რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.11

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოობას ამჯობინებს.
ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისათვის უკვე სულერთია, მისი მეორე ნახევარი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი ან რა მანქანა ჰყავს. თანამედროვე ქალისთვის მთავარია ურთიერთგაგება! ქალს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.
აღნიშნული საკითხი ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა გამოიკვლიეს. მკვლევრებმა ის 156 წყვილი შეისწავლეს (აქედან 102 ახალგაზრდების, ხოლო 54 უფროსი ასაკის იყო), რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ, მათი 56 პროცენტი დაოჯახებული იყო.
კვლევის მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს, რომელთა უმეტესობაც ეხებოდა იმას, თუ რატომ ცხოვრობენ კონკრეტულად ამ პარტნიორთან და არა სხვასთან.
შედეგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ქალებს, რომელთა მეორე ნახევარს შეეძლო, გაეგო, თუ რატომ ბრაზდება მისი პარტნიორი, ურთიერთობით კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.
საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება მამაკაცსაც ანიჭებს ბედნიერებას. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეეძლო, ამ ურთიერთობით თავად უფრო მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე სხვები.
რჩევები:
კომპლიმენტების მიღება ქალებისა და კაცებისათვის ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შესაძლოა, ეწყინოს, მესამემ კი არც მოგისმინოთ. ალბათ, გაგიგიათ, ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი – თვალებითო. მაგრამ თბილი სიტყვა ვის არ ესიამოვნება? რაც უფრო გულწრფელია კომპლიმენტი, მით უფრო დადებით ემოციებს იწვევს.
კომპლიმენტები მამაკაცებისათვის:
* „ყველაფერი გამოგივა!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცებს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა: სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურსა თუ საწოლში. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის;
„შენთან თავს დაცულად/ბედნიერად ვგრძნობ!“ – დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველა მამაკაცისათვის ბედნიერებაა. ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი მართლაც მნიშვნელოვანია და ქალი ამას ხედავს, აფასებს.
კომპლიმენტი გარეგნულ მხარეზე – როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მამაკაცური მხრები, კუნთები ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.
* „მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ!“ – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო;
* „მომწონს შენი პერანგი!“ – ჩაცმის სტილს ყველა მამაკაცი არ უთმობს დიდ დროს, თუმცა, ყველას სურს კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, თუ მართლაც აცვია ის, რაც უხდება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.
* „კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისთვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს;
* „შესანიშნავი ოჯახი/მეგობრები გყავს!“ – მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.
გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვს. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“ და „ზევსო“ ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ ამას თუ ეტყვით, შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.
პირველი შეხვედრისას
დაადგინეს, რომ მამაკაცი ქალთან პირველი შეხვედრისას, პირველ რიგში, მის თვალებსა და ღიმილს აფასებს. მეორე ადგილზე ქალის მკერდს აყენებს. გამოკითხული მამაკაცების 70 პროცენტმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ყურადღებას აქცევს ქალის თმას და ბოლოს მთლიანად ქალის აღნაგობას.
გამოკითხვებმა ისიც დაადგინა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები არ არიან გულგრილი ქალის ფეხების, თეძოების, მათი ჩაცმის სტილისა და მის წინ მდგომი ქალის კანის მდგომარეობის მიმართ.
ასევე ქალებმა, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნეს, რომ ყურადღებას, პირველ რიგში, ისინიც მამაკაცის თვალებზე ამახვილებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მამაკაცის თვალები ბევრ რამეზე მეტყველებს და სწორედ თვალები იზიდავს ან აშორებს ქალს მამაკაცისგან.
გამოკვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ლამაზი სქესის წარმომადგენლები მას შემდეგ, რაც მამაკაცის თვალებსა და ღიმილს შეაფასებენ, ყურადღებას ამახვილებენ მის თმასა და სიმაღლეზე. შემდეგ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის ჩაცმულობას, კანს, სახის ფორმასა და ტანის აღნაგობას. ანუ არაფერი განსხვავებული – გვაკვირდებიან ისინი და ვაკვირდებით ჩვენც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან