როცა ქალი ბედნიერია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.08

როცა ქალი ბედნიერია, სახლი სითბოთი ივსება. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბინაა თუ დიდი სახლი, როცა ქალი მშვიდია, ყველაფერი სხვანაირად ჩანს. სახლი ქალის ენერგიას ატარებს. ის ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც გინდა, დაბრუნდე.
სიყვარულსაც ყოველთვის არ სჭირდება სიტყვები.
როცა წყვილი ერთად ჩუმად ზის და მაინც მშვიდად არიან – ესეც სიყვარულია. სუფრაზე გამოჩენილი შენი საყვარელი კერძი, ღამე ფრთხილად გადაფარებული პლედი, ერთად ფილმის ყურება – ეს ყველაფერი პატარა ნიშნებია, რომ თქვენ ჯერ კიდევ ერთად ხართ.
გამოდის, სიყვარულს არც ისე ბევრი სჭირდება.
ურთიერთობის დასაწყისი კი ყოველთვის განსაკუთრებულია.
არ აქვს მნიშვნელობა, 17 წლის ხარ თუ 47-ის – ეს ის ეტაპია, როცა გული ოდნავ სწრაფად გიცემს და თვალები მეტს ელიან, ვიდრე გონება უშვებს. გინდა, ვინმემ გკითხოს: „როგორი დღე გქონდა?“
საწყის ეტაპზე ადამიანები ყველაზე გულწრფელები და ხშირად – ყველაზე გულუბრყვილონი არიან. ორივე მხარე ცდილობს, გამოავლინოს თავისი საუკეთესო ვერსია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ერთი რამ:
არ დააჩქარო და თუ ხედავ, რომ მის გვერდით მშვიდად ხარ, იყავი მის გვერდით.
სწორად დაწყებული ურთიერთობა უკვე ნახევარი გზაა. და თუ ის გიყურებს ისე, თითქოს უკვე კარგად გიცნობს – ეს უკვე სიყვარულია.
წარმატებას ბევრი სახე აქვს
წარმატებას ბევრი სახე აქვს — ახალი საქმე, კარიერული წინსვლა, ფინანსური დამოუკიდებლობა, შინაგანი სიმშვიდე…
და ყველა ეს ფორმა შეიძლება, საფრთხედ იყოს აღქმული იმ ადამიანისთვის, ვინც შენ გვერდითაა.
რატომ?
იმიტომ, რომ შენი ზრდა უცნაურად უსვამს ხაზს მის „უძრავ“ მდგომარეობას. შენ წინ მიდიხარ – და ეს ზოგჯერ ეჭვებს ბადებს:
„ხომ არ ჩამომრჩა? ხომ არ ვკარგავ მას?“...
ამ დროს კი ხდება მთავარი:
შენი გამარჯვება მისთვის არ არის შთაგონება – არამედ საკუთარი წარუმატებლობის შეხსენებაა. სწორედ ამიტომ იწყება უხილავი ომი. სიტყვების გარეშე – ირონიით, ცივი დისტანციით, შენს მიღწევებზე უემოციო რეაქციებით.
რა შეგვიძლია ამ დროს?
• გავაცნობიეროთ – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მისი შიშებია;
• არ ვეჩხუბოთ იმის გამო, რომ „არ გიხარია ჩემი წარმატება“, არამედ ვკითხოთ: „შენ რაზე ოცნებობ“;
• დაავიწყოთ კონკურენცია და შევთავაზოთ თანადგომა.
დაიმახსოვრეთ: ურთიერთობაში არ უნდა იყოს შეჯიბრება.
სიყვარული ნიშნავს:
* „შენ წარმატებული ხარ, მე – ამაყი“;
* „შენ ცოტა დაიღალე, მე შენ გვერდით ვარ“.
თუ ერთის წარმატებას მეორე ვერ იტანს – არ არის წყვილი. ეს არის კონკურენცია, რომელიც ადრე თუ გვიან ყველაფერს დაანგრევს.
კომუნიკაცია წყვილში
წყვილებში გაჩენილი უკმაყოფილება ყველაზე ხშირად იწყება ფრაზით:
„ის მე არ მიცნობს“. უფრო მეტიც – ხშირად ვამბობთ ამას მაშინ, როცა გვეჩვენება, რომ პარტნიორმა ვერ გამოიცნო ჩვენი სურვილი, არ გათვალა ჩვენი ემოცია ან, უბრალოდ, დაავიწყდა რაღაც, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.
მაგრამ ვიცით კი ზუსტად, რას ველით მისგან?
კომუნიკაცია – ეს არის ხიდი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს ყოველდღიური „ქარებისა და წვიმების“ ფონზე. ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ეს არის სმენა და გაგება, ყველაზე ხშირად კი – გულისხმიერება. ურთიერთობა არ შენდება მხოლოდ გამოთქმული ფრაზებით.
ის აშენდება იმ დროს, როცა ადამიანი არაფერს ამბობს, მაგრამ მაინც ხედავ მის მზრუნველობას.
თუ გინდათ, ურთიერთობამ გაუძლოს რუტინას, ისწავლეთ ერთმანეთის ენაზე საუბარი და როცა საუბარი გულწრფელია, იქ კომუნიკაცია აღარ არის პრობლემური. ის იქცევა ფუნდამენტად, რომელზეც უკვე ნდობა და სითბო შენდება.
როცა უკვე წასული ხარ
ანუ, როგორ არ უნდა დაბრუნდე უკან, როცა უკვე წასული ხარ.
ყველამ იცის, რომ წასვლა რთულია, მაგრამ დაბრუნება – ხშირად კიდევ უფრო მტკივნეული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზეზი, რის გამოც წახვედი, არ შეცვლილა.
დაბრუნება სიჩუმის აუტანლობის გამო არ არის სიყვარული.
დაბრუნდე იმიტომ, რომ გენატრება შეიძლება, იყოს მხოლოდ სენტიმენტალურობის თამაში. მაგრამ თუ იცი, რომ ისევ იმავე წრეზე სიარული მოგიწევს, დაფიქრდი – ღირს?
რჩევა პირველი: დაწერე მიზეზების სია, რატომ წახვედი. მიუწერე გვერდით შენი გრძნობები. გულახდილობა მნიშვნელოვანია.
რჩევა მეორე: წასვლის შემდეგ ტკივილთან გამკლავება მარტივი არ არის. აუცილებლად გეტკინებათ. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ გიყვარს ან შენი მოლოდინები გიყვარდა.
რჩევა მესამე: ნუ შეებრძოლები ტკივილს. იფიქრე, რომ ეს არის განწმენდა. მონატრებას შეგიძლია, გაუმკლავდე წერილით, რომელსაც არასოდეს გააგზავნი. მთავარია, „დაიცალო“.
სირთულეა, როცა ურთიერთობაში ბავშვიც ჩართულია.
დიახ, წასვლა გაცილებით მტკივნეულია, როცა ოჯახში პატარა არსება ცხოვრობს, რომელსაც ორივე მშობელი უყვარს. მაგრამ ზოგჯერ მშვიდი ცალმხრივი ცხოვრება სჯობს ხმაურიან, ორმხრივ დაპირისპირებას.
რჩევა: მოემზადე პატარასთან გულწრფელი საუბრისთვის, რა თქმა უნდა, ასაკისთვის შესაფერისად. ბავშვებს, როგორც უფროსებს, სჭირდებათ სიმართლე – რბილად შეფუთული, მაგრამ რეალური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან