრინციპით ცხოვრობს. მზრუნველია, უყვარს თავისუფლება და იცავს სუსტებს. მისი სახლი ყოველთვის ღიაა სტუმრებისა და შემწეობისთვის. პრაქტიკულად აზროვნებს და მრჩეველია რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხში. ძველ ნივთებს სასარგებლო, ლამაზ ნაკეთობად აქცევს. ის ჰგავს ხეს, რომელიც ჩრდილსა და ნაყოფს იძლევა, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვს. მისი ცხოვრება სხვებზე ზრუნვისა და საკუთარი განვითარების ბალანსია. ცისფერი - სიბრძნის, სულიერებისა და უსასრულობის ფერია და ფილოსოფოსებს წყალობს. ცხოვრების სიღრმეების ძიებაში ამ ფერის ადამიანს მარტოობა ურჩევნია, მაგრამ არა - იზოლაცია. როგორც თავგადაკლული მოგზაური მსოფლიოს ყველა კუთხეში ხედავს სილამაზეს. ის ცაზე მოლივლივე ღრუბელია და ახალ ჰორიზონტებს ხსნის. სახლი კი წიგნებით, ნახატებით ან მუსიკალური ინსტრუმენტებით აქვს სავსე. ლურჯი - ძალის, სიმშვიდისა და სიღრმის ფერია, რომელიც ჰუმანისტებს, მუდამ მშვიდობისა და ჰარმონიისკენ მსწრაფ ადამიანებს ირჩევს. „ლურჯი“ პასუხისმგებელი, მზრუნველი და სამართლისთვის მებრძოლია. ჰგავს ზღვას, რომელიც მშვიდია და ნაზი, მაგრამ ამავდროულად, ძლიერიც და დაუმარცხებელიც. მთელი ცხოვრება სხვებს ემსახურება, მაგრამ არც საკუთარ პრინციპებს ივიწყებს - შუქურაა, რომელიც დაკარგულებს გზას უნათებს.
- დარჩა სამი ფერი...
- იასამნისფერი - საიდუმლოების, ინტუიციისა და სულიერი ძიების ფერია, რომელიც ინტროვერტი ადამიანის ხვედრია და რომელსაც სამყაროს განსაკუთრებული ხედვა აქვს. ჩაკეტილი პიროვნებაა მდიდარი და ღრმა შინაგანი სამყაროთი. ინტუიცია ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ბინდს ჰგავს, რომელიც ბევრ საიდუმლოს მალავს. სახლი მისი ციხესიმაგრეა, სადაც განმარტოება და ფიქრებში ჩაძირვა შეუძლია. აფასებს სიჩუმეს და ჰარმონიას, თუმცა ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს. ვარდისფერი - სინაზის, სიკეთისა და მზრუნველობის ფერია და იმ სახელს ეკუთვნის, ყოველთვის სხვების დახმარებასა და მხარდაჭერას რომ ცდილობს. ნაზია, მაგრამ თავის დაიცვა შეუძლია. მგრძნობიარე ბუნება ხელს უწყობს, იყოს შესანიშნავი აღმზრდელი და მზრუნველი მეგობარი. ის სიხარულისა და სითბოს მიმნიჭებელი ყვავილია. მისი კომფორტული და სიყვარულით სავსე სახლი ყოველთვის ღიაა ახლობლებისთვის - გაზაფხულის ნიავივითაა, რომელსაც იმედი და ნუგეში მოაქვს. ოქროსფერი - წარმატების, ლიდერობისა და სიდიადის ფერია, რომელიც მის პატრონს თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას ანიჭებს. ასეთი ადამიანი მტკიცედ დგას ფეხზე და მიზანსაც ყოველთვის აღწევს. ლიდერის თვისებები და პასუხისმგებლობის გრძნობა ნებისმიერ სფეროში შეუცვლელს ხდის - მზეა, სხვებს გზას რომ უნათებს. მისი ცხოვრება მუდმივი წინსვლაა, მაგრამ არც საკუთარი მიმდევრები ავიწყდება. ძვირფას ქვასავით ბზინავს, ბრჭყვიალებს და ირგვლივ ყველას შთააგონებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან