ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№21

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 04.06, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

შეამოწმეთ, რამდენად სწორად საუბრობთ და წერთ ქართულად:

აახლებს და არა ანახლებს

(მაგრამ – განაახლა).

ამახსოვრდება, დაიმახსოვრა და არა ანახსოვრდება, დაინახსოვრა.

ან და ანდა პარალელური ფორმებია.

აწონა (საწყისი ფორმა) და არა აწონვა. აწონის და არა აწონავს.

ბოლოქანქარა და არა ბოლოქანქალა.

ბოლოქანქარას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ბოლოქანქარის.

ბჟენი, კბილის დაბჟენა და არა პლომბი, კბილის დაპლომბვა (სხვა შემთხვევაში: დალუქულია, ლუქი ადევს და არა დაპლომბილია, პლომბი ადევს).

ბწკარი და არა პწკარი.

ბწკარი და სტრიქონი პარალელური ფორმებია.

გაჩენილიყო და არა გამჩდარიყო.

გვირგვინი და ტიარა პარალელური ფორმებია.

კევი და არა კევა.

მოვრწყა, მორწყა, მორწყას და არა მოვრწყო, მორწყო, მორწყოს.

მშენებლის, მშენებლით, მშენებლად და არა მშენებელის, მშენებელით, მშენებელად.

ჩაერთნენ (საქმეში) და არა ჩაერთვნენ (საქმეში).

ჩაიხედავს (ქვემოთ) და არა ჩაიხედება (ქვემოთ).

ჰბრალდება (მას დანაშაული) და არა ბრალდება (მას დანაშაული).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არანაირი კომუნიკაცია არ მექნება და არა „არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ“.

ვცდილობდი, დახმარების ხელი გამეწვდინა და არა „...დახმარების ხელი გამეწოდა“.

იმდენად აშკარა და თვალსაჩინოა და არა „ამდენად აშკარა და იმდენად თვალსაჩინოა“.

მოცემულ წერტილში ვერ მოვხვდებით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა და არა „...ვერ მოვხვდებით სრულ რაოდენობაჯერ“.

მეუღლესთან განქორწინდა და არა „მეუღლისგან განქორწინდა“.

საყმაწვილო ცენტრი ფუნქციონირებს და არა „საყმაწვილო ცენტრი ფუნქციობს“.

საკუთარი თავისაც კი არ სჯერათ და არა „საკუთარი თავებისაც კი არ სჯერათ“.

შეთვისება, შეთვისების სიხშირე და არა შეთვისებადობა.

შეფასება, შეფასების სიხშირე და არა შეფასებადობა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი