სპორტი

როგორ მიუძღვნა საბა ინანეიშვილმა ემიგრანტ დედას მსოფლიოს ჩემპიონობა

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 09.11, 2021 წელი

გვანცა ჭანტურიძე
დაკოპირებულია

20 წლის საბა ინანეიშვილი იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს გამარჯვება საბამ ემიგრანტ დედას - გვანცა ჭანტურიძეს მიუძღვნა, რომელმაც ჩვენთან საუბარი მომხდარით გამოწვეული დადებითი ემოციებით დაიწყო.

გვანცა ჭანტურიძე: ეს საოცარი განცდაა, რომელიც სრულყოფილად დღემდე ვერ გავითავისე. ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. სიმართლე რომ გითხრათ, მარტო ჩემი შვილის კი არა, მისი ახლო მეგობრების ჭიდაობის ყურებაც კი არ შემიძლია. ჩემპიონატზე საბას გამოსვლის დრო რომ მოვიდა, მე დარბაზიდან გამოვედი და შორიახლოს ველოდი შედეგებს. ხელში ჯვარი მეჭირა, რომელიც საბამ მაჩუქა მაშინ, როცა საქართველო დავტოვე და ვლოცულობდი. როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი ჩემპიონი გახდა, ვერ აგიწერთ, რა ვიგრძენი. ასეთი რამ აქამდე არც კი მინატრია, ვერც ვიფიქრებდი ამხელა გამარჯვებაზე. გულწრფელად გეუბნებით, გულშიც კი არ გამივლია ასეთი ოცნება და ყველა დედა ისეთი ბედნიერი და გახარებული ამყოფოს უფალმა შვილის წარმატებებით, როგორც ახლა მე ვარ.

- შვილი გამარჯვებამდე ნახეთ, თუ შემდეგ?

- მე და ჩემი ძმის ცოლი, რომელიც ჩემთან ერთადაა იტალიაში ოლბიაში დილით ჩავფრინდით. აეროპორტიდან საბას ვწერდი, ვუთხარი, რომ ჩამოვედი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ დარბაზში ვერ მოვალ-მეთქი. მან იცის, რომ ვერ ვუყურებდი ჭიდაობის დროს. დაგელოდები და როცა ყველაფერი დამთავრდება, გნახავ- მეთქი. მაგრამ გულმა არ მომითმინა და წავედით, თუმცა შიგნით ვერ შევედი. საბამ მითხრა, დედა ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, ხალხს ვათვალიერებდი და ერთი-ორჯერ გარეთაც გამოვედიო. მე დარბაზთან ცოტა მოშორებით ვიდექი. ვფიქრობდი, ამ ემოციებმა ცუდად არ იმოქმედოს მასზე და შვილს ხელი არ შევუშალო, ამიტომ ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე შევხვდები-მეთქი. პირველი შეხვედრა მოიგო, მეორე, მესამე და ცოტა ხანში ვხედავ, კარიდან საბას მეგობარი - ნიკა ხარაზიშვილი გამოდის. ის რომ დავინახე, ვეღარ მოვითმინე, მივედი და ჩავეხუტე. ვუთხარი, რომ შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი. ამ დროს საბას ტრენერისგან მივიღე შეტყობინება: დედა, სად ხარ? რატომ არ ჩანხარ? რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნაო? - მწერდა საბა. მისი მეგობარი მეუბნება, გვანცა დეიდა, გელოდებათ და აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს მისთვის ძალიან დიდი მოტივი იქნებაო. გადავწყვიტეთ, საბა გარეთ გამოეყვანა ისე, რომ არ სცოდნოდა, იქ რომ მე ველოდი. თუმცა, მერე საბამ მითხრა, მაშინ მივხვდი, რომ იქ იყავიო. ეს იყო ჩვენი შეხვედრა ოთხი წლის შემდეც. ჩემი შვილი ოთხი წელი არ მყავდა ნანახი და ვერც აგიწერთ ჩვენს ემოციებს. ღვთის წყალობით, ჩემპიონატზეც ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- საბა რას ამბობს, მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას ჩემპიონატის წინ?

- სამ მარტს საბამ დედის დღე მომილოცა და მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვს - იტალიაში ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და უფლის ნებით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ იქ შევხვდებითო. ასე მომილოცა დედის დღე და მას შემდეგ, დღეებს ვითვლიდით, ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა ეს დღე. შიში მიპყრობდა, მაინც უცხო ქვეყანაში ვარ და ვაიდა, რამეს ხელი შეეშალა?! უფლის ნებით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. საბა მეუბნებოდა, მთელი ორი დღე ვლოცულობდი და უფალს ვთხოვდი, ორი უდიდესი სიხარულის ღირსი გავეხადე - შენ მენახე და მსოფლიოს ჩემპიონიც გავმხდარიყავიო. მადლობა უფალს, საბას ლოცვის შესმენისთვის. გულწრფელად გეტყვით, ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ იმდენად მინდოდა, ჩემს შვილს ჩავხუტებოდი, ისე მენატრებოდა, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. ყველაზე დიდი სიხარული შვილთან შეხვედრამ მომიტანა, შემდეგ მისმა მსოფლიოს ჩემპიონობამ და საბამ ჩემი ბედნიერება ამ გამარჯვებისა და მედლის ჩემთვის მოძღვნით დააგვირგვინა.

- გვიამბეთ თქვენ შესახებ, რატომ მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება?

- ოთხი წელია, რაც საქართველო დავტოვე, აქ რომ წამოვედი, საბა 16 წლის იყო. აეროპორტში რომ შევედი, მისგან შეტყობინება მომივიდა: დედა, თავს გაუფრთხილდი, არ ინერვიულო. მე შენი გულისთვის მოვიგებ ევროპასაც, მსოფლიოსაც და მალე დაგაბრუნებ სახლშიო. ეს მესიჯი შენახული მაქვს. როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, მაშინ ვკითხულობდი და ეს ფეხზე წამოდგომაში მეხმარებოდა. ერთი წუთით არ მინანია აქ წამოსვლა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩემს შვილებს სჭირდებოდათ. საბა ჩემი მესამე შვილია. ორი უფროსი გოგო მყავს და საბა მათთან ძალიან იმედიანად დავტოვე. ბავშვები ქუთაისში სწავლობდნენ კერძო სკოლაში, ჩვენი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა იყო, მევენახეობა და მებოსტნეობა. ობშკვითია ჩვენი სოფელი, იქ დაიბადა და გაიზარდა საბა. შემდეგ გადმოვედით ქუთაისში და იქიდან - თბილისში. ბევრს ვშრომობდით, მაგრამ ჩვენი შემოსავალი აღარ იყო საკმარისი შვილების სწავლა-განათლებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოსვლა და რა თქმა უნდა, მეუღლესაც ვეხმარებოდი, რომ ჩვენი სათბურებისთვის მიეხედა სოფელში. ერთი წუთითაც არ მინანია და არ მიფიქრია, რატომ წამოვედი-მეთქი, მადლობა უფალს, შრომა დამიფასდა.

შარშან ოქტომბერში ჩემი შვილი დაქორწინდა, ახლა საბა გახდა ჩემპიონი, ძალიან მიყვარს ეს თვე. დაბადების დღეც ოქტომბერში მაქვს და ყოველთვის ჩემს თვედ მიმაჩნდა. თუმცა პანდემიის გამო შვილის ქორწილშიც ვერ ჩამოვედი. პანდემიის გამო დავიწყე საბუთების გვიან გაკეთება და სანამ პროცესი ბოლომდე არ მივა, იტალიის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მაქვს. თუმცა, უკვე მალე იქნება მზად და საქართველოში დავბრუნდები. რა იქნება მერე, ამას მომავალი გვიჩვენებს. მშობლები, მეუღლე, ორი ქალიშვილი და ბევრი ახლობელი მელოდება, რომლებიც ასევე ოთხი წელიწადია არ მინახავს. საბამ თავის პირობა შეასრულა და ახლა ჩემი ჯერია.

- და ეს 20 წლის ასაკში მოახერხა. გჯეროდათ ამის? როგორი ბიჭია საბა?

– მის გამო ძალიან იმედიანად ვარ. ვხედავ, რომ ჩემი შვილი თავდაუზოგავად შრომობს და გაიმარჯვებდა თუ არა, ეს უკვე უფლის ნება იყო. ის თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა დასახული მიზნის მისაღწევად. მსოფლიოს ჩემპიონი რომ ვერ გამხდარიყო და მეორე ადგილს დასჯერებოდა, ნაკლები დამსახურება არც ეს იქნებოდა, რადგან თავის გასაკეთებელს უმაღლეს დონეზე აკეთებდა, მე ამას ვხედავდი. მწერდა ხოლმე, დედა, ხშირად არ იფიქრო ჩემზე და უფრო გაგიმარტივდება ამ განშორების გადატანაო. იმასაც კი არ მეუბნებოდა, მომენატრეო, იცოდა, რომ ვინერვიულებდი. ამას თავისი დაუღალავი შრომით გამოხატავდა. დარბაზიდან რომ გამოვიდა და შევხედე, ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემი შვილი იყო. როცა დავტოვე, მაშინაც მაღალი იყო, მაგრამ ძალიან გაზრდილი და დავაჟკაცებული დამხვდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა