დედამთილმა შვილი ჩემ წინააღმდეგ განაწყო და დედა-შვილს შორის ურთიერთობა გააცივა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.02
პატარა ასაკში შევცდი. თავდავიწყებით შემიყვარდა ბიჭი, ვენდობოდი და მეგონა, თუ დავნებდებოდი და მასთან სექსუალური ურთიერთობა მექნებოდა, არ დამტოვებდა, ცოლად მომიყვანდა და ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა.
ეს კი ცხოვრების ისეთი გაკვეთილი აღმოჩნდა, რომლის საფასურსად დღემდე ვიხდი. ერთად ყოფნიდან ზუსტად ორ თვეში, ისე წავიდა ჩემგან, ისე მიმატოვა და მიმაგდო, უკან არ მოუხედავს. მე კი ორსული დავრჩი, ბავშვი გავაჩინე და მარტომ გავზარდე. რა თქმა უნდა, ოჯახი მეხმარებოდა, მაგრამ ყოველდღე იყო ჩემი განკითხვა და გაკიცხვა. ბავშვი რომ ბაღში მივიყვანე, დრო გამომიჩნდა, მუშაობა დავიწყე და რამდენიმე პარტნიორი გამოვიცვალე იმ იმედით, რომ რომელიმე ისე შემიყვარებდა, გვერდიდან აღარ მომიცილებდა, მაგრამ ამაოდ. ჩემი ბიჭი რვა წლის იყო, როცა გავიცანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სერიოზულად დაინტერესდა ჩემით. მასთანაც მქონდა სექსუალური ურთიერთობა, მთელი ექვსი თვე, მაგრამ ვხვდებოდი, უფრო და უფრო მიყვარებდა. ისიც ცდილობდა, ყოველი დღე გაელამაზებინა ჩემთვის. არაერთხელ უთქვამს: ახლოს რომ გაგიცანი, მივხვდი, ძალიან თბილი და მეოჯახე გოგო ხარ, მიკვირს აქამდე ეს სხვა ბიჭებმა რომ ვერ შეამჩნიეს. თუმცა, ძალიან კარგი, თორემ ახლა ჩემ გვერდით არ იქნებოდიო. ასე იყო თუ ისე, საქმე იქამდე მივიდა, რომ გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა და ნამდვილი ოჯახი შეგვექმნა. ვფიქრობდი, შვილი გამეჩინა მისთვის, ვყოფილიყავი ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე და ყველა ის ტკივილი დამევიწყებინა, რამაც მანამდე ამდენი ტანჯვა მომაყენა. მაგრამ, რომ მეგონა, ცხოვრება დალადგა და პირად ცხოვრებაში ჩემთანაც გამოანათა მზემ, სწორედ მაშინ ჩამობნელდა. მისი მშობლები ჩვენი დაოჯახების სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. მთელი ერთი წელი იყო ბრძოლა, ლანძღვა-გინება, ათასი სისაზიზღრის მოგონება და ჭორაობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გავიტანეთ და ჩუმად მოვაწერეთ ხელი. რომ მიხვდნენ, ერთმანეთს არ ვთმობდით, დანებდნენ და დავიწყე მის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრება. რასაკვირველია, ჩემი შვილიც თან წავიყვანე. ორსულად რომ დავრჩი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩემი ქმარიც მოუთმენლად ელოდა შვილის გაჩენას და ჩემს შვილთან კიდევ უფრო დაახლოვდა, უფრო მეტად მზრუნველი და თბილი გახდა. და, როცა მეგონა, ყველაფერი კალაპოტში დგებოდა, ისევ დატრიალდა შავი ღრუბელი ჩემს თავს. დედამთილმა, არ ვიცი საიდან, გაიგო ჩემი წარსულის შესახებ, რომ არაერთი პარტნიორი მყავდა გამოცვლილი და ატყდა ერთი ამბავი. მართალია, ჩემი წარსულის შესახებ ჩემმა ქმარმა ყველაფერი იცოდა და არაფერი დამიმალავს, მაგრამ არ მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემს შვილს გაეგო. ვიცოდი, ბიჭები ასეთ ამბებს რთულად იღებენ და დედებს მსგავს საქციელს არ პატიობენ. მოკლედ, ჩემსა და ჩემს ქმარს შორის რომ ვერ შექმნა დაძაბულობა და ერთმანეთს ვერ დაგვაშორა, დედამთილი ჩემს შვილს მისდგა. ერთ დღეს დაუჯდა და ყველაფერი მოუყვა. ბევრიც დაამატა და საბოლოო ჯამში, იმდენი ქნა, ბავშვს ჩემი თავი შეაძულა. ისეთ ასაკშია, არაფრის გაგონება არ უნდა. არც ჩემთან ცხოვრება სურს და ჩემებთან გადავიდა საცხოვრებლად. მიჭირს მის გარეშე ყოფნა, რადგან დაბადებიდან კალთაზე მყავდა გამოკრული და არასდროს, არავისთან დამიტოვებია. მასთან რომ წავიდე, ქმარს ვკარგავ, არ წავიდე და – შვილს. ჩემმა საზიზღარმა დედამთილმა ეს ორსული ქალი ორ წყალს შუა ჩამაყენა. თვითონ კმაყოფილი ზის და ელოდება, როდის გავიხურავ კარს და მივატოვებ მის შვილს. იმას კი არ ფიქრობს, მისი შვილი რომ მალე მამა უნდა გახდეს და შვილს დედაც უნდა და მამაც, თბილი ოჯახიც და ბებია-ბაბუის მოფერებაც. ძლივს დალაგებული ცხოვრება ისევ ამირია.
თამთა, 31 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





