ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№45

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 18.11, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აღმოსავლური, დასავლური, ჩრდილოური და არა აღმოსავლეთური, დასავლეთური, ჩრდილოეთური

(მაგრამ, სამხრეთელი და სამხრელი პარალელური ფორმებია).

აუწყავს და არა აურწყავს.

(სიტყვიდან – საწყაო).

აუჩეჩავს, აუჩეჩს და აუჩეჩია პარალელური ფორმებია.

გადააწექი და არა გადააწევი.

გამოწვდენილი და გამოწვდილი პარალელური ფორმებია.

დამწნილებული და არა დაწნილებული

(მწნილი და არა წნილი).

მაშინვე და არა მაშინათვე.

მოუკაზმავი და მოუკაზმველი პარალელური ფორმებია.

პუნქტუალობა და პუნქტუალურობა პარალელური ფორმებია.

ჟამიანობა და ჟამობა პარალელური ფორმებია.

სამმართველო და არა სამართველო.

სიგანივრე და სიგანიერე პარალელური ფორმებია.

ტკიპა და ტკიპი პარალელური ფორმებია.

ტრიქომონოზი და არა ტრიხომონოზი.

ქირავნობა და ქირაობა პარალელური ფორმებია.

შაქარყინული და ყინვაშაქარი პარალელური ფორმებია.

შეჰყავს და არა შეყავს.

ჩამტეხი, ჩამტეხელი და არა ჩამტეხავი.

ხარჭა და არა ხარჭი.

ჰმატებს (ძალას) და არა მატებს (ძალას).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამ ფილმს ყველაზე მეტი ნახვა აქვს და არა ეს არის ყველაზე ნახვადი ფილმი.

არაერთი ემოციური განცხადება გაგვიკეთებია და არა არაერთი ემოციური განცხადებები გაგვიკეთებია.

ასზე მეტ პაციენტზე ზრუნვა და არა ას ადამიანზე მეტ პაციენტზე ზრუნვა.

არავინ არსად არ მიდის და არა არავინ არსად მიდის.

ახლა ჩვენ სწორად უნდა ვიმოქმედოთ და არა ახლა ჩვენ სწორედ უნდა ვიმოქმედოთ.

გამომცხვარი და არა გამოცხობილი.

გასაახლებლად და არა გასანახლებლად.

კონცერტი ჩაატარა და არა კონცერტი მისცა (რუსულის კალკია).

რაც უფრო დიდხანს მეძინა, მით უფრო დაღლილი ვიღვიძებდი და არა რაც უფრო დიდი ხანი დავიძინე, მით უფრო დაღლილი გავიღვიძე.

საქვეითო ხიდი და არა საფეხმავლო ხიდი.

უძველესი (ტრადიცია) და არა დიდხნიანი (ტრადიცია).

ქართული ჩაის მოყვანა რთული არ არის და არა ქართული ჩაი არის ძალიან მარტივი და კარგად მოსაყვანია.

წინასწარ გაიგებენ სმს შეტყობინებით და არა წინასწარ შეიტყობენ სმს შეტყობინების სახით.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი