სპორტი

როგორ დაიმკვიდრა ამერიკულ კრივში თავი ნიკოლოზ სეხნიაშვილმა და როგორ აღმოაჩინა ის TopRank-მა

№34

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 31.08

ნიკოლოზ სეხნიაშვილი
დაკოპირებულია

27 წლის ქართველ მებრძოლს, ნიკოლოზ სეხნიაშვილს კრივის პოპულარიზაციაში მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ, TopRank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. ნიკოლოზი კრივში ბავშვობიდან ვარჯიშობს. პირველმა გამარჯვებამ გადააწყვეტინა, სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა და წარმატებისთვის ებრძოლა. ახლა ის ამერიკაშია და რინგზე ქართული დროშითა და საქართველოს სახელით გადის.

ნიკა სეხნიაშვილი: დავიბადე და გავიზარდე გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში, სკოლაც იქვე დავამთავრე. ვფიქრობ, რომ ისეთივე ცხოვრება მქონდა, როგორც ჩემი თაობის ბავშვებს.

– ბავშვებს ბევრი მისწრაფება აქვთ. როდის გაჩნდა სპორტი თქვენს ცხოვრებაში და რატომ კრივი?

– ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა საბრძოლო ხელოვნების მიმართ და მისი ძირითადი კატეგორიებისგან კრივს გამოვარჩევდი. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული შემნიშნეს და მიმიყვანეს კიდეც. კრივი დღემდე ყველაზე ვაჟკაცურ სახეობად მიმაჩნია, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. ცნობილია, რომ პირველი ჩხუბის სურათები რელიეფურ ნახატებში, შუმერულ გამოქვაბულებშია ნაპოვნი.

– როდის დაიწყო წარმატებების სერია და რა შედეგები გაქვთ დღემდე?

– 13-14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავიმარჯვე. მაშინ მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი გამაჩერებდა და ამის მერე ყოველთვის წინ უნდა წავსულიყავი. შემდეგ ყველა ასაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი და არაერთი საერთაშორისო ა კლასის ტურნირის როგორც პრიზიორი, ასევე, გამარჯვებული. 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში განვაგრძე კარიერა, სადაც შვიდი ბრძოლიდან ყველაში გავიმარჯვე, აქედან ხუთი - ნოკაუტით. ამჟამად მომდევნო ბრძოლისთვის ვემზადები, რომელიც მაიამიში, LoanDepot-ის პარკის დიდ სტადიონზეა დაგეგმილი. ამ ბრძოლისთვის გუნდთან ერთად საკმაოდ ინტენსიურად ვემზადები. ივენთის ორგანიზატორი Triller Fight Club-ია. ეს კლუბი კრივის უდიდეს ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას და მისი ერთ-ერთი პარტნიორი სნუპ დოგია.

– რამდენად სურდათ მშობლებს, რომ ძალისმიერ სპორტში ყოფილიყავით?

– კრივი, როგორც ძალისმიერი სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა, ტრავმებთან ასოცირდება და ეს ჩემს მშობლებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუმცა კრივს, ასევე, მეორე მხარეც აქვს და ის სიმამაცის, სიძლიერისა და სისწრაფის სიმბოლოა. ჩემს მშობლებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი წარმატებული სპორტული კარიერის ჩამოყალიბებაში. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ჩემს სიყვარულს კრივის მიმართ და ყოველთვის გვერდში მიდგანან.

– ერთია შედეგი, რომელსაც ვხედავთ და მეორე – გზა, რომელსაც შედეგამდე გადიხართ. რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? ტრავმები ხშირად გაქვთ?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უწევს რთული გზის გავლა. წარმატებამდე მოკლე გზა არ არსებობს. რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, გარდაუვალი სირთულეები მხოლოდ გვაძლიერებს და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი დრო, ენერგია და ნებისყოფა დავუთმოთ საკუთარ პროფესიულ განვითარებას. ვფიქრობ, ყველანაირი სირთულე გაცილებით მარტივდება, როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ. რაც შეეხება ტრავმებს, საბედნიეროდ, ისეთი სერიოზული ტრავმა არასოდეს მიმიღია, რაც ჩემს სპორტულ კარიერას გარკვეული დროის განმავლობაში შეაჩერებდა.

– როგორ აღმოგაჩინათ TopRank-მა და როგორ მოხდა თქვენ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება?

– როდესაც ამერიკაში ჩავედი, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან მიწევდა სპარინგი, სადაც საკმაოდ კარგად ვიჩენდი თავს. აქედან გამომდინარე, არაერთი შემოთავაზება მქონდა, თუმცა ჩემი აზრით, TopRank ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იყო. ეს კომპანია 1973 წელს ლას-ვეგასში დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი იყო, მათ შორის, მუჰამედ ალის, ალექსის არგუელოს, ტაისონ ფიურისა და სხვების.

– როდის დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება?

– ჩემი ამერიკული ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც მიზნად პროფესიონალურ კრივზე გადასვლა დავისახე. ამერიკის შეერთებულ შტატებს კრივის საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს და მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად ითვლება პროფესიონალური მოკრივეებისთვის. პრაქტიკულად, თანამედროვე კრივი შეერთებულმა შტატებმა დაიწყო და ის დღევანდელ რეალობად აქცია. ადგილები – მედისონ სკვერ გარდენი ნიუ-იორკში და MGM Grand Garden Arena ლას-ვეგასში, მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ბრძოლების სიმბოლურ ლოკაციად ითვლება. აქ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეები, მაგალითად, მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი, ფლოიდ მეივეზერ უმცროსი და სხვა. სწორედ ამიტომ ავირჩიე კარიერის გასაგრძელებლად შეერთებული შტატები, სადაც სხვა ბრძოლებთან ერთად, 2020 წელს MGM Grand -ში ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობა მივიღე როგორც ქართველმა მოკრივემ და გავიმარჯვე კიდეც.

– უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, თან, ისეთ პოპულარულ სპორტში, როგორიც კრივია, მარტივი არაა. როგორ შეძელით ეს?

– ვფიქრობ, მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ზოგადად, კრივი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელშიც ძალასთან ერთად გულიც და გონებაც უნდა ჩართო. სპორტსმენი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული და რინგზე მხოლოდ გამარჯვების სურვილით უნდა გავიდეს. თუმცა, რინგზე გასვლამდე, რა თქმა უნდა, ინტენსიური ვარჯიშები, თავდაუზოგავი შრომა, ძალისხმევა და მიზანდასახულობაა საჭირო.

– ემიგრანტობის საწყისი ეტაპები გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული…

– მე ძალიან მიყვარს საქართველო, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია, როცა ჩემი ქვეყნის, ოჯახისა და მეგობრებისგან ამხელა მანძილი მაშორებს. ამიტომ, როდესაც ბრძოლებს შორის გარკვეული თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის სახლში ვბრუნდები. რინგზე ყოველთვის საქართველოს სახელითა და ქართული დროშით გამოვდივარ. გულშემატკივრებს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ და ეს ძალიან მეამაყება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...