ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№32

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 19.08, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აფუება, აფუებული და არა აფუვება, აფუვებული.

გადასხმი და არა გადასხმევია.

დაგვა, დაგავს (იგივე დაწვა) და არა სდაგავს, ჰდაგავს;

დაგვა, დაგვის (იატაკს) და არა დაჰგვის (იატაკს).

დამიპატიჟებია, დაგიპატიჟებია, დაუპატიჟებია და არა დამიპატიჟია, დაგიპატიჟია, დაუპატიჟია.

დაოქრული და არა დაოქროვილი.

დასაგეგმი და დასაგეგმავი პარალელური ფორმებია.

დაჰპნევია და არა დაპნევია, დაჰბნევია.

ეპოვება და არა ეპოება.

ლანჩა (ფეხსაცმლის ძირი. ნათესაობით ბრუნვაში – ლანჩის) და არა ლანჩი.

ლანჩი (სადილამდე წახემსება); (ნათესაობით ბრუნვაში – ლანჩის) და არა ლანჩა.

მოჩანს და არა მოსჩანს.

მაჰმადიანობა და მუსლიმანობა პარალელური ფორმებია.

მოსახერხი და მოსახერხავი პარალელური ფორმებია.

ორნივე – სახელობითი ბრუნვა; ორთავე – მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვები.

რაგბი და არა რეგბი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ათ საათსა და 15 წუთიდან და არა ათ საათზე და 15 წუთიდან.

ბანქო და არა კარტი.

გამჭვირვალე აკვარიუმი და არა გამჭირვალე აკვარიუმი.

გასაყიდად გამოიტანეს და არა გაყიდვაში გამოვიდა.

დავრბივარ და არა დავდივარ სირბილით.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება და არა გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხდება.

მახვეწნინებ დილიდან და არა მახვეწიებ დილიდან.

მიხეილის საავადმყოფო და არა მიხაილოვის საავადმყოფო.

მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და არა მოლაპარაკებების მაგიდაზე ყოფნა.

მომიტეხია ცხვირი და არა მომიტეხავს ცხვირი.

მომიტეხს ტოტს და არა მომიტეხავს ტოტს.

ნატრობდი და არა ნატრულობდი.

ოც მილიონ დოლარად და არა ოცი მილიონ დოლარად.

სტვენით და არა შტვენით.

სხედხართ და არა ზიხართ.

ტლაპო და არა ტყლაპო.

წმენდს და არა წმინდავს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი