სპორტი

როგორ გადმოხტა მეოთხეკლასელი ზვიად ლაზიშვილი მეხუთე სართულიდან საკუთარი ხელით შექმნილი პარაშუტით და რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს დაუმარცხებელი მებრძოლი

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 14.09, 2021 წელი

ზვიად ლაზიშვილი
დაკოპირებულია

მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი კიდევ ერთი ქართველი გახდა. ზვიად ლაზიშვილი UFC-ის მებრძოლია. ქობულეთელი მებრძოლი LFA-ს დაუმარცხებელი ჩემპიონია. მის ანგარიშზე 12 მოგება და 0 წაგებაა. თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი წარმატებაა. ზვიადი მეშვიდე ქართველია UFC-ში.

ზვიად ლაზიშვილი: დავიბადე ქალაქ ქობულეთში, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ხუთი დედმამიშვილი ვართ და სახლი ყოველთვის სავსე იყო მეგობრებით. საოცრად მიზიდავდა და დღემდე მიყვარს ტექნიკა. ყველაფერი, რაც ხელში მივარდებოდა, ვშლიდი და თავიდან ვაწყობდი. მახსოვს, ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში ელექტროგამათბობელი ჟილეტი ავაწყვე, ასევე, მქონდა ზღვის ტალღებზე ელექტროენერგიის გამომუშავების კონცეფცია. ეს მოგონება თბილად მახსენდება. ასევე მიყვარდა დრამზე „დაკვრა“. მეგობრებთან ერთად თანხა შევაგროვეთ და მეორადი დრამი ვიყიდეთ, ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო. იმ დროს ყველაფერი მაინტერესებდა ჩხუბის გარდა (იცინის).

– სკოლისა და სწავლის მიმართ როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

– მეექვსე კლასში ქობულეთიდან ბათუმში, შაჰინის სახელობის კერძო სკოლაში გადავედი. იქ ტექნიკურ საგნებს ინგლისურ ენაზე ვსწავლობდით და მარტივად ვითვისებდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ინგლისურად სწავლა, მხოლოდ ანბანი და ჩემი ბიოგრაფია ვიცოდი ამ ენაზე, მაგრამ მალე ავითვისე. თურქი მასწავლებლები გვყავდა და მათ ქართული არ იცოდნენ. ამიტომ ინგლისურად გვიწევდა კომუნიკაცია. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი დღეს „იბსუს“ რექტორია. ძალიან ძლიერი სკოლა იყო, უმაგრესი მასწავლებლებით და ძალიან გამიმართლა, რომ მათთან მოვხვდი. ყოველწლიურად ტურნირს ატარებდნენ და ტოპ-ათეულში მოხვედრილ მოსწავლეებს სწავლას უფინანსებდნენ. მე მერვე ადგილზე გავედი და ასე მოვხვდი ამ სკოლაში. იმ დროს პასკალის პროგრამასაც კი გვასწავლიდნენ – ეს გარდამტეხი გამოცდილება იყო, რადგან იმ ასაკში მარტო ვცხოვრობდი სკოლა-პანსიონში და მშობლებს შაბათ-კვირას ვნახულობდი. მიხარია, რომ ჩემმა მშობლებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა ვისწავლე.

– ბავშვობიდანვე თუ იყავით ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული?

– ვერ ვიტყოდი, რომ გამოვირჩეოდი, პროფესიონალურად ჩხუბი საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ თუ რომელიმე ექსტრემალური სახეობის სპორტზე მიმიწვდებოდა ხელი, ყველაფერი ვცადე. ვერ გეტყვით, რომ წარმატებით, ალბათ, ყველა სახის მოტეხილობა მაქვს გადატანილი. ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის მიზიდავდა პარაშუტით გადმოხტომა. ველოსიპედით ტრამპლინებიდან ვხტებოდი და ასე შემდეგ. დაახლოებით, მეოთხე კლასში ვიყავი, როცა პარაშუტით გადმოხტომა მოვინდომე და ასაკისა და ზომის გამო არავინ მომცა ამის უფლება. ავდექი, ფული დავაგროვე, ბრეზენტი ვიყიდე და მე თვითონ გავაკეთე „პარაშუტი“. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა (იცინის). ქობულეთში, ხუთსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მეგობრებთან ერთად ავედი და გადავწყვიტე, გადმოვმხტარიყავი. გადმოვხტი კიდეც ამ ჩემი პარაშუტით, მადლობა ღმერთს, სხვებმაც არ მომბაძეს. ფიზიკის არცერთი კანონით, ეს პარაშუტი არ უნდა გახსნილიყო, მაგრამ ალბათ, ღმერთმა გადამარჩინა. საკმაოდ მძიმედ დავეშვი, მაგრამ სერიოზული ზიანი არ მიმიღია. ზაფხული ისე არ გავიდოდა, ხელი ან ფეხი არ მომეტეხა. ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს. ასეთი ბავშვი ვიყავი.

– სპორტი დღეს უკვე თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან?

– ძალიან მოულოდნელად. ერთ-ერთი ქუჩის ჩხუბის შემდეგ ჩემთან კობა ტყეშელაშვილი მოვიდა MMA-ის მწვრთნელი და თბილისში მასთან ერთად ვარჯიში შემომთავაზა. მაშინ 19 წლის ვიყავი და სასწავლებლად თბილისში მივდიოდი. ასე დაიწყო ყველაფერი, თუმცა თავიდან დიდი ინიციატივით არ გამოვირჩეოდი და როცა ვარჯიშს ვაცდენდი, სადაც ვიყავი, კობა იქ მაკითხავდა და დარბაზში მივყავდი. დღეს ამის გამო მისი საოცრად მადლიერი ვარ.

– გავყვეთ თქვენს კარიერას და გამოვყოთ მთავარი მიღწევები, რომლებმაც დღევანდელობამდე მოგიყვანათ...

– მნიშვნელოვანი წარმატებები 2012 წელს თურქეთში მსოფლიო თასის გამარჯვებით დაიწყო. 2015 წელს Kombat League-ის ეგიდით ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე MMA-ში გავხდი ჩემპიონი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გრეპლინგში პირველი ადგილი ავიღე. 64 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ერთადერთი სპორტსმენი ვიყავი, ვინც ორ სახეობაში გახდა ჩემპიონი. ვარ საქართველოს ჩემპიონი გრეპლინგში 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში (61, 65, 77 კილოგრამი). ასევე, 2015 წელს გავხდი მოსკოვის ჩემპიონი გრეპლინგში 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ხოლო 2020 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი LFA ვერსიით.

– როდის გაჩნდა UFC-ში მოხვედრის ამბიცია და როგორ იქცა ის რეალობად?

– როგორც კი გავიგე, რომ სადღაც MMA-ის უმაღლესი ლიგა არსებობს და ეს UFC იყო, არც კი მიფიქრია, რომ სხვა გზა არსებობდა გარდა ამ ერთისა. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ იყო მიღწევადი. სამწუხაროდ, ამერიკის ვიზაზე რამდენჯერმე უარი მივიღე და ამის შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო დაფინანსება ამეღო – როგორც წესი, ამ მიზეზით შესულებს საელჩოში უარს ნაკლებად ეუბნებიან. ჩავაბარე ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე და 100-პროცენტიანი გრანტი ავიღე. ამის შემდეგ ვიზაც მარტივად მომცეს. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ძალიან კარგ გუნდში KAIZEN MMA-ში მოვხვდი, მალე 2 ბრძოლა ჩავატარე და UFC-დან 2 არაოფიციალური შემოთავაზება მივიღე, მაგრამ შესაბამისი ვიზის არქონის გამო პროცესი ვერ განვითარდა. ახლა, როდესაც სპორტული ვიზა მივიღე და მესამე მოწვევის შემდეგ ორთაბრძოლაც ჩაინიშნა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. ცოტა კი მეცინება, მაგრამ მჯერა, რომ ძალიან მალე შედგება UFC-ში ჩემი სადებიუტო ბრძოლა.

– დღეს ზვიად ლაზიშვილი ცნობილია, როგორც დაუმარცხებელი მებრძოლი, რა შრომა დევს ამ სტატუსის მიღმა?

– უპირველეს ყოვლისა, მენტალური. გზა, რომელიც ამ სტატუსის მიღმა მაქვს გავლილი, სავსეა იმედგაცრუებებით, ასევე ეჭვებით – თუ რამდენად სწორია ამ ყველაფერში ენერგიისა და დროის ჩადება მაშინ, როდესაც მომავალი ბუნდოვანია. თუმცა მიუხედავად ტრავმებისა და ეჭვნარევი განწყობისა, მაინც ვაგრძელებდი ვარჯიშს და ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო და შედეგმაც არ დააყოვნა.

- ცხოვრება სპორტს მიღმა – რა ინტერესები გაქვთ კიდევ, რით ხართ დაკავებული შედარებით თავისუფალ დროს?

– ძალიან ბევრი ინტერესი მაქვს. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და უკვე აქაც ბევრი მეგობარი შევიძინე. ძირითადად, ჩემთან ვიკრიბებით და თბილ, ქართულ გარემოს ვქმნით. ახლა შევიძინე RV – სახლი საბურავებზე და მეგობრებთან ერთად 60-იანი წლების ამერიკული ჰიპური ტური უნდა განვახორციელო. ასევე სახლში მაქვს ჩემი კუთხე, სადაც უამრავ უსარგებლო ტექნიკას აღმოაჩენთ – „ჩემს სათამაშოებს“. მიყვარს მანქანები, მათი დაშლა-აწყობა, გამოკვლევა. მოკლედ, არ ვიწყენ.

- თქვენი ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს, მით უმეტეს, რომ მათი ხელშეწყობის გარეშე რთული იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა.

– ძალიან მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები და ბავშვობიდან მათთან ერთად გატარებული დროის დეფიციტი მაქვს. ამავე დროს მადლიერი ვარ იმ თავისუფლებისთვის, რომელსაც ბავშვობიდანვე შემაჩვიეს. ასევე, იმისთვის, რომ ადრეული ასაკიდან ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ. დედაჩემი პედიატრია, მამა – მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონია. მას არ უნდოდა, ჩემი ცხოვრება სპორტისთვის დამეკავშირებინა, მაგრამ ყოველთვის ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი იყო.

– უცნაურად ჟღერს, მსოფლიოს ჩემპიონის შვილი რომ შემთხვევით აღმოჩნდა სპორტში...

– მამა განსაკუთრებული ადამიანია. მეოცნებე, რომელმაც არ იცის უკან დახევა. მთელი ცხოვრება გონებაში მიბეჭდავდა, რომ ყველაფერს შევძლებდი. ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია, მისგან ყოველთვის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. 90-იანების სირთულეების ფონზე, მამა ბევრს მელაპარაკებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩავაბარებდი ოქსფორდში ან ჰარვარდში. ჩემში ამბიციებს აღვივებდა, ანალოგიურად, დედაც. ჩემი მშობლების ძალიან მადლიერი ვარ. პატარა რომ ვიყავი, მამას სულ ვეუბნებოდი, სპორტზე შემიყვანე-მეთქი. ჩემი ასაკისთვის საკმაოდ ძლიერი ვიყავი. თანატოლებთან რომ მაჭიდავებდნენ, ზოგჯერ 3-4 თანატოლს ერთდროულად ვეჭიდავებოდი მარტო და ვუგებდი (იცინის). მამა სულ ამაყობდა ჩემით, მაგრამ ჭიდაობის დაწყებაზე რომ მიდგებოდა საუბარი, მეუბნებოდა, ჯერ ადრეაო. სწავლას მიხედე და რომ გაიზრდები, მერე ვნახოთო. წლებთან ერთად ჭიდაობისადმი ინტერესი დავკარგე.

– და ბოლოს პირადი ცხოვრებაც – აქ რა ხდება?

– ყველაფერი კარგადაა. ძალიან გამიმართლა, ჩემ გვერდით ჩემი ბავშვობის სიყვარულია, რომელსაც 6 წლიდან ვიცნობ და ახლა ერთად ვართ ამერიკაში, ისე, როგორც სულ წარმომედგინა. ჩვენ კლასელები ვიყავით. გამოცდებზე სულ ჩემგან იწერდა, განსაკუთრებით მათემატიკას (იცინის). თვითონ არასდროს მაქცევდა ყურადღებას და მეც არასდროს მითქვამს მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ. შემდეგ მე ბათუმში გადავედი, ის თბილისში და ერთმანეთს წლების შემდეგ ისევ შევხვდით. დაახლოებით, რვა წელია, ერთად ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი