სპორტი

ტატო გრიგალაშვილი: როგორც მე ვერკვევი ძიუდოს წესებში, ასეა დედაც

№50

ავტორი: ეთო ხურციძე 18:10 19.12, 2020 წელი

ევროპის ჩემპიონი ძიუდოში,
2020 წ.
დაკოპირებულია

პრაღაში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა 45 წამში მოიპოვა – ბულგარელი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა. მან 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 

გარდა სპორტისა, ტატო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. უფრო დაწვრილებით მის შესახებ „თბილისელებთან“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ტატო გრიგალაშვილი: 1999 წლის პირველ დეკემბერს დავიბადე ქალაქ ხაშურში. დაახლოებით, 15 წელია, რაც ვვარჯიშობ. თავიდანვე ძიუდოზე დავდიოდი, სხვა სპორტის სახეობაში არ ვყოფილვარ და არც სურვილი მქონია, გადავსულიყავი. ხუთი წლის ვიყავი, როცა მამამ შემიყვანა ძიუდოზე. 2004 წელს ზურაბ ზვიადაურმა რომ მოიგო ოლიმპიადა, მაშინ გადაწყვიტა სპორტის ამ სახეობაში შევეყვანე. მერე მეც ძალიან მომეწონა და არ მიცდია თავის დანებება.

– საკმაოდ პატარა ასაკში დაგიწყია ვარჯიში, თავადაც გქონდა ვარჯიშის სურვილი?

– ზუსტად არ მახსოვს, რა ემოციები იყო მაშინ, მაგრამ ინტერესი ყოველთვის დიდი მქონდა, მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი და ამის გამო ვცდილობდი, ყოველდღე უფრო მეტი მევარჯიშა. უკვე 15 წელია, განუწყვეტლივ ვვარჯიშობ, პაუზაც არ მქონია. მინდოდა, დიდ შედეგებზე გავსულიყავი და ამიტომ, დღითი დღე გაცილებით მეტს ვვარჯიშობდი ხოლმე და დღემდე ასეა. ახლა რა შედეგებიც მაქვს, ეს არც თუ ისე დიდია იმასთან შედარებით, რასაც ვგეგმავ, მაგრამ მომავალი წინაა და ვნახოთ, რა იქნება.

– წარმატებების სერია როდის დაიწყო?

– პირველი მედალი 21 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავიღე, მგონი მესამე ადგილზე გავედი, ზუსტად არ მახსოვს. მაშინ ამ მედალმა ძალიან დიდი სტიმული მომცა. რაც შეეხება უშუალოდ წარმატებას, 16 წლის ვიყავი, ჭაბუკებში რომ მოვხვდი. იმ წელს ვიჭიდავე ევროპაზე, მაგრამ შედეგი ვერ დავდე, მხოლოდ გუნდურში გავხდით ჩემპიონები. 2017 წლიდან, უკვე ახალგაზრდებში, ევროპის პრიზიორიც ვიყავი და მსოფლიოზეც მესამე ადგილი ავიღე, თან, პირველი წელი იყო ჩემთვის. კარგი შედეგები უფრო აქედან დაიწყო.

– ვარჯიში მამის სურვილით დაიწყე, მაგრამ ძალისმიერი სპორტია და დედას რა დამოკიდებულება ჰქონდა?

– მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, რაც უნდა დამჭირვებოდა, ყველაფერში მხარს მიჭედნენ და დღემდე ასე გრძელდება. მათი ასეთი მხარდაჭერა დიდი მოტივაციაა ჩემთვის, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. ტრავმის დროსაც კი არ მქონია მომენტი, რომ ეთქვათ, თავი დაანებე, შეეშვი და ასე შემდეგ, პირიქით, სულ მამხნევებდნენ. ბოლომდე არიან ჩართულები სპორტში და როგორც მე ვერკვევი ძიუდოს წესებში, ასეა ორივე – დედაც და მამაც.

– ევროპის ჩემპიონი გახდი, რთული იყო მოგება?

– მოგების შემდეგ ყველა შეჯიბრებას რომ გადავხედავ ხოლმე, ყოველთვის მარტივი მეჩვენება, მაგრამ უშუალოდ შეჯიბრებაზე რთულია. ამ შეხვედრაზე ყველა ძლიერი მოწინააღმდეგე შემხვდა, თითოეულ მათგანს ჰქონდა გამოცდილება და შესაბამისი მომზადებაც, მაგრამ შევძელი გამარჯვება. სწორედ ამისთვის ვემაზდებოდი და ამაზე ვიყავი ორიენტირებული. ფინალში 45 წამში იპონით მოვუგე მოწინააღმდეგეს და ჩემპიონობა მოვიპოვე.

– რამდენად ელოდებოდი გამარჯვებას?

– თითქმის ყველა შეჯიბრებაზე გასამარჯვებლად მივდივარ, მნიშვნელობა არ აქვს, რა დონის შეხვედრა იქნება – ყოველთვის ჩემპიონობისთვის და პირველობისთვის ვემზადები. ამ შემთხვევაშიც იმავე დამოკიდებულებით ვიყავი, ვფიქრობდი, ჩემი თავი ბოლომდე უნდა დამეხარჯა და კარგი მოლოდინიც მქონდა. ზოგადად, ფსიქოლოგიური მომენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია შეჯიბრების დროს, ამ მხრივ, გარკვეული საკითხების მიმართ სწორი დამოკიდებულება მაქვს, რაც წარმატების მიღწევაში მეხმარება. ჩვენ ფსიქოლოგიც გვყავს, რომელთანაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.

– ტრავმები ხშირად გაქვს ხოლმე?

– კი, ერთ შეჯიბრებაზე სერიოზული ტრავმით ვიჭიდავე. ფეხის ტერფს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ყველა შეხვედრის წინ ადგილობრივ გამაყუჩებელ ნემსს ვიკეთებდი და ისე გავდიოდი ტატამზე. ამის მიუხედვაად, მაინც გავიმარჯვე. შემეძლო, უარი მეთქვა და შეხვედრაზე არ გავსულიყავი, ტრავმის დროს თავად წყვეტ, შეგიძლია თუ არა ჭიდაობა, მაგრამ არ მინდოდა დანებება. ერთ შეხვედრას რომ მოვიგებდი, მეორე შეხვედრაზე გასვლამდე ისე მტკიოდა ფეხი, თუ გამაყუჩებელს არ გავიკეთებდი, ვერ ვუძლებდი. ამაზე დიდი ტრავმაც მქონია – მასტერის ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე კოჭი ვიტკინე, იოგები დამიზიანდა. ისე მტკიოდა, ფეხს ვერ ვდგამდი და სამწუხაროდ, ეს ბრძოლა წავაგე. რთული ტრავმა იყო, რეაბილიტაციასაც დიდი დრო დასჭირდა.

– როცა ჩემპიონატებისთვის ემზადებით, პანდემიის პირობებში როგორ ვარჯიშობთ?

– თავიდან, როცა პანდემია გამოცხადდა, ყველა სპორტსმენი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა სახლში, როგორც შეეძლო, ისე. ჩემი მწვრთნელის დახმარებით სახლში ავაწყვე „შტანგები“ და სიმძიმეზე, ძალის მომატებაზე ვვარჯშობდი, შეჯიბრებამდე დაახლოებით, შვიდი თვე მქონდა დარჩენილი და ვარჯიშს დღეში 5-6 საათს ვუთმობდი. დრო ისე გადიოდა, ვერც ვიგებდი ხოლმე. მერე, როცა საშუალება მოგვეცა, ტატამზე და დარბაზში გადავინაცვლეთ. დარბაზში ბევრად კარგია ვარჯიში, რადგან დისციპლინა და ჩართულობა უფრო მეტია, ვიდრე სახლში. მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო გიგა ბოჭორიძეს, პირად მწვრთნელს მირზა ხაბარელს, ლაშა გუჯეჯიანსა და ექიმთა საბჭოს.

– სპორტის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– ძირითადად, სპორტზე ვარ გადართული, მაგრამ კიდევ ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. თავიდან საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ სამართალზე გადავიტანე საბუთები, რადგან ჩემი შეყვარებული სწავლობს ამ ფაკულტეტზე (იცინის). ამჯერად მეორე კურსზე ვარ, რთულია სპორტთან დროის შეთავსება, მაგრამ უნივერსიტეტიდან მაქვს დიდი ხელშეწყობა, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

– სპორტსმენები ხშირად ამბობენ, სპორტი და სიყვარული ერთად არ გამოდისო და როგორ ართმევ თავს ორივეს?

– ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, ძალიან მიწყობს ხელს ყველაფერში. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა. მას კარგად აქვს გააზრებული ჩემი პროფესია, იცის, რა დრო სჭირდება ვარჯიშს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ისედაც სულ მასთან ვარ, ამიტომ, ამ მხრივ, პრობლემა არ გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი