ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№33

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.08, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აწეწა (საწყისი ფორმა) და არა აწეწვა.

ბრონქიალური ასთმა და ბრონქული ასთმა პარალელური ფორმებია.

გაღვივდა და გაღივდა: ორივე სწორი ფორმაა, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებია. მაგალითად: გაღვივდა შუღლი, გაღვივდა ნაკვერჩხალი; მაგრამ – გაღივდა ნებისმიერი მცენარის თესლი ნიადაგში.

დაჭერა და არა დაჭერვა, დაჭირვა.

ზემოთ და ზევით პარალელური ფორმებია.

თავიდან ბოლომდე და თავით ბოლომდე პარალელური ფორმებია.

იმ ადგილზე და იმ ადგილას პარალელური ფორმებია, მაგრამ მათი გამოყენებისას არსებობს ნიუანსური განსხვავება. მაგალითად: ა) ხვალ იმ ადგილას მოდი, სადაც ძაღლი ვიპოვეთ; ბ) მე სწორედ იმ ადგილზე გელაპარაკები, სადაც ძაღლი ვიპოვეთ.

მაგიერ და მაგივრად პარალელური ფორმებია.

მოიხსენიო და მოიხსენო პარალელური ფორმებია, მაგრამ უფრო ხშირად მოიხსენიო გამოიყენება.

ქვემოთ და ქვევით პარალელური ფორმებია.

ღორმუცელობა და ღორმუცლობა პარალელური ფორმებია.

შემადგენლობა და შედგენილობა პარალელური ფორმებია, მაგრამ უფრო ხშირად შემადგენლობა გამოიყენება.

ძარცვა და არა ცარცვა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ავტომატიზება და არა ავტომატიზირება.

ამ ჩანთას დავიჭერ და არა ამ ჩანთას გავიკეთებ.

ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და არა ამაში ცუდი მე ვერაფერს ვერ ვუყურებ.

არაერთი ეჭვი და არა არაერთი ეჭვები.

დილა მშვიდობის(ა) და არა დილა მშვიდობით.

ისინიც ხელისუფლების ნაწილი არიან და არა ისინიც ხელისუფლების ნაწილნი არიან.

კაცია და გუნებაო... და არა კაცია და ბუნებაო...

„მაკდონალდსი“ და არა მაკდონალდი.

ნიღბების უკან იმალება ოთხი ცნობილი ადამიანი და არა ნიღბის უკან იმალებიან ოთხი ცნობილი ადამიანი.

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – დირექტორის მოადგილე და არა პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორის მოადგილე.

რომლებსაც, რომელთაც და არა რომლებთაც.

საკვები და არა კორმი.

სწორად ახსენეთ და არა სწორედ ახსენეთ.

ყველაფრის მიუხედავად და არა ყველაფრისდა მიუხედავად.

ჩვენ გარშემო და არა ჩვენს გარშემო.

ჩემი კარიერა 180 გრადუსით შეცვალა და არა ჩემი კარიერა 360 გრადუსით შეცვალა.

ხმათა რეკორდული რაოდენობა და არა რეკორდულ ხმათა რაოდენობა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი