გულახდილი საუბრები

ვნანობ, ცოლის სიკვდილის შემდეგ მეორე ცოლი რომ მოვიყვანე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.06

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ქალის პატივისცემა და მასზე ზრუნვა ბავშვობიდან მასწავლეს. ცოლი სიყვარულით შევირთე. დიდი ქორწილი გადავიხადე და ბავშვიც რომ შემეძინა, დედამიწაზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა. სოფელში ფიზიკურად მიწევდა შრომა, თუმცა სახლში მისულს, ცოლ-შვილი ისეთი ღიმილითა და სითბოთი მხვდებოდა, დაღლა მავიწყდებოდა. მშობლებთან ჩემი ძმა და მისი ცოლ-შვილი დარჩა, მე ცალკე ავიშენე სახლი და რომ იტყვიან, ყველაფერი მქონდა.

სამწუხაროდ, ჩემს ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ მკურნალობა გვიანი აღმოჩნდა, სიმსივნე მთელ ორგანიზმში იყო მოდებული და ამ ვერაგმა სენმა მისი თავი წამართვა. ჩემთვის იმ დღიდან განაცრისფრდა სამყარო, დღე და ღამე მის საფლავზე ვიყავი დამხობილი და ვტიროდი. ბოლოს მივხვდი, ჩემი ასეთი საქციელით ბავშვს უფრო მეტ ტრავმას ვაყენებდი და გონს მოვედი. სხვა გზა არ მქონდა, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. სიკვდილს რომ არ წაერთმია ჩემი საყვარელი ქალი, არასოდეს გავიხედავდი სხვა ქალისკენ, მაგრამ მივხვდი, ერთად სახლის საქმეებსა და მუშაობას ვერ შევძლებდი და ბავშვსაც დედა სჭირდებოდა. მეზობელი სოფლიდან გამირიგეს განათხოვარი ქალი, ჩემზე ორი წლით უფროსი. მართალია, მისდამი გრძნობა არ მქონდა, მაგრამ ცოლად მაინც მოვიყვანე, რომ ჩემი შვილისთვის გაეწია მზრუნველობა. სამწუხაროდ, ჩემი ცოლის მერე, სახლში სხვა ქალი ვერ ავიტანე, სიყვარულზე, ხომ, ზედმეტია ლაპარაკი. ბავშვსაც ცივად ექცეოდა, ვხვდებოდი, დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ერთხელ, გვიან მომიწია სამსახურიდან დაბრუნება და დავინახე, ბავშვს ეზოში, ხის ძირში სიცივისგან მოკუნტულს ეძინა. რა თქმა უნდა, ჩემს ცოლს შენიშვნა მივეცი, მაგრამ თავი არ გაიმტყუნა, მიპასუხა: სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ისე გავიდა დრო და ჩამობნელდა, ვერც კი შევამჩნიე, ვიცოდი ეზოში თამაშობდა და რას წარმოვიდგენდი, თუ ხის ქვეშ დაიძინებდაო. არც კი უფიქრია, გაეხედა და შეემოწმებინა, რას აკეთებდა. იქნებ ეზოდან გავიდა და სადმე წავიდა? ერთი სიტყვით, ამ ფაქტის გამო, საყვედური მიიღო და მივხვდი, არ ესიამოვნა. იცოდა, რომ დააშავა, მაგრამ არ აღიარა. მართალია, იმ დღის მერე, ჩემს შვილს ხის ძირში არ დაუძინია, მაგრამ სანამ სახლში მე არ მივიდოდი, მანამდე არ აძინებდა. არადა, გვიანობამდე მიწევდა მუშაობა, მას კი უჭირდა დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა. სკოლაში, კრებაზე რომ დაიბარეს, მითხრა: მერიდება იქ მისვლა, მაინც დედინაცვალი ვარ და იქნებ შენ წახვიდეო. არც ეს მესიამოვნა, მაგრამ ჩავყლაპე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ცივად იქცეოდა და თან, ხვდებოდა, მეც რომ არ მიყვარდა. ერთ დღესაც, ბავშვი ატირებული რომ დამხვდა, მაგრად ვეჩხუბე. უნებლიეთ, ბავშვს ფეხი წამოუკრავს პატარა მაგიდისთვის და ზედ მდგარი, ჩემი ცოლის ბებიის ნაჩუქარი ვაზა, რომელიც მზითვში მოიტანა, გადმოვარდნილა და გატეხილა. ამის გამო მაგრად დაუსჯია ბავშვი, უყვირია და ხელიც წამოურტყამს. თან, გაუფრთხილებია, მამაშენს არაფერი უთხრა, თორემ უფრო მეტად გცემო. მაგრამ ბავშვმა რომ დამინახა, თავი ვერ შეიკავა და ტირილით მომიყვა, რაც მოხდა. ეს გახდა ბოლო წერტილი, რომ ის ქალი სახლიდან გამეშვა. მემუდარა, დავრჩები, ასე აღარ მოვიქცევიო, მისი ოჯახიც ჩაერია, მაგრამ ვერ გადამათქმევინეს. ჩემთვის ჩემი შვილი უფლის საჩუქარია, რომელიც საყვარელმა მეუღლემ დამიტოვა და მას არასოდეს ვუღალატებ. ვერ ავიტან, ვინმე უსამართლოდ მოექცეს, გაუაზრებლად დასაჯოს და მით უმეტეს, სცემოს. ძალიან ვნანობ, რომ სხვა ქალი მოვიყვანე სახლში, თან უსიყვარულოდ და ნაჩქარევად. ასეთ სისულელეს აღარ ჩავიდნენ. გავზრდი შვილს და მისთვის ვიცოცხლებ.

ნუკრი, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული