ქალი და კაცი

მითიური ამბავი

№13

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.04, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

პესიმისტი კაცი ფიქრობს, რომ ყველა ქალი ცუდია. ოპტიმისტ კაცს კი იმედი აქვს, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ქალი, უბრალოდ, გენიალური ქმნილებაა.

„სამყაროს შექმის ბოლო დღე იყო – ღმერთი ყველაფრის შექმნას მორჩა, მხოლოდ ქალი უნდა შეექმნა კაცის ნეკნისგან. ფიქრისაგან დაღლილ ღმერთს ანგელოზი მიუახლოვდა და ჰკითხა:

- ღმერთო, რატომ ფიქრობთ ამდენს ქალის შექმნაზე?

ღმერთმა უპასუხა:

- მე მარტო ქალს არ ვქმნი. მე დღეს ქალი, დედა და მამაკაცის ცხოვრების თანამგზავრი მინდა, შევქმნა“.

ეს პატარა მითიური ამბავი კარგად გამოხატავს ქალის უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალი არა მარტო ახალ სიცოცხლეს ბადებს, არამედ მოაქვს ბედნიერება და სიხარული, ქმნის იდეალებს და მამაკაცს ეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.

მაგრამ ქალისათვის არ არის ცხოვრება იოლი. მას უამრავი მოვალეობა აკისრია.

ქალის მიზანია:

* იყოს კარგი დედა;

* იყოს ღირსეული მეუღლე;

* მიაღწიოს წარმატებას კარიერაში.

ეს არც ისე ადვილია, თუმცა, პრაქტიკულად, ყველა ქალს შეუძლია, წარმატების მიღწევა ყველა სფეროში, თუკი შეძლებს და სამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს:

აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი ან გადაწყვიტოს, საერთოდ ჰყავდეს თუ არა ის;

იყოლიოს თუ არა შვილი;

იმუშაოს თუ არა.

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელზეც ქალის წარმატება და ბედნიერება შენდება.

განსაკუთრებული სიფრთხილე არაა საჭირო! იყავით პოზიტიურები და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა ეს პრობლემები დადებითად გადაჭრათ. დაიმახსოვრეთ, რომ წარმატებული ქალი არის კარგი მეუღლე, ღირსეული დედა და კარიერაში წარმატებული პიროვნება. ასე რომ, თქვენი წარმატების გზა, სწორედ, ამ სამი არჩევნის დადებითად გადაწყვეტიდან იწყება!

თუ გინდათ, იყოთ:

კარგი დედა – ყველაფრის გაღება უნდა შეგეძლოთ შვილებისთვის.

ღირსეული მეუღლე – გიყვარდეთ ქმარი, იყოთ ერთგული და პასუხიმგებლიანი.

კარიერაში წარმატებული – უნდა იყოთ ჭკვიანი, შრომისმოყვარე, საქმიანი და მიზანდასახული.

დამერწმუნეთ, ყველა ქალს შეუძლია ამის გაკეთება.

გიყვარდეს – ნიშნავს, გრძნობდე

გიყვარდეს – ნიშნავს გრძნობდე, სიამოვნებას იღებდე მასთან ახლოს ყოფნით, მაგრამ სიყვარული ნიშნავს მოქმედებასაც. რაღაც უნდა გააკეთო საყვარელი ადამიანისთვის.

სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ასე არ ხდება: ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებს და ყვავილებს, მამაკაცი კი – გემრიელ ვახშამს. ცოლს უნდა ქმარმა გააბედნიეროს, ქმარიც ელის შეპირებულ ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი და გაცრუებული მოლოდინები ბადებს წყენას, საყვედურებს. ასე ირღვევა ოჯახები, უკვალოდ ქრება სიყვარული, თუმცა შეიძლება, სიყვარული არც კი ყოფილა.

სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, და ეს სულ არ არის დამოკიდებული ასაკზე.

რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? - ნახეთ მოკლე ინსტრუქცია:

ჩამოყალიბებული პიროვნება იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. არ ადანაშაულებს თავს, არ განსჯის, არ აკრიტიკებს, უყვარს საკუთარი თავი. მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. მას სიყვარული ავსებს შიგნიდან და მზად არის გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას – ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს.

ამასთან, იღებს თავის რჩეულს ისეთს, როგორიც არის ის, არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, უყვარს.

არ ელოდება, რომ ვინმე გააბედნიერებს. ის ბედნიერია.

მზად არის, იმუშაოს ურთიერთობაზე, შეცვალოს თუ რამე შესაცვლელია, გამოიჩინოს ძალისხმევა.

ჩამოუყალიბებელი პიროვნება კი ხშირად არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.

სიყვარული სჭირდება, რათა შეივსოს სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მას სიყვარულის რესურსები არ აქვს. ეშინია მარტოობის, რადგან ვერავინ შეიყვარებს.

ვერ შეიყვარებს იმიტომ, რომ არ შეუძლია, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის და ცდილობს, გადააკეთოს თავისი შეხედულებების მიხედვით.

მიაჩნია, რომ მისმა მეორე ნახევარმა უნდა იმუშაოს ურთიერთობებზე, რადგან ის სხვამ უნდა გააბედნიეროს.

დღესვე დაიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი. გააკეთეთ რამე, მისი კეთილდღეობისთვის. ეცადეთ, გაამართლოთ მისი მოლოდინი და გაახაროთ. მთავარია, სიამოვნებით აკეთებდეთ ამას, მერე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი, თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყება.

გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა და თუ ორივე თავს იკავებთ, დაიწყეთ პირველმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი