სპორტი

როგორ გახდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონი და რის გამო შორდებიან მას შეყვარებულები

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 20.09, 2021 წელი

ალექსანდრე წივწივაძე
დაკოპირებულია

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის. 17 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს პირველი დიდი წარმატება არ არის. მან, სულ რაღაც, სამი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე აჯობა ყველას და 1 000-მეტრიან დისტანციაზე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად კი 500-მეტრიანში აიღო პირველი ადგილი.

ალექსანდრე წივწივაძე: ბაბუა ნიჩბოსანი იყო, ამ გზას გაჰყვა მამაც და ახლა უკვე – მეც. ნიჩბოსნობა ჩვენი საგვარეულო სპორტი გახდა. ბაბუასა და მამას ბავშვობიდანვე დავყავდი ვარჯიშზე და მომწონდა სპორტის ეს სახეობა, ამიტომ მეც დავინტერესდი. დავიწყე ვარჯიში და საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე ჩემზე ორი წლით უფროსებში. ამან უფრო გამიღვივა სურვილი და დღემდე ასე მოვდივარ. თავიდან ბალანსის მისაღწევად დავიწყე ნავზე „კატაობა“, მერე ბაბუამ გამოიჩინა ინიციატივა, გამარჯვების შემდეგ კი მამამ გადაწყვიტა, ვევარჯიშებინე და ის დღემდე ჩემი მწვრთნელია. ჩემი შედეგები დიდწილად მისი დამსახურებაა. ყოველთვის ჩემ გვერდითაა, მისი გაზრდილი ვარ, როგორც პიროვნება და როგორც სპორტსმენი.

– ძალიან ლამაზი სპორტის სახეობაა, რა სირთულეებს მოიცავს?

– ლამაზი სპორტია, შორიდან რომ უყურებ, საოცრად გიზიდავს, მაგრამ მარტივი ნამდვილად არ არის. დიდ გამძლეობას მოითხოვს, ძლიერად რომ მოუსვა, დიდი ძალა გჭირდება. ფსიქოლოგიაც უძლიერესი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი ბაზები, არ არის ეს სპორტი ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში. თუმცა, რუსთავში უკეთესი მდგომარეობაა და მალე მაღალი სტანდარტების ბაზაც გვექნება.

– ეს, ალბათ, შენი დამსახურებაცაა...

– დიახ, ჩემი ყოველი გამარჯვება არ ნიშნავს, მხოლოდ ჩემს წინსვლას, ეს ჩემი სპორტის განვითარებასაც განაპირობებს ჩემსავე ქვეყანაში და მით უმეტს, ქალაქში. თუმცა, თავიდან წყლის მეშინოდა და ძლივს შევეგუე. ჩემს გუნდელებთან შედარებით, ბევრად უკან ვიყავი, ნავის გასწორებაც არ ვიცოდი, ბალანსი ძალიან მიჭირდა – ხშირად ვბრუნდებოდი. მაშინ ეს სპორტი, უბრალოდ, მომწონდა, მერე რაღაც დამემართა და ყველაფერი შეიცვალა ჩემში. წაგებას ვერასდროს ვეგუები და ალბათ, რომ ვხედავდი, ჩემი გუნდელები ჩემზე წინ იყვნენ, ვერ ავიტანე და გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მევარჯიშა. ეს აისახა ჩემს შედეგებზე და თანრიგებიც გავაუმჯობესე.

– დაიწყო გამარჯვებები, რომლებიც არა მარტო ქართველისთვის იყო პირველი, მსოფლიო მასშტაბით არ ჰქონია ანალოგი...

– მე და ჩემმა მეგობარმა პირველად მესამე ადგილი ავიღეთ. ზუსტად მაშინ გავბრაზდი და დავიწყე სერიოზულად ვარჯიში. შემდეგ იყო საქართველოს ჩემპიონატი და რომ არ მეგონა, ორი, სამი და ოთხი წლით უფროს ბიჭებს გავუსწარი ათასმეტრიან დისტანციაზე. ამან მოტივაცია კიდევ უფრო გამიზარდა. მერე უკვე სხვა ქვეყნებშიც ვიასპარეზე საერთაშორისო შეჯიბრებებზე და გამარჯვებული დავბრუნდი. შემდეგ გავედი „ოლიმპიურ იმედებზე“ და იქ სამივე დისტანციაზე – ათას, ხუთას და ორას მეტრიანზე – პირველი ადგილი დავიკავე და თან, მეორე ნომრებს საკმაოდ დიდი სხვაობებით გავუსწარი. მაშინ ვიცოდი, რომ ამ მიღწევებით საქართველოში პირველი ვიყავი, თურმე, მსოფლიოშიც პირველი ვყოფილვარ – ეს მერე გავიგე, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, ამან უფრო ამაყი და თავდაჯერებული გამხადა. მაშინ 15 წლის ვიყავი. შემდეგ წელს ისევ იმავე შეჯიბრებაზე გავედი, მაგრამ ორასმეტრიანი დისტანცია საერთოდ ამოღებული იყო. ხუთას და ათასმეტრიანებზე ისევ პირველი ადგილი ავიღე. ძალიან ბევრი უცხოელი სპორტსმენი და ტრენერი მწერდა. ჩემი ვარჯიშის გეგმას მთხოვდნენ, მილოცავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ გასაოცარი ბიჭი ვიყავი. ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა.

– ამას კიდევ მოჰყვა დიდი გამარჯვებები...

– წელს, ორი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე ავიღე პირველი ადგილი ათასმეტრიან დისტანციაზე, ორასმეტრიანზე – ბრინჯაო, ანუ მესამე ადგილი. ჩემი კონკურენტები იქაც ჩემზე ერთი წლით უფროსები იყვნენ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ევროპაზე გამარჯვებას და მსოფლიოზე – მით უმეტეს. თუმცა, ახლახან მსოფლიოზეც პირველი ადგილი დავიკავე.

– რატომ არ ელოდი?

– შეჯიბრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა მოვიწამლე, სიცხეები მქონდა, გული მერეოდა და ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. დეპრესიაში ჩავვარდი, ხასიათი დავკარგე. როგორია, როცა ამდენი ხანი ემზადები შეჯიბრებისთვის, ჩადიხარ და იქ ცუდად ხდები?! ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად მიჭირდა, შოკში ვიყავი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ თავს ასეთი რამ დამატყდებოდა თავს. ათასმეტრიანზე იმიტომ წავაგე, რომ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, რამდენჯერმე გულიც წამივიდა. ამ წაგებამ იმედები ისე გადამიწურა, შემდეგ ხუთასმეტრიანი აღარ მაინტერესებდა თითქოს, მხოლოდ ის მინდოდა, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო, მეტი აღარ შემეძლო. თუმცა ხუთასმეტრიანზე რომ დავდექი, უცებ სულ სხვა ფსიქოლოგია ჩამერთო, მივხვდი, რომ გამარჯვებას აღარავის დავუთმობდი. არ ვიცი სულის შეძახილი იყო თუ რა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მოვიგებდი. მემართება ხოლმე ასე, ძალიან არასტაბილური სპორტსმენი ვარ, მომენტში შესაძლოა, ვერ მოვახერხო მობილიზება, მაგრამ შეიძლება, ისეთი შედეგი დავდო, ყველა გავაკვირვო. ასე მოხდა ამჯერადაც. ძირითადად, გამარჯვების ჟინი მამოძრავებს. ძალიან რთული პროგრამა მაქვს, მგონია, რომ ყველას არ შეუძლია მისი გაძლება, ზამთარში, ყინვაში, წყალზე დიდი ძალა და გამძლეობა გჭირდება, მაგრამ როცა გამარჯვებისკენ ისწრაფვი, ეს გაძლიერებს.

– თან ამ მდგომარეობაში, ალბათ, აღარავინ ელოდა, რომ გაიმარჯვებდი.

– კი, აღარავინ ელოდა. ჩემებმა იცოდნენ, რა მდგომარეობაშიც ვიყავი და მამაჩემმა ცხოვრებაში პირველად მითხრა, არა უშავს, თუ წააგებო. საერთოდ აღარ ჰქონდა იმედი. ამ ფონზე რომ გავიმარჯვე, ყველა ძალიან გაოცებული იყო, ტელეფონი ამიფეთქდა მოლოცვებით (იცინის).

– ოლიმპიურ გეგმებზეც ვისაუბროთ...

– წლევანდელი წელი დასრულებულად ითვლება, მეტი შეჯიბრება აღარ მაქვს, მსოფლიო ბოლო იყო. შემდეგ წელს ისევ გავაგრძელებ აქტიურობას. ოლიმპიადამდე რამდენიმე წელი მაქვს და ლიცენზიისთვის ბევრს ვიბრძოლებ. ოლიმპიადა ყველა სპორტსმენისთვის საოცნებოა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ოლიმპიადის მოგება მამაჩემის ოცნება უფროა, ვიდრე ჩემი. მე, უბრალოდ, გამარჯვების შეგრძნება მომწონს. მინდა, ყველას გავასწრო, წაგებას ვერ ვეგუები.

– ახლა, წესით, სკოლის დამამთავრებელ კლასში უნდა იყო. რა გეგმები გაქვს და კიდევ რა ინტერესები?

– კი, მეთორმეტე კლასში ვსწავლობ და ძალიან ენერგიული ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ალბათ, დამთავრების შემდეგ სამსახიობოზე ჩავაბარებ. მგონია, რომ ჩემს ტიპაჟს, განსხვავებულ გარეგნობას, აღნაგობას, სტილს ეს პროფესია შეეფერება. სწავლას რაც შეეხება, სკოლის საგნები არ მიყვარს, უფრო მოვალეობის გამო ვსწავლობ. მიყვარს კლასგარშე ლიტერატურა, რელიგიურ თემებზე მიყვარს კითხვა. ძირითადად იმ ლიტერატურას ვკითხულობ, სადაც ცხოვრებისეულ კითხვებზე ვპოულობ პასუხებს. ადრე ბიზნესსა და ფულის შოვნაზე ვკითხულობდი. ვცდილობ, ის ვისწავლო, რაც ცხოვრებაში გამომადგება. მგონია, რომ სკოლისა და ადამიანის მიზნები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მრავალფეროვანი ცხოვრება მიყვარს, ხან გიტარაზე ვუკრავ, ხან კალათბურთს ვთამაშობ, დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ.

– ასეთი წარმატებების და კარგი ვიზუალის მქონე ბიჭები ძალიან პოპულარულები არიან გოგონებში. შენთან რა ხდება?

– კი, ბევრი მწერს (იცინის). შეყვარებული არ მყავს და არც არავინ მიყვარს. მყავდა რამდენიმე შეყვარებული, მაგრამ დამშორდნენ, იმიტომ რომ ყურადღებიანი არ ვარ. ყოველდღე არ ვეკითხები ხოლმე, როგორ ხარ და ასე შემდეგ, არაა საჩემო ეს საქმე (იცინის). არ მიყვარს ყოველდღიური მოკითხვები, სისულელე მგონია, თორემ, განა საერთოდ არ მაინტერესებს. ამიტომ მთვლიან უყურადღებოდ, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება და ალბათ, მართლა უყურადღებო ვარ (იცინის). ესე იგი, არ ვარ საკმარისად შეყვარებული. ალბათ, ეგ გრძნობა ჯერ არ განმიცდია.

– როგორი გოგო წარმოგიდგენია გვერდით?

– გამორჩეული გარეგნობა უნდა ჰქონდეს, ძალიან ლამაზი და მხიარული უნდა იყოს და კიდევ ზარმაცი არ უნდა იყოს, ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევ.

– იმ გოგოებთან როგორი ხარ, ვისაც მოსწონხარ?

– ბევრი მწერს, მაგრამ არავის ვპასუხობ, არ მაინტერესებს. ხანდახან მომილოცავენ ხოლმე გამარჯვებას და მერე გამიბავენ ლაპარაკს, მაგრამ მე დიდად არ ვცემ პასუხებს.

– არ ამბობენ, ამ ბიჭს ცოტა თავში აუვარდა წარმატებაო?

– სხვათა შორის, კი (იცინის). მაგრამ არ ვიცი, ზრდილობიანად როგორ ვუთხრა, რომ არ მომწონს და უბრალოდ, პასუხს არ ვცემ ხოლმე.

– რამდენად გეხმარება სპორტი ფინანსურ დამოუკიდებლობაში?

– 12 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. მაშინ უფრო მცირე შემოსავალი მქონდა, ახლა იმდენი მაქვს, მე კი არა, ათ კაცს ვაცხოვრებ (იცინის). მე ოჯახისგან ცოტა დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მალე მარტო გადავდივარ საცხოვრებლად, ჩემი მანქანაც მყავს. მთელი ცხოვრებაა ვამბობ, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს, ადამიანი თავის განათლებითა და შეგნებით უნდა შეაფასო. მე ძალიან დამოუკიდებელი ვარ. მშობლებიც არ მეწინააღმდეგებიან, რადგან ცხოვრების ისეთ დონეზე ვარ, რომ არ ვსაჭიროებ. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. მშობლებიც მეხმარებიან ბევრ რამეში და მეც ვეხმარები, როცა მათ სჭირდებათ, დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ მათ „გამარჯობას“ არ ვეუბნები.

– რაში ხარჯავ შემოსავალს?

– ახლა მანქანა ვიყიდე. ჩასაცმელს ვყიდულობ, ჩემს დებს, დედას, ბებიას თუ რამე სჭირდებათ, ვყიდულობ. დანარჩენს ვაგროვებ, იმიტომ, რომ ბიზნესის წამოწყებას ვაპირებ და უკვე ვარ მზად ამისთვის. ჯერ მინდა, ფულის ბრუნვას მივაღწიო და მერე გავერთობი კიდეც (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა