ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№26

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 07.07

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ასაზრდოებს და არა ასაზრდოვებს.

აღუთქვამს (თურმე) და არა აღუთქვია.

დემონსტრაციულად და არა დემონსტრატიულად (საწყისი ფორმა – დემონსტრაცია).

ეცადონ (სცადონ) და არა ეცადნონ.

ვცვეთ და არა ვცვითავ.

დამართვია და არა დამართნია.

ენით აუწერელი და არა ენით აუხწერელი.

ნევროზი და არა ნერვოზი.

საბუღალტრო კურსები და არა ბუღალტრული კურსები.

სამშვენისები და არა ბეზდელუშკები (ბარბარიზმია).

საქარინი და არა სახარინი.

სერტიფიკატი და არა სერთიფიქატი.

ყიდდა და არა ყიდიდა.

წერეთლის, მაჩაბლის და არა წერეთელის, მაჩაბელის;

მაგრამ – ჩადუნელის, ხაბარელის, ლიჩელის, მეტრეველის, გლოველის, კვეზერელის, ჩხენკელის და არა ჩადუნლის, ხაბარლის, ლიჩლის, მეტრევლის, გლოვლის, კვეზერლის, ჩხენკლის (ანუ ელ-ფუძიანი ქართული გვარებიდან იკუმშება მხოლოდ წერეთელი და მაჩაბელი).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ავარიული მდგომარეობა შეიქმნას და არა ავარიული მდგომარეობა განვითარდეს.

ასეთი შემთხვევები მასობრივად ხდებოდა და არა ასეთი შემთხვევები მასიურად ხდებოდა.

გვერდში გვიდგახართ და არა გვერდში გვიდგეხართ.

დამღუპველია ადამიანებისთვის (ან – საშიშია სიცოცხლისთვის) და არა აბსოლუტურად დამღუპველია სიცოცხლეებისთვის.

ლამის პირობა მისცა და არა რამის პირობა მისცა.

მანქანის, მანქანით, მანქანად, მანქანები და არა მანქნის, მანქნით, მანქნად, მანქნები.

მოქალაქის დანიშვნის ბრძანება და არა მოქალაქის შესახებ დანიშვნის ბრძანება.

მას ვესაუბრე და არა მოვახდინე მასთან საუბარი.

მანქანა დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და არა მანქანა დათვალიერებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.

საკუთარი თავი დაინახონ და არა თავიანთი თავები დაინახონ.

უარი სტკიცა და არა უარი სტკლიცა.

ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარა? და არა ყველაზე მეტად ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც დაგეხმარა?

ყიდდა და ყიდულობდა ავტომანქანებს და არა ეწეოდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვას.

ძალიან მიხარია შენი ნახვა (შენთან შეხვედრა) და არა მიხარიხარ ძალიან.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...