ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№38

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 29.09, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აბედა – ხორცმეტი, კორძი (იგივე „მაზოლი“).

აბრაგი – (გარდა ყაჩაღად გავარდნილისა) – ხელსაბანი ჭურჭელი, წურწუმა, ლულეინი.

აბუჩი – დაუპატიჟებელი სტუმარი (აქედან მოდის გამოთქმა – „აბუჩად აგდება“).

ავანჩავანი – ავლადიდება.

ავმუცელა – მსუნაგი, გაუმაძღარი, ღორმუცელა.

ავტორი (გარდა დღევანდელი განმარტებისა) – მპოვნელი, მომპოვებელი.

ათაბაგი – „უფლისწულის (მეფის ძეთა) აღმზრდელი წარჩინებული“. ათაბაგებად იწოდებოდნენ ახალციხის მთავრები.

ათენაობა – ათჯერ ენის მიტანა, ათჯერ ვერაგობა.

ამილახორი (იგივე ამილახვარი, ემხვარი) – ამჟამად გვარია, დიდებულთაგანი. შუა საუკუნეებში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, კერძოდ – მეჯინიბეთუხუცესი (იხ. „ვეფხისტყაოსანი“: „ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია“).

არ გერგო (ძველი ფორმაა) – ახლა: არ გამოგადგა.

აღვსება (ძველი ფორმაა) – ახლა: აღდგომა.

დაუდგრომელი (ძველი ფორმა) – ახლა: ცვალებადი.

კუსპარა – დაბალი, პატარა ტანის, მოძრავი ადამიანი.

მარგინ ალ – რისკის ზღვარი.

მარგინალია – წიგნის ან რვეულის კუთხეზე მიწერილი რაიმე შენიშვნა.

მოვედით (ძველი ფორმა) – მოდით.

ნიჭი – საჩუქარი.

რკინა – ჯაჭვი, ბორკილი.

სირი – ჩიტი, ფრინველი (შესაბამისად, სირაქლემა – ჩიტ-აქლემი, ფრინველ-აქლემი).

ტოლუმბაში (თურქულად – თულუმბაში) – ახლა: თამადა; პირდაპირი თარგმანი: „ტიკის უფროსი“).

შეაჯერა – დაარწმუნა.

შემასმენელი – დამბეზღებელი, გადამბირებელი.

შესმენა – დასმენა, დაბეზღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა