სპორტი

ვალიტა გორელჩანიკი: საქართველოში ძალისმიერი სპორტის სახეობებში ქალები სექსიზმში ვცხოვრობთ

№52

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 29.12, 2020 წელი

ვალიტა გორელჩანიკი
დაკოპირებულია

ვალიტა გორელჩანიკი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც „საქართველოში უძლიერესი ქალის“ ტიტული მიანიჭეს. ის გახლავთ POWERLIFTING-ში ექვსჯერ საქართველოს, სამჯერ ევროპისა და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო MASWRESTLING-ში მსოფლიოს ჩემპიონი. ასევე, საქართველოში პირველი ფიტნეს-აკადემიის დამფუძნებელი. 

ვალიტა გორელჩანიკი: მოსკოვში დავიბადე, 9 წლამდე იქ ვიზრდებოდი, მერე საქართველოში დავბრუნდით. დედამ მეორედ შექმნა ოჯახი და ეს გვარი მამობილმა მომცა. ცოტა რთულად წარმოსათქმელია და ამის გამო შეცვლა მიფიქრია, თუმცა უკვე მიჩვეული ვარ. საქართველოში რომ ჩამოვედი, ქართული თითქმის არ ვიცოდი, თან რუსული სკოლა დავამთავრე, მერე უკრაინაში წავედი საცხოვრებლად და დღემდე ვსწავლობ მშობლიურ ენას, რადგან მინდა, კარგად ვიცოდე.
– უკრაინაში რატომ წახვედი? სპორტით როდის დაინტერესდი?
– 19 წლის ვიყავი, როცა საკუთარი გადაწყვეტილებით წავედი უკრაინაში და 10 წელი იქ ვიცხოვრე. მაშინ საქართველოში ძალიან რთული პერიოდი იყო – 90-იანი წლები და თვითრეალიზების, განვითარების არანაირი საშუალება არ არსებობდა. სწორედ, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავემგზავრე. სპორტში ბავშვობიდან ვიყავი, ხან რაზე დავდიოდი, ხან რაზე. პატარაობაში განსაკუთრებით ორთაბრძოლები მომწონდა და რაღაც პერიოდი კარატეში ვვარჯიშობდი, მერე ალპინიზმით დავკავდი, უბრალოდ, იმ პერიოდში სპორტის ეს სახეობა უფრო მოყვარულის დონეზე იყო და თავი დავანებე. უკრაინაში დარბაზში დავიწყე ვარჯიში ფორმის შესანარჩუნებლად, სხვა მიზანი არ მქონია, რადგან სულ სხვა სფეროში ვმუშაობდი – რესტორნის ადმინისტრატორი ვიყავი. ერთი თვით საქართველოში ჩამოვედი, მერე ისევ უკან დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ სამჭიდში ერთ-ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა შემამჩნია და მითხრა, რომ კარგი პოტენციალი მქონდა. პროფესიონალურ სპორტში აქედან ჩავერთე, მოვიგე ევროპა, მსოფლიო და შემდეგ გადავედი მასრესლინგში. ჯამში, სამგზის მსოფლიოს, სამგზის ევროპისა და ექვსგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. შვიდი წელია, რაც აქტიურად ვვარჯიშობ.
– რატომ აირჩიე ძალისმიერი სპორტი და რის მიხედვით მოგანიჭეს უძლიერესი ქალის ტიტული?
– სპორტის ბევრი სახეობა ვცადე, მაგრამ მიდრეკილება უფრო ძალისმიერი სპორტის მიმართულებით მქონდა – აქ უფრო ვიხსნები და ვიხარჯები. ჩემი არასოდეს იყო სირბილი, ჩოგბურთი და მსგავსი სახეობები. 2016-დან 2020 წლამდე არც ერთ ქალს არ შეუსრულებია ის ნორმატივები, რაც მე. კონკრეტულად: ტურნიკზე აზიდვა 30-კილოგრამიანი გირით, ორძელზე – 50-კილოგრამიანი გირით, ხოლო დაწოლილ მდგომარეობაში 100 კილოგრამი შტანგა მაქვს აწეული. ეს ყველაფერი 56 კილოგრამ კატეგორიაში შევასრულე. „უძლიერესი ქალის“ წოდება საქართველოში მომცეს, რეალურად კი, მთელი კავკასიის მასშტაბით ვერავინ გაიმეორებს იმავეს, რადგან ქალისთვის ყველაზე რთული ნორმატივებია. ამ ტიტიულის მონიჭებისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ძალისმიერი ფიტნესის ეროვნულ ფედერაციას და სპორტის სამინისტროს.
– რამდენად არიან გოგონები სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულები და რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას?
– საქართველოში ძალისმიერი სპორტის სახეობებში ქალები სექსიზმის შიგნით ვცხოვრობთ, რადგან არავინ აღიქვამს ქალს მსგავს სპორტში. როგორც კი ქალი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ სურს იყოს, თუნდაც, მოკრივე, მაშინვე საზოგადოების ზეწოლის ქვეშ ექცევა: შენ ამას ვერ იზამ, შენ ეს არ უნდა გააკეთო, გოგო ხარ, დამახინჯდები... ჩემი მიმართულებით უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ხოლმე: გოგო ხარ და რას იზამ? როცა შედეგები დავდე, მერე დაიწყეს: უი, ალბათ, სტეროიდებს იღებ ან სპორტულ კალორიებს. ამის გამო დოპინგ-კონტროლს ვაბარებდი, რომ დამემტკიცებინა არაფერს ვიღებდი. ნამდვილად რთული გზა გავიარე და კარგად ვიცი, ეს წარმატება რის ფასად დამიჯდა, დიდი შრომა მაქვს ჩადებული, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. საქართველოში პირველი ქალი ვიყავი, ვინც მასრესლინგში ვარჯიშობდა. როგორც კი შევდგი დარბაზში ფეხი, მაშინვე მინდოდა, გავსულიყავი ევროპაზე და მსოფლიოზე. ეს იყო ჩემი მიზანი და არა გატაცება. მასრესლინგის ფედერაციამ უკვე მერე მიმიწვია, როცა უკვე გარკვეული შედეგები მქონდა დადებული. ჩემთვის კი ეს მიმართულება იყო შესაძლებლობა, რომ მაქსიმუმი მეჩვენებინა.
– ოჯახის წევრები, როგორ შეხვდნენ შენს პროფესიულ არჩევანს?
– დედაჩემის მხრიდან ყოველთვის იყო ნეგატიური დამოკიდებულება სპორტთან, რადგან თავად ტანმოვარჯიშეა და ხშირად ამბობდა, რომ პროფესიული სპორტი ადამიანს ამახინჯებს და ჯანმრთელობას უზიანებს. ჯანმრთელობის მხრივ, ეს მართლაც ასეა, პროფესიონალური სპორტი აღარაა კავშირში ჯანმრთელობასთან, აქ უკვე შენი თავის მაქსიმუმი უნდა ჩადო. ამის გამო არ უნდოდა ჩემი სპორტსმენობა, მაგრამ ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა, რადგან საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მგონი, ამ პროტესტმა მომიყვანა დღევანდელობამდე.
– გარეგნულად იმდენად ლამაზი ხარ, ვერავინ იტყვის, რომ ძალისმიერ სპორტში ვარჯიშობ, როცა იგებენ, რა რეაქცია აქვთ?
– გარეგნულად დიდად არ მეტყობა ჩემი პროფესია, თან სამოსითაც არ ვუსვამ ხაზს სპორტულ სხეულს, არ ვაჩენ და არც მომდგარს ვიცვამ. შეიძლება, უფრო უხეშის იერი მქონდეს, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა, რადგან სპორტსმენი ვარ. საერთოდ, უფრო ის უკვირთ, ძალიან დიდი კუნთები რომ არ მაქვს (იცინის). მერე მიწევს ახსნა, რომ ძალა კუნთში არ არის და ასე შემდეგ.
– ახლახან დააარსე „ფიტნეს-აკადემია“, რა იყო პროექტის მიზანი?
– დიახ, უკვე საგანმანათლებლო ფიტნესთან ვარ კავშირში და ეს ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არაა. წლებია, რაც ამ სექტორში ვმუშაობ და ვფიქრობ, საქართველოში, ამ მხრივ, განვითარება გვაკლია. ფიტნესში ბევრი ადამიანია ჩართული, მაგრამ სიღრმისეულად, საგანმანათლებლო კუთხით არა – მხოლოდ სამოყვარულო დონეზე. მინდა, პროფესიონალურ დონემდე მივიყვანო ეს სფერო და ესაა ჩემი მთავარი მიზანი.
P.S. ფოტოები ეკუთვნის ოლგა კოლაბინას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი