სპორტი

მერაბ დვალიშვილი: ყოველ 2 წუთში ვაქცევ მოწინააღმდეგეს

№5

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 10.02, 2021 წელი

მერაბ დვალიშვილი
დაკოპირებულია

სოციალურ ქსელში ქართველებს თითქოს ჩვევად ექცათ ემიგრანტებზე ფულის თხოვნა. ოღონდ ეს არ ეხება სამედიცინო დახმარებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს. უცხო ადამიანისგან თანხას ბევრი, უბრალოდ, მანქანის ან ტელეფონის საყიდლად ითხოვს. როგორც ჩანს, მსგავსი თხოვნებით ამერიკაში მცხოვრებ  ქართველ სპორტსმენს მერაბ დვალიშვილსაც ხშირად მიმართავენ. მან ცოტა ხნის წინ საკუთარ „ფეისბუქზე“ ხუმრობით დაწერა: „ნაცნობისგან მესმის... ავადმყოფისგან, რა თქმა უნდა, მესმის დახმარების თხოვნა... მაგრამ ამდენი უცხო ხალხი რატომ მწერთ ფულზე?!... რობინ ჰუდი კი არ ვარ, მერაბი ვარ დვალიშვილი...“ 

მერაბ დვალიშვილი: ნოემბერში რვა წელი გახდა, რაც ამერიკაში ჩამოვედი და მსგავსი შინაარსის შეტყობინებები თავიდანვე მომდიოდა. მეც, შეძლებისდაგვარად, ყველას ვეხმარებოდი – ახლობელს, ძველ მეგობარს, შორეულ ნათესავს და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში ასე ერთმანეთის დახმარებით ცხოვრობს ყველა. 90-იანი წლებიც არ ყოფილა დიდი ხნის წინ და მაშინ მეზობლები ერთმანეთთან ქვაბზე, მარილზე, შაქარზე დავდიოდით. იმათიც მესმის, ვისაც თანხა სჭირდება, ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე მათ ადგილზე, მაგრამ ამ რვა წლის განმავლობაში რამდენჯერაც სესხად მიმიცია ფული, თითქმის არც ერთს მოუცია უკან – 100-დან ერთს თუ დაუბრუნებია, ისიც წლების შემდეგ. როცა ამ ყველაფერს ხედავ, მერე ჭკუას სწავლობ და მეც კარგი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით, თუმცა მაინც ვუშვებ გამონაკლის შემთხვევბს, განსაკუთრებით ახლობლებზე. ეს პოსტი ხუმრობით დავწერე. სრულიად უცხო ადამიანები მწერენ დახმარებას, თან სასაცილო მიზეზის გამო: მანქანის ყიდვა უნდათ, სახლის გარემონტება და ასე შემდეგ. ეს ყველას გვინდა, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ, სულ სხვა ვერ გიყიდის, ვერ მოგცემს. მესმის გაჭირვებაც და ყველაფერი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, გაჭირვება და ეკონომიკური კრიზისი მარტო საქართველოში არაა.
– მერაბ, რამდენიმე ბრძოლაში გამომუშავებული თანხა გაგისაჯაროვდა და ამის შემდეგ მოიმატა მსესხებელთა რაოდენობამ. ერთი შეხედვით, დიდ თანხას იღებ, მაგრამ რეალურად რა გრჩება, მგონი, ეს არ იცის საზოგადოებამ...
– შეიძლება, ზუსტად ვერ ვიტყვი. ისე კი, ნამდვილად ასეა – თანხა, რომელსაც ვიღებ, რამდენიმე ადამიანზე ნაწილდება. უფრო კონკრეტულად: ჩემი შემოსავლიდან 10 პროცენტი უნდა გადავუხადო მენეჯერს, 10 პროცენტი – ტრენერს, ხოლო წლის ბოლოს 30 პროცენტს ვუხდი სახელმწიფოს, ანუ მოგებული თანხიდან 50 პროცენტი მრჩება. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ ბრძოლის წინ ყველაფერი ჩემი გადასახდელია: სამედიცინო გამოკვლევა, ბრძოლისთვის მზადება, ტრავმის მკურნალობა... ამას ემატება სახლის ქირა, მანქანა და ყოველდღიური ხარჯი. დამიჯერეთ, მეც არ მრჩება ბევრი, თან, თანხა ისე უნდა გავანაწილო, რომ მეორე ბრძოლამდე მეყოს, რომელიც წინასწარ არ ვიცი, როდის დაინიშნება. სპორტიდან შემოსული თანხა რომ არ მყოფნიდა, იმიტომ ვმუშაობდი დამატებით. ერთადერთი, 2018 წელს ექვსი თვით დავანებე თავი მუშაობას, რადგან პრემია მივიღე და ვიფიქრე, დრობით დავისვენებდი, მაგრამ ექვს თვეზე მეტი ვერ „გავქაჩე“. მაშინ ყველაზე დიდი თანხა მოვიგე: 10 000 – ბრძოლაში და 50 000 – ბონუსად. მეგონა ბევრი ფული მქონდა, მაგრამ მომდევნო ბრძოლის მოსამზადებელ პერიოდზეც კი არ მეყო და ცხოვრებაში პირევლად ავიღე კრედიტი. უფრო მეტიც, ბრძოლის შემდეგ აღებული ფულით სახელმწიფო გადასახადების ძველი დავალიანება დავფარე. მოკლედ, ასეთ სიტუაციაში ვიყავი და ისევ მომიწია მუშაობის დაწყება. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეც არ მაქვს ის სიტუაცია, სახლში ვიჯდე და ფული ისე შემომდიოდეს. უკეთესი ცხოვრებისთვის ყველამ უნდა ვიშრომოთ. მთხოვენ ხოლმე 100-200 დოლარით დახმარებას, კარგი ერთხელ დავეხმარები, მაგრამ ეს მათ პრობლემებს ხომ ვერ მოაგვარებს. ამიტომ ყველამ უნდა შეცვალოს თავის ცხოვრებაში რაღაც და თუ საქართევლოში არ გამოდის, როგორც მე ვარ ემიგრანტი, ისე წავიდეს. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს.
– ანუ, როგორც აღნიშნე, საკუთარი სახლიც არ გაქვს და ქირით ცხოვრობ?
– კი, ჯერ არ მაქვს, მაგრამ ბანკის დახმარებით ვაპირებ ყიდვას. ამერიკაში სახლი, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ღირს და ეს თანხა მარტივი საშოვნელი ნამდვილად არაა. სახლიც რომ მქონდეს, წელიწადში, სულ მცირე, 14-15 000 დოლარი მექნება გადასახდელი სახელმწიფოსთვის, სახანძრო, პოლიცია და ასე შემდეგ. აქ დიდი გადასახადებია და ამითაა ძლიერი ამერიკა, ხალხი 2-3 სამსახურში მუშაობს, ხელფასებიც შესაბამისად მაღალია. იპოთეკით ვფიქრობ სახლის ყიდვას, 15 პროცენტი მექნება წინასწარ შესატანი. ბინის ქირის ნაცვლად სესხს გადავიხდი, თან ორსართულიანი სახლი მინდა, მეორე სართულს გავაქირავებ და ესეც დამეხმარება ვალის დაფარვაში. ჯამში, ყველაფრის ჩათვლით, თვეში 3 000 დოლარი მექნება გადასახდელი, რაც არც ამერიკისთვისაა ცოტა. ოღონდ იპოთეკა 30 წელზე იქნება გადანაწილებული (იცინის).
– IFC-ში რამდენიმე რეკორდი დაამყარე. უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრა, რას ეხება შენი რეკორდები?
– კი, სამი რეკორდი მაქვს: პირველი – ჩემს წონაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი, ანუ მოწინააღმდეგის წაქცევა, ჯამში 54, ჩემამდე 26 იყო. მეორე – ერთ ბრძოლაში ყველაზე მეტი წაქცევების რაოდენობა მიფიქსირდება – 13, იყო 9. მესამე – ჩხუბის დროს, 15 წუთის განმავლობაში, ყველაზე მეტი წაქცევა მაქვს, გამოდის, რომ ყოველ 2 წუთში ვაქცევ მოწინააღმდეგეს.
„ჯენნა ბენ შოუსთან“ რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერე, როგორც ჩანს, უცხოური მედია შენით აქტიურად ინტერესდება.
– დიახ, ჟურნალისტებთან ხშირად ვთანამშრომლობთ. ჯენნა მუშაობს რადიოში და საკმაოდ რეიტინგული გადაცემა აქვს. ძირთადად, ცნობილ სპორტსმენებთან აკეთებს ხოლმე ინტერვიუებს. ამის გარდა არა ერთ ცნობილ ჟურნალთან, გაზეთთან თუ ტელევიზიასთან მქონია ინტერვიუ, მათ შორის, „ნიუ-იორკ თაიმსთანაც“ კი. „ინსტაგრამზე“ ყოველდღე მწერენ ბლოგერები ინტერვიუს თაობაზე, მაგრამ ზოგს იმდენად მცირე მაყურებელი ჰყავს, უარს ვეუბნები, ტყუილუბრალოდ მიწევს საუბარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი