ქალი და კაცი

ამტანები და ძლიერები

№13

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ ქალები გაცილებით ამტანებიც არიან და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ ქალები სუსტ სქესად მოიხსენიებიან, უკეთესად უძლებენ სტრესებს.

ჩვენს კულტურაში გოგონასა და ვაჟის აღზრდა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ვაჟის აღზრდისას მას ხშირად მიუთითებენ, რომ ის არის ვაჟკაცი და მას არ შეშვენის ემოციის გამოხატვა, სისუსტე, რომ ცრემლი სირცხვილია. შედეგად, როდესაც ვაჟი იზრდება, ემოციის გამოხატვისას ცდილობს, იყოს თავშეკავებული, არ მოადგეს ცრემლი, რაც საბოლოოდ ორგანიზმის რესურსების ხარჯზე ხორციელდება. აგრესიამდე მამაკაცი სწორედ იმიტომ მიდის, რომ მას არ შეუძლია ან არ უნდა ემოციის სხვაგვარად გამოხატვა.

ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებაც. ზოგი ადამიანი გახსნილია, ზოგი კი – უფრო ჩაკეტილი. ისინი ნაკლებად გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და შეხედულებებს.

კვლევების მიხედვით, ქალი პრაქტიკულ ცხოვრებისეულ ნიუანსებში გაცილებით იოლად ადაპტირდება, ურთიერთობაშიც უფრო მოქნილია, ვიდრე მამაკაცი. ქალს, გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ საკითხებში უფრო ჩახედულია, აქვს შვილების უპირობო სიყვარული, რაც მასში მრავალ რესურსს ააქტიურებს. დედობრივი ინსტინქტი დედას აიძულებს, ყველაფერი გააკეთოს შვილებისთვის, რომ ისინი უზრუნველყოს. ქალებისთვის არაჩვეულ გარემოზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათ შვილებს არ შიოდეთ. ამიტომაც უფრო სწრაფად ერკვევიან სიტუაციაში, რაშიც მათ ხელს უწყობს ინსტინქტი – გადაარჩინონ შთამომავლობა.

მსოფლიოში არსებული ცხოვრების სტილითა და მიდგომებით, თითქმის თანაბრდება საქმეები, რასაც ასრულებენ ქალები და მამაკაცები როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. მიუხედავად ამისა, მაინც დიდ როლს ასრულებს ბიოლოგიური განსხვავებები, სტრესგამძლეობა და გარკვეული აგებულებითი სტრუქტურა. საერთოდ, ქალი უფრო სტრესგამძლედ მიიჩნევა, ვიდრე მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მამაკაცი უფრო ძლიერია. რაც უფრო მეტად სტრესულ გარემოში გვიწევს ადამიანებს ყოფნა და რაც მეტად შევდივართ ინფორმაციულ საუკუნეში, სადაც ცხოვრების ტემპები ჩქარდება, მით მეტი სტრესული გარემოებები გვხვდება და რადგან ქალი უფრო სტრესგამძლეა, შესაბამისად, ის უფრო ამტანი და გადამტანია. შესაბამისად, ქალები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ.

 

ბედნიერი ქალი

 

ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია. ის საკმაოდ ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ასეა ბუნებით დაწესებული...

თუ გინდათ, ბედნიერი ქალი გახდეთ, აქ არის რამდენიმე რჩევა, რომლებიც, შესაძლოა, დაგეხმაროთ სტერეოტიპების დამსხვრევაში. რომლებიც ძალიან გვიშლიან ხელს.

• როგორც ამ საქმის პროფესიონალები ირწმუნებიან, ქალი სოციალურად საინტერესო უნდა იყოს. ის საკუთარი თავისთვის უნდა განვითარდეს, რადგან, რაგინდ ლამაზიც უნდა იყოს, ძალიან მალე ხდება უინტერესო – მისი ფუნქცია დედის ან მოსამსახურის როლში გადადის. ერევა ქალური დაუკმაყოფილებლობა და ყველაფერი ნგრევას იწყებს: საკუთრივ თავად, ოჯახი, გვერდით მდგომი მამაკაცი – თავის ბიზნესით ან საქმიანობით;

• ქალი იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც წესები ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. ქალი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, სწორ გზასა და სწორ გადაწყვეტილებაზე;

• ქალს თავისი თავი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის და სწორედ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ქალი სხვის შეყვარებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის;

• უნდა გახდეთ ქალი-ლიდერი. ქალი-ლიდერი – ესაა გონება, რომელიც ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც სხვებს მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. ქალს ან აუცილებლად სჭირდება სხვაგვარი ცხოვრება, ან რჩება მხოლოდ ცოლის ფასეულობებით. ამას კი ქალი თვითონ ირჩევს.

მომავალზე ფიქრისას, როდესაც აცნობიერებ, საით მიექანება სამყარო, ხვდები, რომ თუ ქალი მასში თავისი ბუნებრივი გონებით არ ჩაერთვება, თავის წვლილს არ შეიტანს, ამ სამყაროს ცუდი ბოლო ექნება. ქალის იდენტურობა მის პირველქმნილებაშია საძებნელი, დედის, ქალიშვილის, საყვარლის როლების გარეშე. ემოცია ქალის ძალაა, ენერგია კი მისი სილამაზე. სილამაზისა და ენერგიის მთავარი როლი კი დაძაბულობის მოხსნაა – საკუთარი თავისგან, მამაკაცისგან, პლანეტისგან!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი