ქალი და კაცი

ფსიქოლოგიური სიგნალები

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სიყვარული ხშირად თავისუფალია. ემოციური დამოკიდებულება კი – შეზღუდვით და შიშით გაჟღენთილი.

სიყვარული ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას, პიროვნულ ზრდაზე ზრუნვას და ურთიერთობის შენარჩუნებას შეთანხმებული, მაგრამ ამასთანავე, თავისუფალი გადაწყვეტილებებით.

ემოციური დამოკიდებულება კი შეიძლება, განპირობებული იყოს შფოთვით, მიტოვების ან მარტო დარჩენის შიშით. ასეთ შემთხვევაში პარტნიორი შეიძლება, აღქმული იყოს არა როგორც საყვარელი ადამიანი, არამედ როგორც „მაშველი რგოლი“ .

ფსიქოლოგიური სიგნალები, რომლებიც ემოციურ დამოკიდებულებაზე მიგვითითებს:

• მუდმივი შიში, რომ პარტნიორი შეიძლება, სხვამ „წაგართვას“;

• საკუთარი სურვილებისა და მიზნების დათმობა მხოლოდ ურთიერთობის შესანარჩუნებლად;

• კონფლიქტის შიშით მუდმივად ჩუმად ყოფნა;

• საკუთარი იდენტობის გაქრობა;

• პარტნიორის ქცევების გაკონტროლების საჭიროება.

ეს კი არის დაავადებები, რომლებიც ხშირად უკავშირდება ემოციურ დამოკიდებულებას:

• შფოთვითი აშლილობები – მუდმივი დაძაბულობისა და უარყოფის შიშის ფონზე;

• დეპრესია – როცა ადამიანი „კარგავს“ თავის პიროვნულ ღერძს ურთიერთობაში;

• დამოკიდებულების დარღვევები – ემოციური შევსება ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ქცევითი დამოკიდებულებით;

• თვითშეფასების დაკარგვად და მუდმივი სურვილი, თავი მოაწონო მას.

გახსოვდეთ:

სიყვარულში ადამიანი თავისუფლად სუნთქავს.

დამოკიდებულებაში – ჩუმად იხუთება.

გინდათ თუ გჭირდებათ

რა განსხვავებაა სიყვარულსა და ემოციურ დამოკიდებულებას შორის? – ეს კითხვა, შესაძლოა, ბევრს აწუხებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობა რთულდება, მაგრამ თავის დახსნა მაინც ძნელია.

სიყვარული – ეს არის პატივისცემაზე, მზრუნველობაზე, თანასწორობაზე და თავისუფლებაზე დამყარებული კავშირი. სიყვარული არ ითხოვს მსხვერპლს, პირიქით, ის გაძლევთ აღმაფრენას და სიძლიერის განცდას. ამ დროს შენ ხარ შენ – მთლიანი, დამოუკიდებელი და სრულფასოვანი.

ემოციური დამოკიდებულება კი – ეს არის შინაგანი შიში მიტოვებისა, დაკარგვის, მარტო დარჩენის. ასეთ ურთიერთობაში ადამიანი ხშირად თმობს საკუთარ სურვილებს, თავისუფლებას, ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ პარტნიორი არ დაკარგოს. ხშირად ეს დამოკიდებულება იწვევს შფოთვას, ეჭვიანობას, კონტროლის სურვილს და დაბალ თვითშეფასებას.

როგორ გავარჩიოთ?!

• უფრო მშვიდად ხართ თუ მუდმივად შფოთავთ?

გახსოვდეთ, სიყვარული მშვიდია. ემოციური დამოკიდებულება — ქაოტური;

• გრძნობთ, რომ უკეთესად იყავით, სანამ ურთიერთობა დაიწყებოდა და ახლა გიჭირთ, თავს მოერიოთ?

ემოციური დამოკიდებულება ხშირად ადამიანს „ავიწყებს“, ვინ არის. სიყვარული კი გაძლევთ თავისუფლებას საკუთარი თავის, შესაძლებლობების გამოსავლენად;

• გინდათ თუ გჭირდებათ?

სიყვარულში არის ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი. დამოკიდებულებაში – დაკარგვის შიში.

დაფიქრდით: ბედნიერი ხართ ურთიერთობაში თუ დამოკიდებული?

სიყვარული ყოველთვის გულისხმობს თავისუფლებას. ემოციური დამოკიდებულება კი – შიშზე აგებული მჭიდრო კავშირია, სადაც მეორე ადამიანის ქცევა განსაზღვრავს თქვენს ფიქრებსა და ემოციებს. თუ ურთიერთობაში მარტო დარჩენის შიშით ხართ და არა პატივისცემითა და სინაზით, სჯობს, საკუთარ თავში ჩაიხედოთ. ზოგჯერ ტკივილიანი კავშირიდან გამოსვლა სწორედ სიყვარულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია!

თუ საკუთარ თავს ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე გულწრფელად უპასუხებთ, მიხვდებით, თქვენს ურთიერთობაში სიყვარულია თუ ემოციური მიჯაჭვულობა.

საიდუმლო, რომელიც ურთიერთობას ამყარებს

ყოველ ადამიანს აქვს თავისი პირადი საჭიროებები – ემოციური, ფიზიკური და სოციალური. პრობლემები მაშინ იწყება, როცა პარტნიორი მათ ან არ იცნობს, ან უგულებელყოფს.

ზოგიერთი ადამიანი მუდმივად საჭიროებს მხარდაჭერისა და აღიარების სიტყვიერ გამოხატვას („მიყვარხარ“, „ვამაყობ შენით“), სხვებისთვის კი საკმარისია მოქმედებები და მზრუნველობა.

ერთს შესაძლოა სურდეს ხშირი ფიზიკური სიახლოვე, მეორეს კი მეტი პირადი სივრცე და სიჩუმე სჭირდებოდეს. თუ პარტნიორს მოსწონს მეგობრებთან დროის გატარება ან აქვს პირადი, ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი ნაკლებად უყვარს.

როგორ ვაღიაროთ საჭიროებები პრაქტიკაში?

1. კითხვა და მოსმენა: პერიოდულად ჰკითხეთ ერთმანეთს — რა უფრო მეტად სჭირდება ახლა;

2. ღია კომუნიკაცია: არ დაელოდოთ, რომ მეორე ადამიანი ყველაფერს მინიშნებებით მიხვდება. დაელაპარაკეთ გახსნილად და პირდაპირ;

3. შეჯერება და ბალანსი: გახსოვდეთ, ორივეს მოთხოვნილებების გათვალისწინება ქმნის ურთიერთობაში ჰარმონიას.

P.S. როცა ადამიანი გრძნობს, რომ მის საჭიროებებს პატივს სცემენ და ითვალისწინებენ, ნაკლებად უჩნდება სურვილი, ეს აღიარება სხვაგან ეძებოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა