ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№31

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 13.08, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

უარყოფა და ორმაგი უარყოფა

1. როცა ერთმაგი უარყოფა ნიშნავს დადებით ქმედებას:

ა) რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, ანუ – რასაც კი ხელს მოჰკიდებს;

ბ) რაც არ უნდა თქვას, ანუ – რასაც კი იტყვის;

გ) ვინც არ უნდა თქვას, ანუ – სულერთია ვინ იქნება;

დ) როგორც არ უნდა გაიგონ, ანუ – სულერთია, სწორად გაიგებენ თუ არასწორად;

თუმცა, კონტექსტიდან გამომდინარე, ამ ფრაზებს, შესაძლოა, პირდაპირი გაგებაც ჰქონდეს:

ა) ეს არის სწორედ ის, რასაც მან ხელი არ უნდა მოჰკიდოს;

ბ) ეს არის სწორედ ის, რაც მან არ უნდა თქვას;

გ) იგი იყო სწორედ ის, ვინც არ უნდა ყოფილიყო;

დ) ასე ნამდვილად არ უნდა გაიგონ ჩემი ნათქვამი.

2) როცა ორმაგი უარყოფა აუცილებელია და ნიშნავს უარყოფით ქმედებას:

არასდროს არ უნდა თქვა (გააკეთო) და არა არასდროს უნდა თქვა (გააკეთო).

არცერთხელ არ მივიდა და არა არცერთხელ მივიდა.

არაფრით არ დაგეთანხმები და არა არაფრით დაგეთანხმები.

არასგზით არ ვიტყვი (გავაკეთებ) და არა არასგზით ვიტყვი (გავაკეთებ).

არავითარ შემთხვევაში არ თქვა (გააკეთო)! და არა არავითარ შემთხვევაში თქვა (გააკეთო)!

არავინ არ უნდა გავინძრეთ და არა არავინ უნდა გავინძრეთ.

არცერთ აპლიკანტს არ მისცეს და არა არცერთ აპლიკანტს მისცეს.

3) როცა ერთმაგი უარყოფა და ორმაგი უარყოფა პარალელური ფორმებია (ანუ ვიყენებთ იმ ფორმას, რომელიც კონკრეტულ ტექსტს უხდება):

არავის არ სურს და არავის სურს;

არავინ არ მოდის და არავინ მოდის;

არაფერს (ვერაფერს) არ (ვერ) გეტყვი და არაფერს (ვერაფერს) გეტყვი.

ნურაფერს ნუ დამაბრალებ და ნურაფერს დამაბრალებ.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არასდროს არ უნდა დაიწყოს და არა არასდროს უნდა დაიწყოს.

(კიდევ) გავიმეორებ და არა გავმეორდები.

კოწახური და არა ბარბარისი (ბარბარიზმია).

კვლევაა ჩატარებული და არა კვლევა არის გაკეთებული.

კულტურის მოღვაწე და არა კულტურული მოღვაწე.

პენსიაზე გავალ და არა პენსიაში გავალ.

პოლიტიზებული საზოგადოება და არა პოლიტიზირებული საზოგადოება.

რა გამოსავალი არსებობს და არა გამოსავალი რაშია.

საზოგადოებამ ნახოს და არა საზოგადოებამ ნახონ.

ფსიქიკური მდგომარეობა და არა ფსიქიური მდგომარეობა.

წინა (უკანა) ხაზზე (ფლანგზე, რიგში) და არა წინა (უკანა) პლანზე.

ძალიან დაბალკალორიულია და არა კალორიულობაშიც ძალიან დაბალი არის.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი