სპორტი

მესმოდა, მოწინააღმდეგეს ეუბნებოდნენ, როგორ მოგიგო ამ ცალხელამო – ამაზე გიჟდებოდნენ

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.08, 2021 წელი

ლაშა ბექაური
დაკოპირებულია

28 ივლისი ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოსთვის – კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მფლობელები გავხდით. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, 21 წლის ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა. უდიდესი გამარჯვება ლაშამ ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე მოიპოვა. უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია და შედეგად, დღეს, მისი სახით, ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს.

ლაშა ბექაური: გამარჯვება ჩემი ხალხის სიყვარულმა მაგრძნობინა და ძალიან ბედნიერი ვარ. მათ ემოციებს რომ ვუყურებ, რომ ვხედავ, როგორ უხარიათ, მაშინ ვხვდები, თურმე, მართლა დიდი რაღაც გავაკეთე და ძალიან მიხარია.

– ტრავმის მიუხედავად, ბოლომდე გჯეროდათ, რომ გამარჯვებას შეძლებდით?

– თავიდან ძალიან რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მოვახერხე საკუთარ თავში წინააღმდეგობა გადამელახა და აქ გამარჯვებისთვის წამოვსულიყავი. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ამას ხელი შეეშალა. გაცნობიერებული მქონდა, რომ მეტკინებოდა და მზად ვიყავი, გამეძლო. გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი მქონდა და ალბათ, ამის წყალობით გამოვიდა.

– ოჯახისა და განსაკუთრებით ბებოს რეაქცია მაინტერესებს, რადგან სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეო გავრცელდა...

– ბებიაჩემი საბერძნეთშია, ეგ ბებია სოფელშია. მე იმ ბებიას ველაპარაკე, რომელიც საბერძნეთშია და რომელიც ახლა უნდა ჩამოვიყვანო. შვილმკვდარი დედა არის და ძალიან სევდიანია. 17 წელია, საბერძნეთში მუშაობს. შევპირდი, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები და ჩამოგიყვან, აღარ მოგიწევს მანდ მუშაობა-მეთქი. დღეს ბებია უბედნიერესი ადამიანია.

– ზვიადაურის ნათლული ყოფილხართ, როგორ გამზადებდათ ოლიმპიადის წინ?

– შეჯიბრებამდე ვნახე და თავისი ოლიმპიური განცდები გამიზიარა, წასვლამდე მოტივაციაც მომცა. თვითონ ოლიმპიადაზე წასვლისას დაჭრილი იყო და მისმა მაგალითმაც დიდი მოტივაცია მომცა. თურმე, დაჭრილმა კაცმაც შეიძლება, მოიგოს ოლიმპიადა და მხარმოტეხილმაც.

– მილიონი მოიგეთ, ბინაც გაჩუქეს, რა გეგმები გაქვთ?

– ამაზე ჯერ არც ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი, ჩემი ხალხის სიხარულია.

ზურა კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი): ეს საქმე მთელმა გუნდმა გააკეთა. ლაშამ ტრავმა 15 ივნისს მიიღო, აქ კი 17 ივლისს გამოვფრინდით. ზუსტად ერთი თვე გვქონდა გამგზავრებამდე, რადგან 17 ივნისს გადავუღე პირველი მაგნიტორეზონანსული კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. პროცესში აბსოლუტურად ყველა ცნობილი რადიოლოგი ჩავრთე, ასევე ტრავმატოლოგები, ორთოპედები და პარალელურად, ასკურავაც კი – მისი შვილიშვილი ჩემი სტუდენტი იყო, თავად რეაბილიტოლოგი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორად დაგვეგეგმა მკურნალობის პროცესი. მხოლოდ ყველა მეთოდის გამოყენების შემთხვევაში გვქონდა შანსი, მოგვესწრო სასურველი შედეგის მიღწევა. როცა კონსილიუმი მოვიწვიე, მოვისმინე ამერიკელი და გერმანელი ექიმების აზრიც, ყველამ თქვა, რომ ორი თვე დასვენება და მობილიზაციაა საჭიროო. ეს იყო სტანდარტული რეკომენდაციები, მაგრამ როცა ოთხი კვირის შემდეგ სპორტსმენმა ოლიმპიადაზე უნდა იჭიდაოს – ეს სხვა მოცემულობაა და მითხრეს, ზურა, შენ იღებ საბოლოო გადაწყვეტილებას და რაც გინდა, ის გააკეთეო. ფორსმაჟორი იყო და უნდა გამერისკა, მაგრამ ამაზე სპორტსმენი უნდა წამოგყვეს. დავიწყეთ. პირველი ათი დღე მხოლოდ მკურნალობა, დაზიანებული ძვალი, მყესი, კუნთები, ჩაქცევები – ხელის სერიოზულ ტრავმასთან გვქონდა საქმე. გავწერე პროგრამა, რომლის მიხედვითაც ათი დღე კლინიკიდან კლინიკაში დადიოდა, შემდეგ ჩემთან, მერე ასკურავასთან და დღეში ოთხ-ხუთ პროცედურას ვაკეთებდით. ყველაფერი ძალიან დაჩქარებული ტემპით ხდებოდა. თანამედროვე სამედიცინო საშუალებები, მალამოები – ყველანაირი მეთოდი გამოვიყენეთ, რომ გაწოვა და აღდგენა დროულად მომხდარიყო. ამ დროს ვარჯიშზე საუბარი ზედმეტი იყო. ფიზიკური მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, დაეცემოდა, მაგრამ მოძრაობა, სირბილიც კი ხელს შეუშლიდა მკურნალობის პროცესს. ასფურცელა დავარქვი, იმდენად მზარდი აღმოჩნდა მისი ორგანიზმი, ყველაფერს იწოვდა, ფაქტობრივად, მეთოდებით „ვადუღებდით“. მერე დაიგეგმა გარკვეული ვარჯიშები, რომ ფორმიდან არ ამოვარდნილიყო.

– რამდენი დრო დაგრჩათ ვარჯიშისთვის მკურნალობის შემდეგ?

– ვარჯიში 11-ში დავიწყეთ, გაფრენამდე ერთი კვირით ადრე, შემდეგი ხუთი დღე უკვე აქ ვარჯიშობდა. ვცდილობდით, შეჯიბრების დღისთვის ყველაფერი შეგვექმნა – ხასიათი, მოტივაცია... და გამოგვივიდა. ყოველკვირა კონსილიუმი გვქონდა, საქმის კურსში იყო სამინისტროც, პარლამენტიც, სპორტის კომიტეტიც, ოლიმპიური კომიტეტიც, მაგრამ ბავშვმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მის ბოლომდე მისაყვანად. მზად იყვნენ სპორტსმენის შესაცვლელადაც, მაგრამ პროცესი იმდენად დინამიკური გამოვიდა, რომ ყველა გაოცებული იყო.

– წერდნენ, მთის ბიჭია და ძალ-ღონით სავსეო...

– მაგას გეუბნებით, სასწაული ორგანიზმი აქვს და ასფურცელასავით ყველაფერს იწოვდა. ზედმიწევნით გვიჯერებდა, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებდა. ყველა მეთოდი, რაც კი არსებობდა, თეორიულად რომ ვიცოდით, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს გვიცდია, გამოვიყენეთ. სწორი ექსპერიმენტები ჩავატარეთ. კარგი მეთოდები არსებობდა, მაგრამ მისი გამოყენება აქამდე ვერავინ გარისკა. ჩვეულებრივ მოქალაქეს ამას მეც არ გავუკეთებდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მისი დახმარებით მოხდა. ეს ბიჭი სამასი არაგველის შთამომავალია და სულ ვეუბნებოდი, ისინი არ გადაშენებულან, შენში აყვავდა მათი გენი-მეთქი. ყველა შეხვედრის წინ, ზუსტად სამასი არაგველის სიმღერას ვასმენინებდი და საოცარ ხასიათზე დგებოდა.

– ფსიქოლოგიურადაც ბევრი მუშაობა დაგჭირდებოდათ...

– რადგან თვითონ ასე გადაწყვიტა, ჩვენ უფლება არ გვქონდა, არ გვებრძოლა. თქვენ მე ეს შემიხორცეთ, ტკივილი თუ მექნება, გამიყუჩეთ და არ შეგარცხვენთო. სიტყვა მივეცით ერთმანეთს. ჩვენ ვჭიდაობდით მიზნისთვის და არა მიზეზებით. მიზეზი იყო ტრავმა, ტკივილი – არა. არ გვტკივა, არ გვეშინია, მივდივართ, ვჩეხავთ, ვკაფავთ ყველაფერს – სამასარაგველური ტერმინებით ვძლიერდებოდით. ბავშვს გამარჯვება უნდოდა და ჩვენ გვერდში ვედექით. ყველა თავის საქმეს აკეთებდა. ყველა მწვრთნელი შეხმატკბილებულად ვმუშაობდით და მხოლოდ იმას ვეუბნებოდით, რაც კონკრეტულად იმ მომენტში იყო საჭირო, ზედმეტს არაფერს. კონკრეტიკამ გაამართლა.

– გულწრფელად მითხარით, რა მოლოდინი გქონდათ?

– სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. კარგი, მე ოპტიმისტი ვარ და თუ გნებავთ, გადარეული მეძახეთ, გინდათ – შამანი, მაგრამ, როცა ვამბობდით, რომ ჭიდაობა გადავწყვიტეთ, ცოტა ისე მიყურებდნენ. ზოგი მერე მეუბნებოდა, ვფიქრობდით, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა შენზე იქნებოდა, რადგან საბოლოო ვერდიქტი შენ უნდა გამოგეტანაო. ბოლოს, ფინალში მისთვის გამაყუჩებელიც კი არ გაგვიკეთებია. ყველამ იცოდა ოლიმპიადაზე ამ მდგომარეობის შესახებ. გერმანელს ისიც კი უთხრეს, მხარი სტკივა და იქნებ ტკივილისგან გატეხოო, მაგრამ ლაშა იმდენად მოტივირებული იყო, მისმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი შეძლო. ყველამ იცოდა მისი სუსტი წერტილი და ჩხუბი იყო ამის გამო. მესმოდა როგორ ეუბნებოდნენ მის მოწინააღმდეგეს, როგორ მოგიგო ამ ცალხელამო, ამაზე გიჟდებოდნენ. ეს ცალხელა არ იყო, უბრალოდ, ამ ხელს ზუსტად გამარჯვებისთვის იყენებდა საჭიროებისამებრ და ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, რომ დავბრუნდებით, მკურნალობა თავიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ახლა აღარსად გვეჩქარება.

– ვნახეთ თქვენი ფოტოები, ძალიან ემოციური კადრები, სიხარულის ცრემლები...

– ყველამ ასე, ერთად რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ჩავუქროთ ერთმანეთს ენთუზიაზმი და წარმატების სურვილი, მგონია, რომ ყველაფერში ასეთ შედეგს მივაღწევთ. ეს სიხარული საოცარია, მესმოდა ხმები: კახაბრიშვილი ამას ვერ გააკეთებს, ეს ახალგაზრდები გამოუცდელი ექიმები არიან, გამოუცდელი კი არა, ჩვენ ვართ ექსტრემალები, ფორსმაჟორულ რეჟიმში მომუშავე ადამიანები.

– როგორი ბიჭია ლაშა?

– ბექაური პირველად 73 კილოგრამ კატეგორიაში ვნახე ჩილეში, ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც მან დაამარცხა იაპონელი ფინალში, მასში სასწაული ტაქტიკა შევამჩნიე. მერე რომ გავიგე, ზვიადაურის ნათლული იყო, საერთოდ გავგიჟდი. ზვიადაურიც ეკლიანი გზით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ეტყობა, ამასაც იგივე დაანათლა – წვალებითა და ტკივილით უნდა გახდე ოლიმპიური ჩემპიონიო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა