სპორტი

როგორ დათანხმდა ვიქტორ გეგეშიძე ლიკა ქავჟარაძის გამო ეროტიკული როლის შესრულებაზე და ჰქონდა თუ არა მას ნინი ბადურაშვილთან რომანი

№51

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 23.12, 2020 წელი

ვიქტორ გეგეშიძე
დაკოპირებულია

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ბოდიბილდერი ვიქტორ გეგეშიძე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, მისი სამომავლო გეგმებზე რაც  სპორტსა და ხელოვნებას ერთდროულად უკავშირდება ვიქტორ გეგეშიძე თბილისელებს“ ესაუბრა. 

ვიქტორ გეგეშიძე: ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. სანამ საბუთები გავაკეთე, ხალხი გავიცანი და აქაურ ცხოვრებას ფეხი ავუწყვე, ძალიან გამიჭირდა. ეს პერიოდი ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. ახლა საბუთებიც მოვაწესრიგე, ნორმალური სამუშაოც მაქვს და დაახლოებით, რვა თვეა, ისევ აქტიურად ვვარჯიშობ. უკვე თითქმის იმავე ფორმაში ვარ, როგორშიც ადრე ვიყავი. მინდა, ამერიკაში გამოვიდე შეჯიბრებაზე, აქ ძალიან ბევრი კონკურსი ტარდება. ოთხწლიანი პაუზა მქონდა და ახლა ეს პროცესი საკუთარი თავის გამოწვევას ჰგავს.
ახლა სად მუშაობ?
viktor-gegeshidze_o_h.jpeg– ახლა აეროპორტში ვმუშაობ, მანამდე რესტორნებში ვმუშაობდი დაცვის თანამშრომლად. ვიყავი პირადი მწვრთნელი. რომ ჩამოვედი, თავიდან ავეჯის გადამზიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, შემდეგ სამშენებლო კომპანიაში და ფიზიკურად დიდი დატვირთვა მქონდა. ძალიან ცოტა მეძინა, საშინლად ვიკვებებოდი და რეჟიმიდან ძალიან ამოვვარდი. ყველაფერზე ერთად ფიქრს ვეღარ ვახერხებდი. თავიდან ძალიან რთულია და ნელ-ნელა რაღაც შედეგამდე მიდიხარ. იმდენად მიჭირდა, ვამბობდი ხოლმე, საერთოდ რა მინდოდა აქ, რატომ ჩამოვედი-მეთქი?! ვინც ვიზა მომცა, იმაზეც ვბრაზობდი (იცინის).

– საქართველოდან რომ წახვედი, აქ შენს სფეროში ბევრი არაფერი ხდებოდა, მაგრამ ახლა სპორტის ეს სახეობა აქაც საკმაოდ პოპულარული გახდა. არ გიფიქრია დაბრუნებაზე?

– მე რომ წამოვედი, არც ბევრი დარბაზი იყო და მოთხოვნაც – ნამდვილად ნაკლები. დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა და ძალიან მიხარია, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზება ჩვენს ქვეყანაშიც ხდება. აუცილებლად დავბრუნდები და რომ არა პანდემია, ამ ზაფხულსაც ჩამოვიდოდი. ვფიქრობ, რომ შემდეგ ზაფხულს ჩამოვალ. აქამდე უსაბუთობის გამო ვიყავი ხელფეხშეკრული. თუმცა საცხოვრებლად გადმოსვლას ჯერჯერობით არ ვგეგმავ. მინდა, აქაური პასპორტი ავიღო. ჯერ მხოლოდ აქ ცხოვრების უფლება მაქვს.

– ბოდიბილდერობა რატომ გადაწყვიტე?

– ბავშვობიდან განსაკუთრებულად მომწონდა კარგი აღნაგობის ადამიანები. მეც მინდოდა, მათსავით დიდი კუნთები მქონოდა (იცინის). კუნთიანი ადამიანების პლაკატებს ვაგროვებდი (იცინის). ბავშვობაში ორი ოპერაცია გავიკეთე. viktor-gegeshidze_o_h.jpeg

მაშინ 12-13 წლის ვიყავი და ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლებოდა. ჯერ ნაწლავების გადახლართვა მქონდა და ამის გამო დამჭირდა ქირურგიული ჩარევა, შემდეგ ნაწლავების შეხორცების გამო. დატანჯული ბავშვობა მქონდა. ვიზუალურადაც ძალიან სუსტი ვიყავი. 15 წლისამ გადავწყვიტე, ვარჯიში დამეწყო. ჩემთვის ოც კილოგრამზე მეტის აწევა არ შეიძლებოდა და ოჯახის წევრები სავარჯიშო ჩანთას მიმალავდნენ. ეშინოდათ, ისევ რამე არ დამმართნოდა. მაგრამ ვარჯიშს რომ თავი არ დავანებე, ჩემს ქირურგთან წამიყვანეს. მან მითხრა, განაგრძე, მაგრამ მუცელში თუ ტკივილს იგრძნობ, იმწუთას შეწყვიტე ვარჯიშიო. ძალიან მებრძოლი ხასიათი მაქვს. სამ წელიწადში ისეთი შედეგი მქონდა, ქუჩაში ნაცნობები რომ მხვდებოდნენ, ვეღარ მცნობდნენ. სულ სხვა ადამიანი გავხდი. სიმაღლეშიც გავიზარდე და სიგანეშიც.

– იქიდან დაიწყო შენი წარმატებები?

– კი. 19 წლის ვიყავი, როდესაც ბოდიბილდინგის ჩემპიონატში ჩავერთე. გავხდი საქართველოს პრიზიორი, ჩემპიონი, ამიერკავკასიის პრიზიორი. მონაწილეობა მივიღე ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. 2008 წელს გავხდი „მისტერ სპორტული საქართველო“, „მისტერ ფოტოგენურობა“ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ რამდენიმე ფილმში ვითამაშე ეპიზოდურ როლზე. პირველი იყო თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“, მეორე – „მანდარინები“, სადაც რუსი ჯარისკაცის როლი მქონდა და ასევე ეროტიკული როლი შევასრულე შოთა კალანდაძის ფილმში ლიკა ქავჟარაძესთან ერთად.

– როგორ გახსენდება მასთან ერთად მუშაობა?

– სიმართლე რომ ვთქვა, მის გამო დავთანხმდი ამ როლს. განსაკუთრებული იქ არაფერი ხდებოდა, რომ გამოცდილების თვალსაზრისით დავინტერესებულიყავი, მაგრამ ლიკას გამო დავთანხმდი. თავიდან გამიჭირდა ასეთი როლის შესრულება, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლიკა ძალია სასიამოვნო და თბილი, უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან კარგი იყო მისნაირ პროფესიონალთან მუშაობა.

– არ გაკრიტიკებდნენ, ეროტიკულ ფილმში როგორ მიიღე მონაწილეობაო?

– კი, იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ მგონია, რომ მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. თავს „ჰოლივუდის“ მსახიობებს არ ვადარებ, მაგრამ ნამდვილ ვარსკვლავებს აქვთ ასეთი როლები ნათამაშები და ეს აბსოლუტურად მისაღებია. უარყოფითი შეფასებები იყო, მაგრამ პირადად ჩემთან არავინ მოსულა და უთქვამს, ეს რა გააკეთეო?! ვიღაც მოცლილის კომენტარებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას.

– იმ წლებში, როცა ბოდიბილდინგში პირველ ნაბიჯებს დგამდი, ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ახალი იყო ეს მიმართულება და სცენაზე შიშველი ბიჭი ტრუსებით, ჩვეულებრივად აღიქმებოდა?

– მაშინაც იყო რაღაც ნიუანსები, მაგრამ ვინმეს განსაკუთრებულად უარყოფითი აზრი გამოეთქვა ამასთან დაკავშირებით, არ მახსენდება. პირადად ჩემთან ამაზე გადაბრუნებული სიტყვაც კი არავის უთქვამს. სოციალური ქსელების ეპოქა რომ გააქტიურდა, მანდ იწერებოდა რაღაცები ხანდახან, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი.

– ძალიან პოპულარული ბიჭი გახდი, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდი, შენი და ნინი ბადურაშვილის ურთიერთობა განიხილებოდა. მართლა გქონდათ რომანი?
viktor-gegeshidze_o_h.jpeg– პოპულარობას უპირატესობას არასდროს ვანიჭებდი და არც მგონია, რომ პოპულარობის ზენიტში ვიყავი. უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ჩემი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ეს ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. კონკურსები, მსახიობის ამპლუა, პროექტები, ალბათ, ეს ყველაფერი განაპირობებდა ამ მდგომარეობას. არასდროს მიფიქრია, რამე პოპულარობისთვის გამეკეთებინა. მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა. ჩემი კუნთების გამოჩენის მიზეზი არ ყოფილა პოპულარობის მოპოვება, ეს, უბრალოდ, მე მსიამოვნებდა და ამიტომ ვაკეთებდი. მე და ნინი ბადურაშვილიც უბრალოდ ვმეგობრობდით. ისე მოხდა, რომ ნინი ჩემით იყო დაინტერესებული, სიმპათიები ჰქონდა და ჩვენმა ნაცნობმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და ერთმანეთი გაგვაცნო. ამის შემდეგ დავმეგობრდით, ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე არ გადასულა. ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო.

– ალბათ, გარეგნობის გამო გოგონებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობ.

– ზოგს საერთოდ არ მოსწონს კუნთები და ჩვეულებრივი გარეგნობის მამაკაცი ურჩევნია. ზოგს პირდაპირ უთქვამს, რომ ჩემი გარეგნობა აკომპლექსებს და ჩემ გვერდით თავი უხერხულად უგრძნიათ. ფიზიკურად რომ გამოვირჩევი, ამის გამო თავი შეუკავებიათ ჩემთან ურთიერთობისგან. შენ ბევრად უკეთესი ხარ ჩემზე და ჩემთვის დისკომფორტია შენთან ურთიერთობაო, უთქვამთ. გარეგნობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ ცოლი დღემდე არ მომიყვანია.

– რატომ?

– ძალიან ბევრს არ სჯერა და მეუბნებიან ხოლმე, შენნაირი ბიჭი აქამდე მარტო როგორ არისო?! ან ჰგონიათ, რომ რამდენიმე ცოლი გამოვიცვალე და შვილებიც მყავს. არადა ასე არაა (იცინის). გამოგიტყდებით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კიდევ უკეთესი გამოჩნდებოდა. დავიწყებდი ურთიერთობას ვინმესთან და კიდევ უკეთესს ვეძებდი. ასე, უკეთესის ძებნაში ვარ მარტო (იცინის). ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მე თვითონაც არ ვიცი, როგორია ის უკეთესი. ელემენტარული ნიუანსი რომ არ მომწონებია, ამის გამოც კი დამისრულებია ურთიერთობა. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყურადღებიანი, თბილი და ერთგული გოგონები მხიბლავს. ფიზიკურობასაც ვაქცევ ყურადღებას. რომ ამბობენ, მთავარი შინაგანი სამყაროაო, მე ასე არ შემიძლია. თუ გოგო, პირველ რიგში, ფიზიკურად არ მომეწონა, ურთიერთობას იქამდე არ მივიყვან, რომ მისი შინაგანი სამყარო გავიცნო. ამიტომ, მე უფრო გარეგნობას ვანიჭებ უპირატესობას და შემდეგ შინაგან სამყაროს. ეტყობა, ორივე ერთად რთული საპოვნელია (იცინის). აქ გოგონების კატეგორია, ფიზიკურობას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, უფრო მატერიალური მდგომარეობით ინტერესდება. მქონია შემთხვევა, გოგოს უთქვამს, ძალიან კარგი ხარ ფიზიკურადაც და ხასიათითაც, მაგრამ მილიონერი არ ხარო (იცინის). ასეთ გოგოსთან არასდროს მექნება ურთიერთობა. მილიონერი შეიძლება, დღეს იყო, მაგრამ მერე ნულზე დარჩე. მინდა, გვერდით ისეთი ადამიანი მყავდეს, არაფრის მქონეც რომ ვეყვარები. აქ „გერლფრენდ-ბოიფრენდის“ ინსტიტუტია პოპულარული და თავიდან ოჯახს არავინ ქმნის. ალბათ, სწორიცაა, უკეთ იგებ, ადამიანი როგორი პარტნიორია სექსში, ყოველდღიურობაში რამდენად ეწყობით ერთმანეთს. საქართველოში ეს შეიძლება, ვინმესთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩემთვის არის. ასე უფრო შეგიძლია ადამიანის ამოცნობა. ხასიათებით ჩემთან უფრო ახლო ქართველი გოგოა და ვისურვებდი, რომ მასთან შევქმნა ოჯახი.

– რამდენიმე წელი შვედეთშიც ხომ ცხოვრობდი, შვედი გოგოები მთელ მსოფლიოში გამორჩეულები არიან სილამაზით.

– კი, ორი წელი, მაგრამ იქ ქართველ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი და არ დამცალდა საცეცების გაშლა (იცინის). ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ძალიან ეჭვიანი იყო. დარბაზში სავარჯიშოდ რომ მივდიოდი, რეკავდა და მამოწმებდა. ცოტა ეჭვიანობა სასიამოვნოცაა, მაგრამ ზღვარს რომ სცდება – არა.

– კიდევ რა გეგმები გაქვს ამერიკაში?

– აქ უამრავი სააგენტო და სარეკლამო კომპანიაა, ფოტომოდელობასაც ვაპირებ და მინდა, როგორც მსახიობმა, ისევ ვცადო ბედი. ვფიქრობ, რომ სპორტთან ერთად ეს მიმართულებაც საინტერესო იქნება. როდესაც ფორმაში არ ვარ, საკუთარი თავის რწმენა არ მაქვს და მხრებჩამოყრილი დავდივარ. ყველგან გამოჩენას ვერიდები და ფოტოსაც არ ვიღებ. ეს შეიძლება, კომპლექსია, მაგრამ მე ასეთი ვარ. ახლა ფორმაში ვარ და ყველანაირად გავაქტიურდები.

– მღერი კიდეც...
– ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა. 15 წლამდე გიტარაზე ვუკრავდი. კონსერვატორია წარმატებით დავამთავრე. ვმღეროდი და კონცერტებზე ნანი ბრეგვაძესა და ეკა მამალაძესთან ერთადაც გამოვსულვარ. მაგრამ 15 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა და ვარჯიში დავიწყე. თუმცა, ბოლო დროს, სიმღერითაც დავინტერესდი და მინდა, ამ მიმართულებითაც ვცადო ბედი. თან, მგონი, იშვიათია, ბოდიბილდერის ასეთი გარდასახვა და მგონია, რომ წარმატებული ნაბიჯი გამოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...