სპორტი

ვისი დამსახურებით აღმოჩნდა ნინო თიბილაშვილი სამხატვრო აკადემიიდან პარაოლიმპიადაზე და რას იღებს ის უდიდესი მსხვერპლის სანაცვლოდ

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 06.09, 2021 წელი

ნინო თიბილაშვილი
დაკოპირებულია

მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ტოკიოში მიმდინარე პარაოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და მთელი საქართველო გაახარა. მისთვის ეს პირველი პარაოლიმპიადაა, რომელიც საოცარი ტრიუმფით დაიწყო და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.

ნინო თიბილაშვილი: ოლიმპიადამდე, მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოვიტანეთ ოქრო და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რადგან პანდემიის გამო წელიწად-ნახევარი გაჩერებულები ვიყავით. მას შემდეგ აღარ მოვდუნებულვართ და ოლიმპიადაზე საბრძოლო განწყობით წამოვედით. ოლიმპიადის დაწყებამდე შეკრება უნდა გვქონოდა იაპონიაში, მაგრამ კორონა დამემართა და სამწუხაროდ, ადრე ვერ გამოვფრინდი. ისე გამოვიდა, რომ ოლიმპიადაზე ზუსტად ერთი დღით ადრე ჩამოვედი. ფიზიკურად ცოტა დასუსტებული და ცოტა შეშინებულიც ვიყავი, ვნერვიულობდი, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას უარყოფითად არ ემოქმედა ჩემს შედეგებზე. მაგრამ ოლიმპიადის დღეს რომ გავიღვიძე, საკუთარ თავს ვუთხარი: ან ყველაფერი, ან არაფერი! დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ იმ დღეს და ბევრი რამ არც მახსოვს, ნელ-ნელა ვიღდგენ დეტალებს. სრულიად გამოვეთიშე სამყაროს, მხოლოდ ოლიმპიადაზე, ჩემს გუნდსა და ქვეყანაზე ვფიქრობდი. ყველაფერი თავისით მოხდა. როცა ბრძოლა მოვიგე და ფინალში გადავედი, ვერ ვიჯერებდი და გუნდის წევრებს ვეკითხებოდი, ეს მართლა მოხდა-მეთქი?! საოცარი განცდა იყო. ეს ჩემი პირველი პარაოლიმპიადაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სტარტი გვაქვს, ჯერ ყველაფერი წინ არის და დარწმუნებული ვარ, მომავალში ოქროსაც ავიღებთ.

– იოცნებებდით ამაზე ცოტა ხნის წინ?

– ხუთი წლის წინ დავიწყე ფარიკაობა. 2016 წელს რიოში ვერ წავედი, რადგან ახალი დაწყებული მქონდა და რეიტინგი ხელს არ მიწყობდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის აქტიური მზადება დავიწყე და მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ მოვდუნებულვარ. სპორტსმენს ორი წელი აქვს საშუალება, რომ ოლიმპიადისთვის რეიტინგი მოაგროვოს. მთელი ორი წლის განმავლობაში სისტემატურად მესიზმრებოდა პარაოლიმპიადა. სიზმრებში სულ საფინალო ბრძოლა მქონდა, ორი წელი ამ განცდებში ვიყავი (იცინის). მაგრამ, როცა ეს მოხდა, ვერ გავიაზრე, საქართველოში რომ დავბრუნდები, ალბათ, მერე უფრო გავაანალიზებ. სასწაული ემოციებია, ვიჯექი და სიხარულისგან ვტიროდი. ხალხისგან ისეთი შეტყობინებები მომდის, თავს ვერ ვიკავებ. მადლობა რომ გიცნობო, რომ მეუბნებიან, ამით გამოწვეულ სიხარულს ვერაფერს შევადარებ. ეს განცდა მთელი ცხოვრება ჩემი მეგზური იქნება, სტიმულს მომცემს ყველანაირი სირთულის დროს და გამარჯვებაში დამეხმარება. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, ჩემს მაესტროებს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, სათითაოდ ყველა გულშემატკივარს, ყველამ ერთად შეძლო ის, რომ პარაოლიმპიადიდან ვერცხლი ჩამოგვეტანა.

– კოვიდის დამარცხების შემდეგ ფსიქოლოგიურად ოლიმპიადისთვის მობილიზება რთული არ აღმოჩნდა?

– ჩემი აზრით, ოლიმპიადაზე გადამწყვეტ როლს ფსიქოლოგიური მდგომარეობა თამაშობს, იმარჯვებს ის, ვინც ემოციურად უფრო მყარად დგას ფეხზე. 90 პროცენტი ამაზეა დამოკიდებული. არ ვიცი, მე როგორ მოვახერხე მობილიზება. ყველანაირი ფიქრი გავთიშე, რაც ფარიკაობასა და პარაოლიმპიადას არ უკავშირდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ომი იყო და მე ეს ომი აუცილებლად უნდა მომეგო.

– კონკურენტების მხრიდან როგორი იყო განწყობა, რადგან ნაკლები გამოცდილება გქონდათ, ხომ არ ელოდნენ, რომ მარტივად დასამარცხებელი აღმოჩნდებოდით?

– მოფარიკავეებს ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი. არ არსებობს სუსტი და ძლიერი მოწინააღმდეგე. ყველა მოწინააღმდეგე ღირსეულად უნდა შეაფასო და მაქსიმალურად უნდა მოინდომო, რომ კარგად იბრძოლო. ბოლოს ჩემი მოწინააღმდეგეების თვალებში დიდი ნერვიულობა და შიში იგრძნობოდა. სიმართლე გითხრათ, ამან ძალიან გამახარა და თავდაჯერებულობა შემმატა. არ ვიცი, ისინი რას კითხულობდნენ ჩემს თვალებში, თუმცა მე შიში არ მიგრძნია. პირიქით, ძალიან დიდი შემართებით ვიბრძოდი. ვიცოდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნი.

– როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან?

– არასდროს დავინტერესებულვარ ფარიკაობით, მხოლოდ ფილმები მქონდა ნანახი მის შესახებ. ყველაზე კარგად ჩემს ცხოვრებას „საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენა“ – ეს ფრაზა აღწერს. ჩემმა მწვრთნელმა, ბატონმა მალხაზ მესხმა მიპოვა და შემომთავაზა, ეს საქმე მეკეთებინა. დავთანხმდი და ახლა ვხვდები, რომ დღე, როცა, მან ფარიკაობა შემომთავაზა, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ 19 წლის აბიტურიენტი ვიყავი და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. საკმაოდ დაძაბული რეჟიმი მქონდა და სხვა არაფერი მაინტერესებდა. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთი ხელოვანი და მეორე – მოფარიკავე. თუმცა, ჩემთვის ფარიკაობაც ხელოვნებაა.

– კიდევ კარგი, რომ დაუჯერეთ მომავალ მწვრთნელს, მაგრამ თავიდან ძალიან არარეალურად არ მოგეჩვენათ ეს შემოთავაზება?

– კი, სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ძალიან აგდებულად ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვარჯიშზე მწვრთნელის ხათრით დავდიოდი. მაგრამ დამოკიდებულება ჩემი გუნდის წევრებმა, მათმა შრომისმოყვარეობამ და ბრძოლისუნარიანობამ შემიცვალა. მართლა მათი დამსახურებაა, რომ დღეს ეს ყველაფერი ხდება.

– ალბათ, ეს შედეგები ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს.

– კომენტარებში მხვდება ხოლმე – მერე რა, სპორტიაო... როცა აქტიურ სპორტში ხარ, შეიძლება, მთელი ცხოვრების ყველა სიამოვნება გვერდზე დაგრჩეს, იმიტომ, რომ მუდმივი ვარჯიში და რეჟიმია შენი ამოსავალი წერტილი. მაგრამ ეს იმდენად გზრდის, ისე გაძლიერებს და ცხოვრებისეულ ძალას გაძლევს, არა მარტო გამარჯვება, მარცხიც იმდენად დიდი სტიმულია, რომ სრულიად იცვლები. დღეს მე სულ სხვა ადამიანი ვარ – მეომარი ვარ, ძლიერი და შეუპოვარი. რომ არა ეს სპორტი, მე ასეთად ვერ ჩამოვყალიბდებოდი. თუმცა, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად არ მაქვს გართობის საშუალება, ბევრი რამ მრჩება ცხოვრებაში, მაგრამ ეს მსხვერპლი ნამდვილად მიღირს იმად, რასაც სანაცვლოდ ვიღებ.

– ხელოვან ნინოს რა ბედი ეწია?

– არქიტექტურა ცოტა დამეჩაგრა, რადგან დრო აღარ მრჩებოდა. თუმცა დღემდე ვხატავ, ეს არაჩვეულებრივი თერაპიაა. როცა ემოციების გარეთ გამოშვება მინდა, ამისთვის სიტყვები არ მჭირდება, ხატვაში ვპოულობ შვებას. ასევეა ფარიკაობისასაც. როცა რამე მაწუხებს, მერე დარბაზში შევდივარ და ვფარიკაობ, გარეთ გამოსული ვაცნობიერებ, რომ უარყოფითი ემოციებისგან გავთავისუფლდი. ჩემი ორივე პროფესია არაჩვეულებრივი საშუალებაა სირთულეების დასაძლევად. არქიტექტურის სწავლა დავასრულე და ცოტა ხანში ვაპირებ, მაგისტრატურაზეც ჩავაბარო, შესაძლოა, სხვა მიმართულებით. სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა, ამ მხრივ ყურადღება მოვადუნო.

– შეზღუდული შესაძლებლობები ყურისმომჭრელად ჟღერს, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ეს სულაც არ გიშლის ხელს იმაში, რომ მთელმა ქვეყანამ შენით იამაყოს. როგორ დაიწყო ეს ისტორია?

– მე ჩემი მშობლებისთვის მესამე შვილი ვარ. დაბადებიდანვე ბარძაყის ანომალია მაქვს და მარცხენა ფეხზე პროთეზი მიკეთია. როგორც იხსენებენ, მშობლები თავიდან ძალიან დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. შემდეგ მოიძიეს ყველანაირი ინფორმაცია და ორი წლიდან პროთეზს ვატარებ. ჩემი ოჯახი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ განსხვავებული ვიყავი და განსხვავებული პირობები მჭირდებოდა ცხოვრებაში. მეც ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ირგვლივ სხვები. ძალიან კარგ გარემოში გავიზარდე და ჩემი მდგომარეობა კატასტროფად არასდროს აღმიქვამს. მხოლოდ უცხო ადამიანებისგან მიგრძნია ცოტა სხვა დამოკიდებულება.

– თუმცა ამ მხრივაც ბევრი რამ იცვლება – რა გზა გამოიარეთ ამ მხრივ?

– შემხვედრიან ადამიანები, რომელთაც ჩემს დანახვაზე შეუცხადებიათ, ვაიმე, საწყალიო. თუმცა, როგორც აჩვენებ ადამიანს საკუთარ თავს, ისეთად მიგიღებს. თუმცა ისიცაა, რომ სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვანაირი პირობა სჭირდება, მაგალითად, ეტლით მოსარგებლეს უნდა ჰქონდეს ქალაქში გადაადგილების საშუალება, არ უნდა დავივიწყოთ და საამისოდ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. საზოგადოების დამოკიდებულება ნამდვილად უკეთესობისკენ იცვლება და ეს ძალიან მახარებს. ადრე თუ ვეცოდებოდით, ახლა გმირები ვართ. მგონია, რომ არ არის საჭირო ამ მდგომარეობის გამო ადამიანების გამოყოფა. არც ის არის საჭირო ვინმეს ვეცოდებოდეთ და არც ის, რომ თუ რამეს გავაკეთებთ, ამის გამო გმირებად შეგვრაცხონ. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ალბათ, ყველა შშმ პირის სურვილია, რომ ყველამ ჩვეულებრივადვე აღგვიქვას, ჩვენი პლუსებითა და მინუსებით.

უფროსი და-ძმა მყავს და გარკვეულ ასაკში პროტესტს გამოვხატავდი იმის გამო, რომ მე რაღაც განსხვავებულად მქონდა. მივდიოდი მშობლებთან და ველაპარაკებოდი ამის შესახებ. ისინიც ჩვეულებრივად მიხსნიდნენ ყველაფერს, არასდროს არაფერი დაუმალავათ, არ უცდიათ, განსაკუთრებული პირობები შეექმნათ ჩემთვის. მაგალითად, როცა ჩემი კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა, სადაც დიდი მანძილი ფეხით უნდა გაგვევლო, არასდროს უთქვამთ, შენ ვერ შეძლებ და დარჩიო. პირიქით, მეუბნებოდნენ, მიდი, სცადეო. ასე რომ, ძალიან ჩვეულებრივად, ბუნებრივ და ჯანსაღ გარემოში გავიზარდე. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მშობლებს არასდროს შევუზღუდივარ, წინასწარ არასდროს უთქვამთ, რომ მე რამეს ვერ შევძლებდი. შეიძლება, ასე ბავშვი დაითრგუნოს კიდეც, ბევრი სირთულეც შეხვდეს, მაგრამ ესეც აუცილებელი გამოცდილებაა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს და რეალური ცხოვრება გაიცნოს.

P.S. გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა